Starbucks ყველასთვის ყავასთან ასოცირდება, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სხვა სასმელებსა და საჭმელებსაც აწარმოებს. თავის მხრივ, ადამიანებს ყავაც სხვადასხვანაირი გვიყვარს — უბრალოდ შავი, კაპუჩინო, ლატე, ირლანდიური, ცივი და ა. შ. ამის გათვალისწინებით, სტარბაქსის მენიუც მრავალფეროვანია და ამაში არაფერია უცნაური. ზოგადად, მისი აღმასრულებელი დირექტორი, ჰოვარდ შულცი ფიქრობს, რომ წარმატებული მომავლის ფორმულა „მორგებულობაზეა“ დაფუძნებული.
ალბათ, ამ მოსაზრებას თუ დავეყრდნობით, სტარბაქსის უახლესი გადაწყვეტილება ნაკლებ გასაკვირად მოგვეჩვენება — ბრენდის აზრით, ადამიანებს სურთ, ყავა ზეითუნის ზეთის დამატებით გაამრავალფეროვნონ. „დარწმუნებული ვარ, ეს ყავის ინდუსტრიას გარდაქმნის“, — ამბობს შულცი.
ჰოვარდს იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ზეითუნის ზეთის მწარმოებელ ტომაზო აზაროს ესაუბრა და ამ პროდუქტის ყოველდღიურად მიღების სარგებელს გაეცნო. შულცმა დაიწყო ფიქრი, შეძლებდა თუ არა თავისი ახალი რაციონის ყავის სმის რიტუალთან შერწყმას. საბოლოოდ, ზემოხსენებული გადაწყვეტილებაც მიიღო და სჯერა, რომ ინოვაციური მიდგომით ყავის ინდუსტრიას სულად გარდაქმნის, რადგან ეს მხოლოდ კონკრეტული არომატის შექმნას არ ეხება.
როგორც ბრენდი იუწყება, თავდაპირველად ზეითუნის ზეთზე დაფუძნებული ყავის სამი პროდუქტი იქნება ხელმისაწვდომი: Oleato latte, Oleato golden და Oleato iced shaken espresso. გარდა ამისა, შულცი ფიქრობს, რომ მომხმარებლები ზეითუნის ზეთს ისევე დაამატებენ ყავაში, როგორც რძეს ან კარამელს.
შესაძლოა, ეს უდიდეს კრახად იქცეს სტარბაქსისთვის, მაგრამ მის აღმსრულებელ დირექტორს ცდად ნამდვილად უღირს. ასე რომ, ვნახავთ, რამდენად გაამართლებს გიჟური იდეა — „ყოველთვის არსებობს მყიფე ბალანსი, რომელიც კომპანიის ძირითადი ფასეულობების შენარჩუნებასა და სიახლეებს შორის მდებარეობს“.