22
Oct
2019

პროექტი „სტარტაპ ანბანი“ ტერაბანკის მხარდაჭერით გრძელდება 

22 Oct 2019

Impact Hub Tbilisi, ტერაბანკთან ერთად, აგრძელებს მეწარმეობის პოპულარიზაციას ბავშვებში და უკვე მეორე წელია, საბავშვო პროექტს „სტარტაპ ანბანი“ ახორციელებს. პროგრამა 11-13 წლის მოზარდებისთვისაა  და სახალისო, მარტივ ენაზე შედგენილ სატრენინგო კურსს, ასევე მრავალფეროვან ღონისძიებებს მოიცავს. პროფესიონალი მენტორების დახმარებით, პროექტის მონაწილეები საკუთარ იდეებს თამაშის მეშვეობით განავითარებენ და შექმნიან პროდუქტებს, რომლებსაც საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე თავადვე წარადგენენ.

სტარტაპ ანბანში“ მონაწილეობა უფასოა, განაცხადების საფუძველზე შეირჩევა 20 კანდიდატი. აპლიკაციების მიღება უკვე დაწყებულია, მათი წარდგენის ბოლო ვადა 25 ოქტომბერია.

„ბავშვებში მეწარმეობის უნარების განვითარება და ადრეული ასაკიდან საკუთარი საქმიანობის მოტივირება ტერაბანკის სოციალური პასუხისმგებლობის საინტერესო მიმართულებაა. თანაც, იგი ჩვენს სტრატეგიულ სეგმენტს – მცირე და საშუალო ბიზნესს უკავშირდება. „სტარტაპ ანბანის“ მხარდაჭერაში გასულ წელს  ჩავერთეთ და წელსაც მას სიამოვნებით ვუერთდებით“, – ამბობს ტერაბანკის მარკეტინგის მენეჯერი ანა მარგიანი.

Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელი ქეთი ებანოიძე ამბობს, რომ, ადრეულ ასაკში, სამეწარმეო უნარების განვითარება, სამეწარმეო და ფინანსური წიგნიერების ამაღლება, სიახლეების შექმნის შიშის გადალახვა, ხელს შეუწყობს ბავშვებს შეიქმნან ის კარიერა, რომელიც მათ სიამოვნებას მიანიჭებს.

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა. ჩვენ უკვე მეორე წელია ვთანამშრომლობთ ტერაბანკთან და ერთობლივად ვახორციელებთ “სტარტაპ ანბანს”, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებში მეწარმეობის იდეის პოპულარიზაციას“, – ამბობს ქეთი ებანოიძე.

პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, რომ გასულ წელს, „სტარტაპ ანბანის“ მონაწილეებმა, საკუთარი იდეების საფუძველზე, 10 რეალური პროდუქტი შექმნეს. მათ შორის იყო სამოტივაციო სტიკერები და პოსტერები, თიხის მრავალფეროვანი აქსესუარები, გეომეტრიული ფიგურების ფორმის ჩანთები, სამაჯურები, კალათბურთელებისა და ფეხბურთელების ნიღბები, კომიქსები და ა.შ. საშობაო გამოფენაზე ამ ნივთების გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა 2150 ლარი შეადგინა.

სტარტაპ ანბანის“ ფარგლებში, პირველი შეხვედრა, 2 ნოემბერს ჩატარდება.

[R]

განხილვა