in

Startup Academy – „ეს იქნება როგორც სალექციო კურსი, ასევე, დამსწრეების სტარტაპ იდეებზე მუშაობის პროცესი“

ინოვაციების საკონსულტაციო კომპანია  – Future Laboratory-ს ხელმძღვანელ – ირაკლი ქაშიბაძის საავტორო კურსი – როგორ მოვიფიქროთ იდეა სტარტაპისთვის და ვაქციოთ ის წარმატებულ ბიზნესად – 11 დეკემბრიდან დაიწყება. „მეცადინეობების დროს შესაძლებელი იქნება საკუთარი პროექტების გავლა და შეფასება, დამუშავება. ფაქტობრივად, ეს იქნება როგორც სალექციო კურსი, ასევე, დამსწრეების სტარტაპ იდეებზე მუშაობის პროცესი, რომელზეც, რა თქმა უნდა, შემდგომში მუშაობა უნდა გაგრძელდეს“ – ამბობს ირაკლი ქაშიბაძე. კონკრეტულად, რა საჭიროების წინაშე დგას ქართული სტარტაპ ეკოსისტემა და რაში დაეხმარება კურსი სტარტაპერებსა თუ სტარტაპის დაწყებით დაინტერესებულ პირებს – ამ საკითხებზე მარკეტერი Startup Academy-ს კურსის ავტორსა და ლექტორს – ირაკლი ქაშიბაძეს ესაუბრა:

BOG
BOG

M: Startup Academy-ის კურსის შესახებ მოგვიყევით.. რა საჭიროება იყო საქართველოში მისი არსებობის მხრივ?
ძირითადი პრობლემა საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის ნაწილში არა იმდენად ფინანსების, ინფრასტრუქტურისა და კადრების ნაკლებობაა, რამდენადაც პრაქტიკული ცოდნის არარსებობა, თუ როგორ უნდა შექმნა და განავითარო სტარტაპი, გახადო ის წარმატებული, როგორც ლოკალურ, ასევე, გლობალურ ბაზარზე. რა თქმა უნდა, სტარტაპებს და ზოგადად, ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას დრო სჭირდება განსავითარებლად, რადგან მისი მშენებლობა ინტესნიურად, სულ რაღაც 2 წელია რაც მინდინარეობს. განვითარების პროცესში, მნიშვნელოვანია სტარტაპებმა არა საკუთარ შეცდომებზე ისწავლონ, არამედ, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა ამ მიმართულებით, რაც მათ მნიშვნელოვნად შეუმცირებს რისკებს.

M: როგორია თქვენი გამოცდილება სტარტაპ სფეროში?
სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობ. ჩემი პირველი სტარტაპი 2000 წელს გავაკეთე. ეს იყო საქართველოში პირველი ელექტრონული გამოცემა ახალი ტექნოლოგიების შესახებ – „ნავიგატორი“. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საქმიანობის დასაწყისში სათანადო ცოდნის არარსებობა იწვევდა იმას, რომ საკუთარ შეცდომებზე მიწევდა სწავლა, ამიტომ, მესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის ქონა, როდესაც საკუთარ ინოვაციურ ბიზნეს ავითარებ. სახელმწიფო სტრუქტურებში 2010 წლიდან ვმუშაობდი, 2014-ში კი დავაფუძნეთ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“, რომელსაც 3 წელი ვხელმძღვანელობდი, ავაშენეთ 2 ტექნოპარკი და გავუშვით პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ და „სტარტაპ მეგობრული“. საკმაოდ ბევრი ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემის შესწავლა მომიხდა, ასევე, შესაძლებლობა მომეცა ურთიერთობა მქონოდა წამყვანი საერთაშორისო სტარტაპებისა და ვენჩერული ფონდების დამფუძნებლებთან. მათი ნაბიჯებისა და გამოწვევების შესახებ რეალური ისტორიების წაკითხვა წიგნებიდან თითქმის შეუძლებელია, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი წიგნებში განუხილავი რჩება, ზუსტად ის კითხვები, რომელიც მუშაობის პროცესში ჩნდება და გჭირდება. პირველ რიგში მინდა, ჩემი ცოდნა გავუზიარო დამწყებ სტარტაპერებს, მათ ვისაც საკუთარი ინოვაციური ბიზნესის შექმნა სურს.

