7
Nov
2018

პროექტი “სტარტაპ ანბანი” ბავშვებისთვის

7 Nov 2018

Impact Hub Tbilisi და საკონსულტაციო კომპანია TBSC Consulting ახალ საბავშვო პროექტს „სტარტაპ ანბანი“ იწყებენ. პროექტში ჩართვა 11-13 წლის ბავშვებს შეუძლიათ, რომლებსაც აქვთ იდეა და თავიანთი პროდუქტის შექმნა სურთ. “სტარტაპ ანბანი” მიზნად ისახავს მეწარმეობის პოპულარიზაციას ბავშვებში. ასევე, მათთვის ელემენტარული სამეწარმეო უნარების სწავლებასა და სტიმულირებას. პროექტის განმავლობაში, ბავშვები თამაშის გზით განავითარებენ იდეებს, შექმნიან პროდუქტებს და მონაწილეობას მიიღებენ “ფაბრიკაში” გამართულ საშობაო გამოფენა-გაყიდვაში. პროგრამაში გათვალისწინებულია ხუთი სატრენინგო შეხვედრა და გასვლითი შემეცნებითი ექსკურსია ტექნოპარკში. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ბავშვებზე მორგებულ, მარტივ და სახალისო ენაზე გადმოცემულ სატრენინგო კურსს, პროფესიონალი მენტორები გაუძღვებიან. პირველი შეხვედრა 17 ნოემბერს, Impact Hub-ში გაიმართება.

“სტარტაპ ანბანში” მონაწილეობის მისაღებად განაცხადი უნდა შეივსოს გუნდურად. გუნდი უნდა შედგებოდეს ორი წევრისგან. მონაწილეობის მსურველებმა უნდა ატვირთონ 30 წამიანი ვიდეო, რომელიც უპასუხებს კითხვებს: ვინ ხართ, რა იდეა გაქვთ და რატომ გინდათ მისი განხორციელება.

ქეთევან ებანოიძე, Impact Hub Tbilisi, თანადამფუძნებელი: დღეს, საქართველოში, დიდ უმრავლესობას არ მოსწონს ის სამუშაო ადგილი, სადაც მუშაობს. ჩვენთვის, უფროსი თაობის უმეტესობისთვის, მეწარმეობა იძულებითი ნაბიჯი იყო და არა გაცნობიერებული და თავისუფლი კარიერული არჩევანი. სკოლაში ჩვენთვის  არავის მოუყოლია მეწარმეობის და მასთან დაკავშირებული სიკეთეების, ფინანსური თავისუფლების ხიბლის, სხვების დასაქმების შესაძლებლობის, სიახლის შექმნის მიმართ შიშის არ ქონის, საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლის და იმ საქმის კეთების შესახებ, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს. ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ მეწარმეობის იდეის პოპულარიზაცია ბავშვებში  კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა მეწარმეობა იქცეს სრულფასოვან კარიერულ არჩევნად, ბავშვებმა განავითარონ სამეწარმეო უნარები ადრეულ ეტაპებზე, აიმაღლონ სამეწარმეო და ფინანსური წიგნიერება, გადალახონ სიახლეების შექმნის შიში, შეიქმნან ის კარიერა, რომელიც მათ სიამოვნებას მიანიჭებს.”

განხილვა