Voyager Space-ისა და Airbus Defense and Space-ის ძალები გაერთიანდა, რათა კომერციული კოსმოსური სადგურის განვითარებაზე ერთად იზრუნონ. მათი მიზანია, Starlab-ის სახით საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ალტერნატივა შექმნან, ვინაიდან მისი გაუქმება 2030 წლისთვისაა დაგეგმილი.
აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, ისინი გლობალური კოსმოსური სააგენტოების მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და კომერციული მომხმარებლებისთვის შესაძლებლობების შექმნას შეეცდებიან. Voyager Space-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგური (ISS) კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი პროექტი იყო და ახლა სწორედ მის გზას მიჰყვებიან. „ასე კოსმოსური სააგენტოებისა და კომერციული კომპანიების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას შევძლებთ“.
ამასთან, Starlab-ის მთავარი იდეა ადამიანის კოსმოსური თავგადასავლების შენარჩუნებას ემსახურება. თანაც ეს მხოლოდ სამომავლო გეგმას კი არ წარმოადგენს, კომპანიებმა მიმდინარე წლის ივნისში უკვე დაასრულეს დიზაინის მთავარი ეტაპი. აქვე აღსანიშნავია, რომ NASA-ს სურს, ISS-ის საბოლოო გაუქმებამდე ორბიტაზე ერთი კომერციული სადგური იყოს განთავსებული. ამრიგად, სტარლაბის დამტკიცების შემთხვევაში, ნასაც მიიღებს სარგებელს კოსმოსური კვლევებისა და მარსზე ადამიანის გაშვების განხორციელებაში.