M: რას მოიცავს კურსი? როგორია სასწავლო პროგრამა?
ბევრს ჰგონია, რომ იდეა, რომელიც წარმატებას მოგიტანთ, ნაპერწკალივით გაჩნდება და შემდგომ, მის განხორციელებას მარტივად შეძლებთ, თუ ფინანსებს იშოვით. წარმატებული სტარტაპის იდეის მოფიქრებას წინასწარ საკმაოდ დიდი შრომა სჭირდება. იდეამდე რომ მიხვიდეთ, დაგჭირდებათ ცოდნის მიღება ბევრი მიმართულებით, რათა, საბოლოო ჯამში, შეძლოთ ადამიანთა მნიშვნელოვანი პრობლემების აღმოჩენა და შემდგომ, ამ პრობლემების მოგვარების ინოვაციური გზების მოიფიქრება. კურსი მოიცავს იდეის ვალიდაციის, ანუ შემოწმების, ბიზნეს მოდელის ფორმირების პროცესის შესწავლას, ლინ და Agile მეთოდოლოგიების გაცნობას სტარტაპების მიმართულებით, სტარტაპში ეფექტური მუშაობის პროცესის ორგანიზებას, პროდუქტის ან სერვისის ბაზარზე გასვლის სტრატეგიას და სხვა, ბევრ საინტერესო საკითხს. ასევე, იქნება მოცემული პრაქტიკული რჩევები ფინანსების მოძიების ნაწილში, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე.

M: რა უპირატესობა აქვს Startup Academy-ს სხვა, მსგავს კურსებთან მიმართებაში?
ეს არის პრაქტიკული ცოდნა, დამყარებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებზე და წარმატებული სტარტაპების და ვენჩერული ინვესტორების ცოდნაზე. ეს არის შემდგომი შესაძლებლობა, გახდნენ კლუბის წევრი ბევრი უპირატესობით. მათ შორის, ნეთვორქინგის შესაძლებლობა, ინვესტორებთსა და მენტორებთან ურთიერთქმედება და რა თქმა უნდა, სერვისი, რომელიც სულ ახლახან დავამატეთ – ეს არის რეგიონალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა, მათ შორის, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი შედეგი იქნება, რომ სტარტაპით, რომელიც ჩვენს კურსს გაივლის, დაინტერესდნენ ინვესტორები სილიკონის ველიდანაც.

M: რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯები ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში მონაწილეობის კუთხით?
ჩვენ ამ კუთხით აქტიურად ვითანამშრომლებთ საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრ Startup Factory-სთან. ვეცდებით, რომ სასწავლო პროცესების მასშტაბირება მოხდეს, ხოლო, საქმიანობის გარგძელების სუვილის მქონე სტარტაპებს, უკვე აქსელერაციის პროგრამით, Startup Factory უმასპინძლებს. გვინდა, სწავლების ნაწილში, გავიდეთ სხვა ქვეყნებში, რადგან ცოდნის ხარისხის პრობლემა არ დგას მხოლოდ საქართველოში. ჩვენი ამოცანა იქნება, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი ქმედებების არეალი და „სტარტაპ აკადემია“, როგორც ფიზიკური, ასევე, დისტანციური სწავლების მეთოდებით შევიყვანოთ ბევრ ქვეყანაში, რაც ხელს შეუწყობს სტარტაპების განვითარებასა და ახალი საინტერესო პროექტების გაჩენას.

„სმარტფონის შემცვლელი“ სათამაშო

Formula 1 ახალ სეზონს ახალი ლოგოთი შეხვდება!