in ,

Starlink-ის თანამგზავრები საქართველოს ცაზე ამაღამაც გამოჩნდება

მათ, ვინც Starlink-ის თანამგზავრების დანახვა გუშინ ვერ მოასწარით, ამის გამოსწორება დღეს შეგიძლიათ. დღეს, 27 აპრილს, თბილისის დროით 21:09-დან, საქართველოს ცაზე თანამგზავრული ინტერნეტის „მაცნეებისთვის“ თვალის მიდევნებას შევძლებთ. მარხილი, როგორც ეს მას სოციალური ქსელში უწოდეს, საქართველოს ცაზე ჩრდილო-დასავლეთიდან შემოვა და სამხრეთისკენ იმოძრავებს. მის დანახვას 4 წუთის განმავლობაში შევძლებთ. გარდა ამისა, რამდენიმე წუთში, უფრო კონკრეტულად კი 21:19-დან, საქართველოს ცაზე 2 წუთის განმავლობაში ისევ შევძლებთ Starlink-ის თანამგზავრების სხვა ჯგუფის ნახვას. ამჯერად, ისინი ჩრდილოეთიდან შემოვლენ და ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გაუყვებიან ცას.

აღსანიშნავია, რომ Starlink-ის თანამგზავრები საქართველოს თავზე სხვა დროსაც მოძრაობენ, უბრალოდ, რა თქმა უნდა, დღისით მათი შემჩნევა გაცილებით რთულია. ისევე, როგორც გვიან ღამით, ან დილაადრიან როცა ყველას გვძინავს. Starlink-ის თანამგზავრების მოძრაობის თვალთვალისა თუ აღბეჭდვის მსურველებს, შეგიძლიათ მოძრაობის განრიგს შემდეგ ვებგვერდზე გაეცნოთ.

ამ ეტაპზე, SpaceX-ს დედამიწის ორბიტაზე 360 თანამგზავრი აქვს გაშვებული, დეკადის დასასრულისთვის კი მათი რიცხვი 12 000-მდე უნდა გაიზარდოს. თუმცა, გლობალური თანამგზავრული ინტერნეტის შექმნის იდეა ორბიტაზე კიდევ ათიათასობით თანამგზავრის გაშვებას გულისხმობს. ამის შემდეგ, ის სანახაობა, რაც დღეს ჩვენთვის იშვიათობას წარმოადგენს, ჩვენს ყოველდღიურობად იქცევა, ისევე, როგორც სწრაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი თანამგზავრული ინტერნეტი.

ფოტოკრედიტი: ბექა მამუკაშვილი

შეგახსენებთ, რომ Starlink SpaceX-ის დამფუძნებლის – ილონ მასკის პროექტია და მიზნად ისახავს დედამიწის ნებისმიერი წერტილის სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფას. მეორე მხრივ, უნდა აღინიშნოს ასტრონომთა უკმაყოფილებაც, რომელსაც პროექტის განხორციელების გვერდითი ეფექტი – თანამგზავრების მიერ არეკლილი სინათლე იწვევს. ეს სწორედ ის კომპონენტია, რომლის დახმარებითაც Starlink-ის თანამგზავრებს შეუიარაღებელი თვალითაც ვხედავთ, თუმცა, ასტრონომებისთვის ეს მნიშვნელოვნად ხელისშემშლელი ფაქტორია – ისინი ასე ღამის ცის, შესაბამისად კი კოსმოსის დაკვირვებაში შეფერხდებიან. ამიტომაც, SpaceX-სა და ასტრონომთა ჯგუფს შორის გარკვეული მოლაპარაკებები მინდინარეობს, რის შედეგადაც, შესაძლებელია, თანამგზავრების მაღალ ორბიტაზე გაშვების, შეფუთვის ან სხვა ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღონ.

რაც შეეხება იმას, თუ როდის შეძლებს დედამიწის მოსახლეობა თანამგზავრული ინტერნეტის გამოყენებას, ილონ მასკი ამბობს, რომ ეს, დაახლოებით, 6 თვეში მოხდება. პირველ ეტაპზე კი Starlink-ის ინტერნეტის გამოცდას ჩრდილოეთ განედში შევძლებთ.

ჩილელმა არქიტექტორმა, უდაბნოს მარილი, კედლის ფილებად აქცია

20 კრიტიკული დაავადებისა და COVID-19-ის დაფარვა – „ალდაგის“ ახალი პროდუქტი ბიზნესისთვის