in

ჩინელ სამხედრო მეცნიერებს Starlink-ის სატელიტების განადგურება სურთ

ჩინელ სამხედრო მეცნიერებს სურთ, ილონ მასკის Starlink-ის ხელოვნური თანამგზავრები სამუშაოდ უუნარო გახადონ ან სრულად გაანადგურონ. ამის მიზეზად კი მათი გადმოსახედიდან პოტენციურად არსებული საფრთხე სახელდება — კერძოდ, საშიშროება იმისა, რომ აშშ ამ სატელიტებს სამხედრო მიზნით გამოიყენებს.

სწორედ აქედან გამომდინარე, South China Morning Post-ის თანახმად, სპეციალისტები ანტისატელიტური საშუალებების შექმნას განიხილავენ. თავის მხრივ, ეს მოიცავს როგორც აპარატებზე ფიზიკური განადგურებისთვის საჭირო მოწყობილობებს, ისე მათ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ოპერაციულ სისტემაზე შეტევას. გარდა ამისა, მკვლევრები სათვალთვალო სისტემის შემუშავებაზეც ფიქრობენ, რომელიც თითოეულ თანამგზავრს გააკონტროლებს.

„მიუხედავად იმისა, რომ Starlink სამოქალაქო დანიშნულების პროგრამად მიიჩნევა, რომელიც მოსახლეობას მაღალი სიჩქარის ინტერნეტსერვისით უზრუნველყოფს, მას ძლიერი სამხედრო საფუძველიც აქვს“, — წერენ ჩინელი ექსპერტები. ამ მოსაზრების გაღვივებას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ თანამგზავრთა გასაშვები პუნქტები სამხედრო ბაზებთან ახლოს არის განლაგებული და ასევე,  აშშ-ის საჰაერო ძალების მიერ SpaceX-ში ჩადებულ ინვესტიციები საკმაოდ დიდია.

„შესაძლოა, სრულად გაშვების შემდეგ Starlink-ის სატელიტები სადაზვერვო, სანავიგაციო და მეტეოროლოგიურ მოწყობილობებს მიემაგროს, რათა აშშ-ის საბრძოლო შესაძლებლობები გაზარდოს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სადაზვერვო დისტანციური ზონდირება, საკომუნიკაციო რელე, ნავიგაცია და პოზიციონირება“, — ვკითხულობთ ჩინელი სპეციალისტების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

საგულისხმოა, რომ მკვლევრები სატელიტების ფიზიკურ განადგურებას არ ემხრობიან და სანაცვლოდ, პროგრამულ დაზიანებას ანიჭებენ უპირატესობას. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან პირველი ვარიანტი კოსმოსურ ნარჩენებს წარმოქმნის, რაც ბევრი პრობლემის საფუძვლად იქცევა.

„თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში” – მანამო

მე ვარ გიორგი შეშაბერიძე, 14 წლის, კომპანია „დორას“ დამფუძნებელი