11
Jul
2019

Starbucks-ის კაფეებში, უკეთეს ეკოსისტემას, თანამშრომლების იდეებით შექმნიან

11 Jul 2019

Starbucks, ბოლო დროს, გარემოს დასაცავად მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავს. ბრენდი, როგორც მისი წარმომადგენლები ამბობენ, დიდ ყურადღებას აქცევს ეკოლოგიას და ახლა სურთ, თავისსავე ქსელში, რაც შეიძლება მეტი „სიმწვანე“ შექმნან. ამისთვის არც მენეჯმენტის და არც ძვირადღირებული კონსულტანტების იდეები არ გამოუყენებიათ – მათ თავისივე კაფეებისა და მაღაზიათა ქსელის თანამშრომლები შეკრიბეს და „რეალითი – შოუს“ მსგავსი შეჯიბრი მოაწყვეს.

 

კონკურსი სიეტლში, Tryer Center-ში ჩატარდა, რომელიც კომპანიამ ცოტა ხნის წინ გახსნა. თავიდან, შეჯიბრში, 135 გუნდი მონაწილეობდა, მეორე ეტაპზე კი, მათგან, 5 საუკეთესო შეარჩიეს, ვინც ხელმძღვანელობას საკუთარი იდეები, პრეზენტაციების სახით, წარუდგინა.

Starbucks-ის ქსელში მეტი სიმწვანისთვის, თანამშრომლების აზრით, აუცილებელია:

  • მაღაზიების სახურავზე მზის პანელების დამატება
  • აპლიკაცია, რომელიც გეოგრაფიული ლოკაციის მიხედვით აჩვენებს მომხმარებელს, რისი გადამუშავება და რისი კომპოსტირება შეიძლება იმ ბაზარზე [ტერიტორიაზე] სადაც ისინი კონკრეტულ მომენტში იქნებიან
  • მაღაზიებში ნარჩენების დაპრესვა
  • შეწყვიტონ ქაღალდისა და მისგან დამზადებული ნივთების გამოყენება Starbucks-ის ქსელში 
  • მრავალჯერადი გამოყენების ჭიქების სპეციალური პროგრამის დანერგვა

ამ შეჯიბრს ერთი კონკრეტული გამარჯვებული არ ჰყოლია. ჟიურის შეფასებით, დაფინანსებას ხუთივე იდეა იმსახურებს. მეტიც, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თითოეულ მათგანს „დატესტავენ“, შეაფასებენ, რომელი იმუშავებს და რომელი – არა. შემდეგ კი საუკეთესოს პრაქტიკაში დანერგავენ. 

ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად თანამშრომელთა მოსაზრებების გაზიარება Starbucks-ის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა სუზან ტედროუმ გადაწყვიტა. კომპანიის მენეჯმენტის თქმით, ასეთ მნიშვნელოვან თემაზე მათი კაფეებისა და მაღაზიების თანამშრომლებისგან იდეების თუ წინადადებების მიღება ყველაზე სწორია, რადგან მათ ყველაზე უკეთ იციან, რა იქნება ეფექტური და რა -არა.

Starbucks-ის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ მსგავსი მნიშვნელობის საკითხებს, მომავალშიც, თანამშრომელთა უშუალო ჩართულობით გადაწყვეტენ.

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

განხილვა