in

„აყევი ვარსკვლავებს” – როგორ შეიქმნა Starring Georgia-ს 2024-ის პრომოვიდეო

„აყევი ვარსკვლავებს” – ამ გზავნილით სულ რამდენიმე დღის წინ ახალი ვიდეორგოლი გამოვიდა, რომელიც Starring Georgia-ს 2024 წლის სეზონის მოახლოებას გვამცნობს. პროექტის მიზანი ხომ ისაა, ქართველ მსმენელს მსოფლიო ვარსკვლავების ცოცხლად მოსმენის საშუალება მისცეს, ხოლო ამით, თავის მხრივ, საქართველოსაც გაუწიოს პოპულარიზაცია, როგორც მასშტაბური ღონისძიებებისთვის აქტუალურ არეალს. ამიტომაც ვიდეოში ნათლადაა გამოხატული ის ემოცია, რომლის მინიჭებაც ადამიანისთვის მხოლოდ მუსიკის ძალას შეუძლია. ვიდეორგოლი განსხვავებული ვიზუალითა და გადაღების ტექნოლოგიით არის გამორჩეული, რომელიც, როგორც თავად შემქმნელები ამბობენ, ქართული ფროდაქშენისთვის უპრეცედენტო და ახალია.

როგორც ვიდეოში ხედავთ, კადრები არაერთ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ადგილასაა გადაღებული. გამოყენებულია როგორც „ცოცხალი” სცენები, ისე გრაფიკული გამოსახულებები. გადამღებ ჯგუფს საკმაოდ დიდი დრო და ტექნიკის მომარაგება დასჭირდა იმისთვის, რომ საბოლოოდ, ჩანაფიქრი მაღალ დონეზე შეესრულებინა. კადრების დიდი ნაწილი დრონებითაა გადაღებული. აღჭურვილობა კი სპეციალურად ამ პროექტისთვის აეწყო და შეიქმნა სცენები, რომლებიც ჯერ იტესტებოდა, შემდეგ კი უშუალოდ გადაღება მიმდინარეობდა.

გარდა ამისა, ალბათ ყველას გახსოვთ, გასული წლის Starring Georgia-ს სიმბოლო იყო თანავარსკვლავედი, რომელიც წლევანდელ კომუნიკაციაში კიდევ უფრო გაფართოვდა, გალაქტიკად იქცა და გვეუბნება, რომ მოვემზადოთ გრავიტაციის დასამარცხებლად.

ვიდეო ერთგვარი შემზადებაა, სანამ უშუალოდ 2024 წლის თანავარსკვლავედი, ე.წ. „Line Up” გამოცხადდება და ბილეთები გაყიდვაში ჩაეშვება. მასზე საკმაოდ დიდმა გუნდმა იმუშავა და პროცესიც საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა. ამ პროცესის დეტალებს თავად შემქმნელებისგან შევიტყობთ. 

ჩვენი რესპონდენტები არიან: Black Sea Arena-ს აღმასრულებელი დირექტორი, ამიკო ჯანელიძე; საიმიჯო ვიდეოს კონცეფციის ავტორი – გიორგი ქვლივიძე; „მეტრო ფროდაქშენის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი პროდიუსერი, სანდრო გაბილაია.

პირველივე დღიდან კამპანიის მთავარი საკომუნიკაციო მესიჯია „აყევი ვარსკვლავებს“, რაც, თავის მხრივ, აღნიშნავს მუსიკის ძალას – პირველივე ნოტიდან მოგწყვიტოს დედამიწას და სხვა პლანეტაზე გაგრძნობინოს თავი.

გასული წლის წარმატებული სეზონის შემდეგ, 2024 წლის სეზონისთვის კიდევ უფრო დიდი შემართებით დავიწყეთ მზადება. პირველი სეზონის მთავარი საკომუნიკაციო ვიზუალი, თანავარსკვლავედი, მთელ გალაქტიკად გადავაქციეთ და ბრენდს ბევრი ახალი ელემენტი დავამატეთ. სიმბოლურად, ეს ელემენტები, რა თქმა უნდა, მუსიკალურ ორბიტას ასახავს. ამ ორბიტაზე კი წელს ყველა თაობის მელომანი თავის შესაფერის პლანეტას აღმოაჩენს. ამჟამად მე მეტს ვერ ვიტყვი, რადგან ასეთი გადაწყვეტილება გვაქვს, რომ ნელ ნელა „შემოგაპაროთ“ წლევანდელი სეზონი”, – ამიკო ჯანელიძე.

