in

„სტარტაპ ექსპო 2019“ დასრულდა

რიგით მე-3 „სტარტაპ ექსპო“ დასრულდა. გამოფენაში, დაახლოებით, 140 სტარტაპერი მონაწილეობდა. AI ტექნოლოგიები, ხის ნაკეთობები, ჭურჭელი, სამოსი, აქსესუარები – ეს იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რაც მეწარმეებმა მარკეტზე წარადგინეს. სტუმრებს კი საშუალება ჰქონდათ, 2 დღის განმავლობაში, დაეთვალიერებინათ და შეეძინათ სასურველი ნივთები.

სტარტაპების გამოფენა 14 დეკემბერს გაიხსნა. „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონში, მეწარმეებმა, საკუთარი ნამუშევრები და პროდუქცია გამოფინეს. სივრცე დამთვალიერებლებს დილიდან მასპინძლობდა. „ექსპოზე“, სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ სპიკერების პრეზენტაციები და თავად სტარტაპერებისგან მიეღოთ საინტერესო რჩევები, გაეზიარებინათ მათი გამოცდილება.

როგორც „სტარტაპ მარკეტის“ პროექტის მენეჯერი მარიამ შევარდენიძე ამბობს, ეს გამოფენა მომხმარებლებსა და მეწარმეებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მხარის შეფასებები.

„მეწარმეების უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ „სტარტაპ მარკეტი“ არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, როგორც საზოგადოებისთვის პროდუქციის გასაცნობად, ისე საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად“.

აღმოჩნდა, რომ „სტარტაპ ექსპო“ საინტერესო იყო ყველა ასაკის სტუმრებისთვის.

„მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა რიგები სტარტაპერების დახლებთან. ასევე, ძალიან საინტერესო იყო სპიკერების გამოსვლები, დისკუსიები და გათამაშებები, რაც განსაკუთრებით გვახარებს. ჩვენი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაც სწორედ გამოცდილების გაზიარება და იმ ადამიანების ინსპირაციაა, ვინც უკვე გადაწყვიტა, ან მომავალში აპირებს გადადგას ნაბიჯები სტარტაპერობისკენ“.

მარიამ შევარდენიძე ამბობს, რომ „სტარტაპ ექსპო“ მხოლოდ ორი დღისთვის გამართული ღონისძიება არ არის. მისი თქმით, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, მეწარმეებმა, საკუთარი პროდუქტი ფართო აუდიტორიას გააცნონ და გულწრფელი შეფასებები მოისმინონ.

„სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ გვთხოვენ ინფორმაციას იმ სტარტაპერებზე, რომლებიც განსაკუთრებით დაამახსოვრდათ. „სტარტაპ მარკეტი“ გეხმარება გადააფასო, რა სურს სინამდვილეში მომხმარებელს, რას უფრო აქცევს ყურადღებას და რა შენიშვნები აქვს. საბოლოოდ, ეს ყველაფერი გზრდის და გიქმნის წინაპირობას, დააინტერესო მეტი ადამიანი იმ საქმით, რომელიც გიყვარს“.

რაც შეეხება თავად ორგანიზატორების შეფასებას. მათი თქმით, სტუმრების რაოდენობით და სტარტაპერების განწყობიდან გამომდინარე, ღონისძიებამ იმაზე კარგად ჩაიარა, ვიდრე თავიდან წარმოედგინათ. როგორც ამბობენ, „სტარტაპ მარკეტ ექსპო“, პირველად, 2016 წელს ჩატარდა და მაშინვე იმდენად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რომ წელს უკვე ბევრად დიდი იყო პასუხისმგებლობაც.

„აღსანიშნავია, რომ სტარტაპ მარკეტ ექსპო“, უკვე, წინასაახალწო სამზადისთან, ჯანსაღ გარემოსთან, ახალი კონტაქტების დამყარებასთან, იდეების გაზიარებასთან და გართობასთან ასოცირდება. ბევრმა სტუმარმა აღნიშნა, რომ თავს ისე გრძნობდა, თითქოს, საქართველოში არ იმყოფებოდა. „სტარტაპ მარკეტს“ აქვს ამბიცია, დაამსხვრიოს სტერეოტიპები. პირველ რიგში, უნდა დავამტკიცოთ, რომ ხარისხიანი პროდუქტი ისევე მზადდება საქართველოში, როგორც მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში. გარდა ამისა, წლევანდელი „სტარტაპ მარკეტ ექსპო“ იყო ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ საქართველოშიც შეიძლება ჩავატაროთ ხარისხიანი „ივენთი“, რომელსაც გულშემატკივრობენ, ელოდებიან და რომელიც უყვართ.

[R]

„ყველაფერი კარგი დასწრებაზეა!“ – „ატელიე აუთლეტი“ საახალწლო მარათონს იწყებს!

ბაკურ ბურდულის “გილოცავთ ახალ წელს”, Advan-ის და Domus-ის სოციალურ კამპანიაში