უკრაინაში ომი გრძელდება… გაჩნდა კიბერშეტევებისა და ინფორმაციის გავრცელების, მოსახლეობასთან დაკავშირების საფრთხე. სწორედ ამიტომ, უკრაინის ვიცე-პრემიერმა, მიხაილო ფედოროვმა, SpaceX-ს დახმარება სთხოვა. ილონ მასკმა კი უპასუხა, რომ მათთვის სატელიტური ინტერნეტ სერვისი გააქტიურა და ტერმინალები მალე უკრაინაში ჩავიდოდა. როგორც ჩანს, დაპირება შესრულდა — ტერმინალებით სავსე სატვირთო მანქანა უკვე უკრაინაშია.

Starlink სისტემაში შესასვლელად, მომხმარებლებს სწორედ ეს ტერმინალი უნდა ჰქონდეთ. მათ შეუძლიათ, Starlink-ის ნებისმიერი აქტიური თანამგზავრიდან გაგზავნონ და მიიღონ სიგნალები. ინტერნეტთან წვდომის უზრუნველსაყოფად კი, თანამგზავრებს დედამიწაზე არსებულ სადგურებთან დაკავშირება უნდა შეეძლოს. ამ დროისთვის SpaceX-ს ორბიტაზე თითქმის 2000 აქტიური თანამგზავრი და 145 000 აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
ჯერჯერობით არ ვიცით, როგორ გამოიყენებენ მას უკრაინაში ან რამდენ ტერმინალს ფლობს ქვეყანა, თუმცა Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა სურათი გამოაქვეყნა, რომლითაც ამტკიცებს, რომ ის Starlink-ის ტერმინალს წარმატებით იყენებს. ზოგიც ამბობს, რომ ტექნიკური პრობლემები ან კიბერშეტევები Starlink-ზეც მოხდება… ამიტომ საკამათოა, რამდენად პრაქტიკული იქნება ილონ მასკის სატელიტები ქვეყნისთვის, მაგრამ ეს კვლავ ამტკიცებს, რომ ადამიანები უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანდებიან.