გიორგი ქვლივიძე:

Starring Georgia-ს პირველმა წელმა ბრენდი ქვეყანაში დიდი მუსიკალური ვარსკვლავების ჩამომყვანად დაამკვიდრა, რამაც საზოგადოების საფესტივალო გართობის მოყვარულ ნაწილში, 2024 წელთან დაკავშირებით, ავტომატურად შექმნა მოლოდინი. ყველას აინტერესებს, წელს ვინ ჩამოვა. აქედან გამომდინარე, ვიდეორგოლის მიზანი სწორედ ამ მომლოდინე ადამიანებისთვის განცხადების გაკეთებაა, რომ წლევანდელი Starring Georgia იწყება. სახელშივე გამოხატული ვარსკვლავური კონცეფციიდან გამომდინარე, სიუჟეტი გვიყვება ჩვენი ქვეყნის თავზე მოფრენილი ვარსკვლავების ვიზუალურ ამბავს, რომლებიც ფესტივალთან დაკავშირებულ სივრცეებს სინათლით ავსებენ და თავისი მიზიდულობით გარემოს გრავიტაციას უცვლიან. 

დამკვეთთან უკვე მეორე წელია ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. შარშან Starring Georgia-ს სახელი დაერქვა, კონცეფცია და ვიზუალურ ბრენდინგი შემუშავდა. წელს, ასე ვთქვათ, მეორე სერია იყო გასაკეთებელი და ახალ დიზაინშეფუთვასთან ერთად, დავთქვით, რომ კომუნიკაციას line-up-ის გამოცხადებამდე, მსუყე შეხსენებისთვის ვიდეორგოლიც მოუხდებოდა. საინტერესო პროექტი იყო ყოველმხრივ, რომელსაც რთული ტექნიკური განხორციელება ესაჭიროებოდა და რომელსაც, როგორც ყოველთვის, მშვენივრად გაართვა თავი Metro Productions-მა”.

სანდრო გაბილაია – მეტრო ფროდაქშენის დამფუძნებელი და აღმასრულებელი პროდიუსერი:

არასტანდარტულ და გამოწვევებით სავსე იდეაზე, ენთუზიაზმიც გაათმაგებულია, შესაბამისად აღსრულების პროცესიც, უფრო საინტერესო ხდება. მთავარი ყოველთვის მოსამზადებელი პერიოდია. რაც უფრო მეტ დროს დაუთმობ ანალიზს, მით უფრო უკეთეს შედეგს მიიღებ.  

ვიდეორგოლის მთავარი იდეა – სხივის შემოსვლა ქვეყანაში, გზად ანათებს გარემოს და აქრობს გრავიტაციას, პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გაგვეკეთებინა. პირველ რიგში, საჭირო იყო სწორი შემოქმედებითი ჯგუფის დაკომპლექტება, რადგან პროექტი სხვადასხვა ტექნიკური გზით იყო შესასრულებელი. შესაბამისად, პროცესიც არასტანდარტული და საინტერესო გახლდათ. ტექნოლოგია, რომელიც გამოვიყენეთ, ზოგადად, არსებობს, მაგრამ არ არის ფართოდ გავრცელებული და დანერგილი. ყველა, ვინც ამ ტექნოლოგიას იყენებს, მას კუსტარულად აწყობს. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ სხივების სწორად დაჭერა დრონების მიერ, ამიტომ ჩამოვიტანეთ სპეციალური ნეონის განათებები, რომლებიც ჩვენებურად გადავაწყვეთ. ასევე სირთულე იყო ისიც, რომ ასეთ დიდ სიმაღლეზე უნდა გვემართა დრონები, რომლებიც ჩვენთვის სასურველ კადრებს გადაიღებდა. 

გადაღებები საქართველოს რამდენიმე კუთხეში მიმდინარეობდა. ერთ-ერთი გადამწყვეტი ლოკაციების სწორად ჩვენება იყო, რადგან მიმართული განათება, შუქჩრდილების მონაცვლეობა და სცენების ჩვენება ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა ყოფილიყო.

იდეის სწორად გადმოცემისთვის, მოგვიწია გადაღების ტექნიკების არევა და გრაფიკული ელემენტების დამატება.

პირველი გამოწვევა სიმაღლიდან ქვემოთ, მიმართული შუქი გახლდათ. სამწუხაროდ საქართველოში ასეთი ტექნოლოგიები არ არსებობს, ამისთვის ავაწყვეთ სპეციალური დრონი, რომელზეც დავამონტაჟეთ განათებები და უამრავი ტესტის და ფორმის ძიების შემდეგ მივაღწიეთ შედეგს”.

ამიკო ჯანელიძე:

გასული წელი საკმაოდ ემოციური და ვარსკვლავური აღმოჩნდა. პირველი, საერთაშორისო სტანდარტებით ორგანიზებული კონცერტებით ჩვენ ერთად დავწერეთ ისტორია, რომელიც ყველას დიდხანს გვემახსოვრება. ახლა კი ახალი ისტორიის დროა და, რა თქმა უნდა, საქართველო ისევ მთავარ როლშია“.

[R]

4Hospitals-ის ვიზიტი Translumina International-ის პარტნიორთა ყოველწლიურ შეხვედრაზე

“ხუთშაბათის შეხვედრების” მეხუთე დისკუსია თაობა Z-ის მოთხოვნებსა და საჭიროებებს მიეძღვნება