არასამთავრობო ორგანიზაცია National Consumers League-მ Starbucks-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ყალბი რეკლამისთვის, რომელშიც ამბობენ, რომ 100%-ით იცავენ შრომის ეთიკურ სტანდარტებს. ბრალმდებლები ახლა საპირისპიროს ამტკიცებენ, რომ კომპანია ეთიკურ სტანდარტებს არღვევს და მათ აქვთ ადამიანთა უფლებების რღვევის დოკუმენტური შემთხვევები, რაც მოიცავს მონობის მსგავს პირობებს, ბავშვთა შრომას, ადამიანებით ვაჭრობასა და სექსუალურ შევიწროებას.
სარჩელი D.C. Superior Court-ში გუშინ შეიტანეს, რომელიც ამბობს, რომ „Starbucks-ს აქვს უსამართლო და სიცრუეში შემყვანი სავაჭრო პრაქტიკა. ეს მომხმარებლებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს, რომ იგი ორიენტურებულია ყავისა და ჩაის 100%-ით ეთიკურ მოპოვებაზე, როცა რეალურად ასე არ არის“. იმასაც მიუთითებენ, რომ Starbucks ბოროტად სარგებლობს მომხმარებელთა მოთხოვნით ეთიკურად მოყვანილ პროდუქტზე, რაც ხშირად უფრო მაღალ ფასს გულისხმობს.
„ჩვენ ვიცით სარჩელის შესახებ და ვაპირებთ აგრესიულად დავიცვათ თავი ბრალდებისგან, რომ თითქოს Starbucks არასწორად წარუდგენს თავის ეთიკურ ვალდებულებებს მომხმარებლებს. ძალიან სერიოზულად ვეკიდებით მსგავს ბრალდებებს და აქტიურად ვთანამშრომლობთ ფერმებთან, რათა ვუზრუნველყოთ მათი სტანდარტებთან შესაბამისობა“, — აცხადებენ Starbucks-ში.
აქ Coffee and Farmer Equity Practices-ზე (CAFE) საუბრობენ, Starbucks-ის მომწოდებლების ეთიკურ პროგრამაზე, რომელიც 2004 წელს ჩაუშვეს. ვერიფიკაციის პროგრამა ფერმებს ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი კრიტერიუმებით აფასებს. ეს ყველაფერი კი გამჭვირვალე, მდგრადი ყავის მოპოვების პრაქტიკების უზრუნველსაყოფადაა შექმნილი, რაც ფერმერებისა და სხვა თანამშრომლების კეთილღეობის დაცვასაც გულისხმობს. კომპანიის თანახმად, პროცესი მესამე მხარის შემოწმებებსა და დეტალურ ვერიფიკაციის მოხსენებებსაც მოიცავს…
მიუხედავად ამისა, National Consumers League ამბობს, რომ პროგრამას ისეთი გამჭვირვალობა აკლია, რაც მაგალითად არასამთავროებს სტარბაქსის ეთიკური პრაქტიკების დადასტურების საშუალებას მისცემდა. თანაც სარჩელი ბრაზილიაში, კენიასა და გვატემალაში მომხდარ შემთხვევებს მოიცავს. მაგალითისთვის ბრაზილიელი მომმარაგებლების შემთხვევაში სულაც არ მიმდინარეობს ვერიფიკაციის პროცესი, არავინ მიდის ადგილზე და ატარებს ინტერვიუებს თანამშრომლებთან, მათ რეგიონალურ ერთეულთან თუ ბრაზილიის შრომის დეპარტამენტთან. ამგვარად, „CAFE Practices-ის ინსპექტორებს არ აქვთ წვდომა ინფორმაციის წყაროებზე, რათა სამუშაო პრაქტიკებზე რელევანტური ინფორმაციები მოგვაწოდონ“.
აქვე ახსენებენ 2022 წლის CAFE Practices-ის სერტიფიცირებულ კოოპერატივზე დაწერილ ბრალდებას, რომელიც 2000-ზე მეტ ფერმას მოიცავს და Starbucks-ის ბრაზილიური ყავის მარაგის 40%-ს შეადგენს — „საჩივარში საუბარია მჩაგვრელ და საფრთხისშემცველ შრომით პირობებზე, რომლებიც მონობის მსგავსია, ეს მოიცავს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, პატიმრობასაც კი“.
National Consumers League-ის ბრალდებებში ნახსენებია Reporter Brasil-ის საგამოძიებო სტატიაც, რომელიც კვლავ მონობისა და ბავშვთა შრომის საკითხებს ეხმიანება — დეტალურადაა აღწერილი Mesas Farm-ში 15, 16 და 17 წლის ბავშვების ყოფა, რომლებიც 2022 წლის აგვისტოში „თანამედროვე მონობას“ გადაურჩნენ. ნათქვამია, რომ თანამშრომლებს მოსავლის ასაღებად ხელთათმანების ყიდვა თავადვე უწევდათ. სველი წერტილებიც კი არ ჰქონდათ და ამ მიზნით ბუჩქებს ან ყავის ხეებს იყენებდნენ…
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Starbucks მსოფლიოში ყავის 3%-ს ყიდის, რომლებსაც 30 კომპანიის 400 000 ფერმისგან იღებს… სწორედ ამიტომ, National Consumers League მოითხოვს კომპანიამ გამოასწოროს თავისი რეკლამა და დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.