in

Starbucks საქართველოშია: პირველი ინტერვიუ ბრენდის საერთაშორისო ხელმძღვანელებთან

მართალია, 2026 წლამდე Starbucks საქართველოში არ ოპერირებდა, მაგრამ ბრენდი ყველასთვის ნაცნობი იყო. ჭიქა მწვანე ლოგოთი – ამერიკულ ფილმებსა და სერიალებში, უბრალოდ, ყავა არ იყო: ის დილის რუტინას, ოფისისკენ მიმავალ გზას, მეგობართან შეხვედრას და თანამედროვე ურბანულ ცხოვრებას ნიშნავდა. ამიტომ, ალბათ, ბევრი ქართველისთვის Starbucks ჯერ კულტურული სიმბოლო გახდა და შემდეგ უკვე – ბრენდი.

დღეს ეს სიმბოლო უკვე თბილისის რეალობის ნაწილიც არის. 13 ივლისს Starbucks-მა საქართველოში პირველი ფილიალი გახსნა და ქვეყანა იმ გლობალური ქსელის ნაწილად აქცია, რომელიც ათწლეულებია, ყავის ინდუსტრიაზე, საცალო ვაჭრობასა და მომხმარებლის გამოცდილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. თუმცა ეს სტატია მხოლოდ საერთაშორისო ბრენდის კიდევ ერთ გახსნაზე არ არის, ეს არის ამბავი იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ყავის ბრენდმა, რომ სწორედ ახლა იყო საქართველოში შემოსვლის დრო.

როგორც Starbucks Eurasia-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, Figen Ilgaz აღნიშნავს, კომპანია ქართულ ბაზარს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, თუმცა ახალ ქვეყანაში შესვლისას მთავარი პრინციპი სისწრაფე არასოდეს ყოფილა:

„ახალ ქვეყანაში შესვლისას ჩვენი მიზანია, ყველაფერი სწორად გავაკეთოთ: გვყავდეს სწორი ადგილობრივი პარტნიორები, შევარჩიოთ შესაბამისი ლოკაციები და ბაზრის მიმართ გრძელვადიანი ვალდებულება ავიღოთ. საქართველომ ბოლო წლებში აჩვენა ძლიერი ეკონომიკური განვითარება, გაიზარდა საერთაშორისო ინვესტიციები და ჩამოყალიბდა დინამიკური სამომხმარებლო გარემო. ამას ემატება ქვეყნის მდიდარი ყავის კულტურა, რამაც მიგვახვედრა, რომ სწორედ ახლა იყო საუკეთესო დრო Starbucks-ის გამოცდილების ქართველი მომხმარებლებისთვის გასაზიარებლად”.

Starbucks-ის საქართველოში შემოსვლა Alshaya Group-ისთვის მხოლოდ ახალი ფილიალის გახსნა არ არის. როგორც კომპანიის პრეზიდენტი Saleh Alshaya ამბობს, ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია იმ ბაზარზე, რომელსაც განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს:

„Starbucks-ის საქართველოში შემოყვანა ჩვენი ნდობის გამოხატულებაა ქვეყნის მომავლის მიმართ და ასახავს ჩვენს სურვილს, ინვესტიცია ჩავდოთ ისეთ ბაზრებში, სადაც გრძელვადიან პერსპექტივას ვხედავთ”.

რატომ საქართველო?

მსოფლიოში, სადაც მომხმარებლების საერთაშორისო ბრენდებთან ურთიერთობა ფიზიკურ გახსნამდე ბევრად ადრე იწყება, ახალი ბაზრის არჩევა მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლების საკითხი აღარ არის. როგორც Figen Ilgaz გვიყვება, საქართველოს შემთხვევაში რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი: განვითარებულმა ყავის კულტურამ, ახალგაზრდა და მსოფლიოსთან მჭიდროდ დაკავშირებულმა მომხმარებლებმა და იმ ინტერესმა, რომელსაც Starbucks-ის მიმართ ბრენდის ოფიციალურ შემოსვლამდეც ხედავდნენ:

„აქ ადამიანები აფასებენ ხარისხს, სტუმართმოყვარეობასა და სოციალურ გამოცდილებას, რაც სრულად შეესაბამება Starbucks-ის ღირებულებებს. ჯერ კიდევ გახსნამდე ვხედავდით ბრენდის მიმართ დიდ ინტერესს, რამაც დაგვარწმუნა, რომ Starbucks საქართველოს ყავის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება გახდეს”.

გლობალური ბრენდი ქართული ელემენტებით

Starbucks მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთი პრინციპით მუშაობს: შეინარჩუნოს გლობალური სტანდარტი და, ამავდროულად, გახდეს იმ საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ემსახურება. საქართველოს პირველ ფილიალში ეს მიდგომა უკვე მენიუში აისახა – ბრენდმა შეთავაზებაში ქართული გემოებიც შეიტანა.

