ის მომენტი იყო, როდესაც ხმა დაირხა, საქართველოში Imagine Dragons ჩამოდისო, შემდეგ – The Killers გვესტუმრებაო, ბრუნო მარსიო და სრულიად მოულოდნელად, მთელი ქვეყანა მუსიკალური თანავარსკვლავედის ეპიცენტრში მოვექეცით. როგორც იცით, მთელი წლის მანძილზე, საქართველოში, ახალი კამპანიის ფარგლებში, მსოფლიო დონის მომღერლები ჩამოვლენ. კამპანია პრემიერ-მინისტრის მიერ არის ინიცირებული და Black Sea Arena-ს გუნდთან ერთად ხორციელდება, რომელმაც გადაწყვიტა ეს ყველაფერი ახალი ბრენდინგის ქვეშ გაეერთიანებინა და საკონცერტო განწყობა ერთი ვიზუალური იდენტობის ქვეშ მოექცია. ასე ჩამოყალიბდა Starring Georgia, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ვარსკვლავების შესახებ ამცნობს მაყურებელს. სახელდებაზე, კონცეფციასა და ვიზულურ იდენტობაზე შემოქმედებითმა გუნდმა კრეატივ დირექტორის, გიორგი ქვლივიძის ხელმძღვანელობით იმუშავა, რომელმაც დეტალები გაგვიზიარა.
M: როგორი იყო Starring Georgia-ს ბრიფი და როგორ მიხვედით მის გადაწყვეტამდე?
Black Sea Arena-ს ბრიფი, მიზანად ისახავდა 2023 წლის მასშტაბური კონცერტების სერიისთვის სახელის, კონცეფციის და ვიზუალური იდენტობის შემუშავებას. მიუხედავად იმისა, რომ დამკვეთი, ზემოთ აღნიშნული საკონცერტო არენაა, თავიდანვე შევთანხმდით, რომ კომუნიკაცია ახალი კამპანიური ბრენდით უნდა მომხდარიყო და BSA მის მთავარ ვენიუდ მოგვეაზრებინა. ფიქრისას, ერთი მხრივ, ვკონცენტრირდით ამ კამპანიის ვარსკვლავურ შემადგენლობაზე, ამასთან ერთად, საჭირო იყო იმის ხაზგასმა, რომ ეს „ვარსკვლავთცვენა“ საქართველოში ხდება. ამ ორი აქცენტიდან გამომდინარე, იდეამ, პირველ რიგში სახელში დაიწყო განხორციელება. Starring Georgia – საქართველოს მთავარ როლში გამოხატავს და ამასთან ერთად, A კლასის შემსრულებლების თანავარსკვლავედზე მიანიშნებს.
M: როგორია Starring Georgia-ს ვიზუალური ბრენდინგის კონცეფცია და რა შეიქმნა ბრიფზე მუშაობის ფარგლებში?
სახელს, ლოგოზე მუშაობა მოყვა. აქაც, ვარსკვლავისა და საქართველოს თანაკვეთა გვინდოდა მოგვეძებნა. ბრენდის მთავარი აღმნიშვნელი მოწყვეტილი ვარსკვლავების ჯგუფია, რომელიც კომპოზიციურად ჩვენი ქვეყნის დროშას იმეორებს და კუდად ტიპოგრაფიას იბამს. აქაც და შემდეგ უკვე სრულ ვიზუალურ სტილშიც, ეს შინაარსი, იმ ვარსკვლავს გვაგონებს, ციდან რომ წყდება და სურვილის ჩაფიქრება რომ უნდა მოვასწროთ, რასაც სტილისთვის ლაღი და ჯადოსნური ხასიათი მოაქვს. შემდეგ, იდეა, საკომუნიკაციო მასალებში გადაიზარდა.

პოსტერები, მურალები და ანიმაციები, რომლითაც ეს ბრენდი ლაპარაკობს რამდენიმე მყვირალა ფერით გავამდიდრეთ და კონცეპტუალურად, ისევ კოსმოსურ-ვარსკვლავური ხაზი გავაგრძელეთ.

M: ვინ იმუშავა ბრიფზე და როგორი იყო სამუშაო პროცესი?
რაც შეეხება გუნდს, ბრიფზე სამუშაოდ, ძირითადად ფრილენსერები შევიკრიბეთ:
Creative Director – გიორგი ქვლივიძე
Art Director – გიორგი მაღრაძე
Designer – ნინუკა ცინცაძე
Copywriter – დავით კილაძე
Project Supervisor – ნიკა საგანელიძე
![]()

[R]