„მომხმარებლები ჩვენგან ელიან იმავე ხარისხის ყავას, მყუდრო გარემოსა და მომსახურებას, რასაც Starbucks-ის ნებისმიერ ფილიალში იღებენ. ამავდროულად, გვინდა, თითოეული ფილიალი ადგილობრივ საზოგადოებასთან იყოს დაკავშირებული. სწორედ ამიტომ შევიტანეთ მენიუში ისეთი ქართული კერძები, როგორიცაა ხაჭაპური და ლობიანი, და მომხმარებლებისგან უკვე ძალიან დადებითი შეფასებები მივიღეთ”, – ამბობს Figen Ilgaz.

ეს მიდგომა, Saleh Alshaya-ს თქმით, იმ გაკვეთილსაც ეყრდნობა, რომელიც კომპანიამ სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობისას მიიღო – საერთაშორისო სტატუსი წარმატების გარანტიას არ იძლევა, თუ ბრენდი ადგილობრივ კულტურასთან რეალურ კავშირს ვერ შექმნის:

„ადამიანები ენდობიან იმ ბრენდებს, რომლებიც ადგილობრივ კულტურას პატივს სცემენ, მათთვის რელევანტურები არიან და საკუთარ ღირებულებებს თანმიმდევრულად იცავენ”.

ყავის კულტურის ნაწილი და არა – მისი შემცვლელი

საქართველოში ყავის კულტურა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა: გაჩნდა დამოუკიდებელი კაფეები, სპეციალიზებული coffee shop-ები და ახალი მომხმარებლური ჩვევები. Starbucks საკუთარ როლს ამ ეკოსისტემაში კონკურენტის ან შემცვლელის პოზიციიდან არ უყურებს:

„საქართველოში უკვე არსებობს ძლიერი და მუდმივად განვითარებადი ყავის კულტურა. ჩვენ გვინდა, ამ განვითარების ნაწილი ვიყოთ და არა ის, ვინც არსებულ გარემოს შეცვლის. გვინდა, ბაზარს ახალი შესაძლებლობები შევთავაზოთ — იქნება ეს ახალი სასმელები თუ ისეთი სივრცეები, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, მუშაობენ და დროს ატარებენ”, – Figen Ilgaz.

ეს იდეა Starbucks-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კონცეფციასაც უკავშირდება – Third Place-ს, სივრცეს სახლსა და სამსახურს შორის, სადაც ადამიანები, უბრალოდ, დროის გასატარებლადაც მიდიან. კომპანიისთვის წარმატება სწორედ იმით გაიზომება, შეძლებს თუ არა ეს სივრცე ქართული ყოველდღიურობის ნაწილად ქცევას.

„გვინდა, Starbucks საქართველოში ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდეს – ადგილი, სადაც მეგობრები ხვდებიან ერთმანეთს, მუშაობენ, სწავლობენ და მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიან”, – ამბობს Figen Ilgaz.

პირველი ფილიალი, როგორც დასაწყისი

დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც მომხმარებლები ბრენდებს ხშირად მათ ოფიციალურ შემოსვლამდე იცნობენ, მოლოდინებიც გაცილებით მაღალია. როგორც Saleh Alshaya აღნიშნავს, ქართველი მომხმარებლები Starbucks-ს უკვე კარგად იცნობდნენ მოგზაურობებისა და ციფრული არხების საშუალებით, ამიტომ კომპანიის ამოცანა მხოლოდ სახელის შემოტანა კი არა, ამ მოლოდინის გამართლებაა:

„ეს ჩვენთვის ერთდროულად შესაძლებლობაცაა და პასუხისმგებლობაც. ჩვენი ამოცანაა, პირველივე დღიდან ისეთი გამოცდილება შევთავაზოთ მომხმარებლებს, რომელიც ამ მოლოდინებს ხარისხით, მომსახურებითა და მომხმარებელთან ურთიერთობით სრულად გაამართლებს”.

კომპანიაში ამბობენ, რომ პირველი ფილიალი მხოლოდ დასაწყისია. მომდევნო წლებში Starbucks გეგმავს ქსელის გაფართოებას, ადგილობრივ ტალანტებში ინვესტირებას და ქვეყნის საცალო ვაჭრობისა თუ სტუმარმასპინძლობის სექტორების განვითარებაში მონაწილეობის მიღებას.

„მოუთმენლად ველით, როდის გავხდებით საქართველოს მრავალფეროვანი ყავის კულტურის ნაწილი და შევქმნით ისეთ გამოცდილებას, რომლითაც ადამიანები მრავალი წლის განმავლობაში ისიამოვნებენ”, – გვეუბნება Saleh Alshaya.

შესაძლოა, სწორედ ეს არის Starbucks-ის საქართველოში შემოსვლის მთავარი სიმბოლოც – ბრენდი, რომელიც ქართველებმა პირველად ჰოლივუდის ეკრანებიდან გაიცნეს, ახლა უკვე რეალურ ქალაქში, შეხვედრებსა და ყოველდღიურ რიტუალებში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს.

[R]

ლეგენდარული კინოპავილიონის ახალი სიცოცხლე: NEXT-ი თბილისის ისტორიულ მემკვიდრეობას აცოცხლებს

Ikea ახალგაზრდა მომთაბარეებისთვის სპეციალურ კოლექციას წარადგენს