in

ნივთების გაცვლა უკვე შესაძლებელია – გაიცანით Bartertime.ge

Startauperi
Startauperi

ბარტერი კაცობრიობის ისტორიის უძველესი გაცვლის ფორმაა, სადაც ადამიანები ერთმანეთს რესურსების გაზიარებით ეხმარებოდნენ. დღეს ამ პრინციპს სრულიად ახალ სიცოცხლეს სძენს Bartertime.ge – ქართული სოციალური სტარტაპი, რომელიც ცირკულარული ეკონომიკის იდეებს ეფუძნება და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გაუზიარონ ერთმანეთს ნივთები სრულიად უსასყიდლოდ.

სტარტაპის იდეა საერთო პრობლემის დანახვით გაჩნდა – როგორც დამფუძნებელი გვიყვება, საქართველოში არ არსებობდა პლატფორმა, სადაც ადამიანები მარტივად და უსაფრთხოდ გააჩუქებდნენ იმ ნივთებს, რომლებსაც თავად არ იყენებდნენ, მაგრამ სხვისთვის შესაძლოა საჭირო ყოფილიყო. ამან გააერთიანა ოთხკაციანი გუნდი და შექმნეს ერთიანი ციფრული სივრცე, რომელიც გაზიარებას მარტივსა და სასარგებლოს გახდიდა.

იმის გარდა, რომ ადამიანებს გაუჩნდათ ნივთების გაცვლის მარტივი პლატფორმა, ამ ინიციატივას გარემოსდაცვითი მხარეც აქვს – გამოუსადეგარი ნივთები ადრე ნაგავსაყრელზე ხვდებოდა, ახლა კი მათ ახალი სიცოცხლის შეძენა შეუძლიათ.

სტარტაპის თანადამფუძნებელი ირაკლი ხარებაშვილი Bartertime.ge-ს დეტალურად გვაცნობს და მის უნიკალურ ფუნქციებზე გვესაუბრება:

M: ირაკლი, გაგვიზიარეთ, რა გახდა პლატფორმის შექმნის მიზეზი და რა კავშირშია ნივთების გაცვლა ცირკულარობასთან?

ჩვენი მთავარი მოტივაცია გახდა ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობდა გაზიარების ეკონომიკასა და შეგნებულ მოხმარებას, მისცემდა ნივთებს მეორე სიცოცხლეს და შეამცირებდა ნარჩენების მავნე ზეგავლენას გარემოზე.

ჩვენი ფილოსოფია ეფუძნება ორ მთავარ პრინციპს: ნდობასა და საჭიროებას. ამ სისტემაში ნივთების საბაზრო ღირებულება მეორეხარისხოვანია. მთავარია ის, თუ რამდენად სჭირდება ის კონკრეტულ ადამიანს. სწორედ ამიტომ, „ბარტერ-თეთრის“ სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გააჩუქოს მისთვის უკვე არასაჭირო ნებისმიერი ღირებულების ნივთი, დააგროვოს შიდა აქტივი და შემდეგ გამოიყენოს ის მისთვის სასურველი, სრულიად სხვა ღირებულების ნივთის მისაღებად. ეს ჩვენს ციფრულ „ვაუჩერს“ ფაქტობრივად შეუფასებელს ხდის, რადგან მისი რეალური ღირებულება საჭიროებით განისაზღვრება და არა ლარით.

იდეიდან რეალობამდე გზა დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო, როდესაც ჩვენს ხედვას პროექტის ამჟამინდელი დეველოპერი, მიხეილი და პროექტის მენეჯერი, ნინო შემოუერთდნენ. ასე ჩამოყალიბდა ჩვენი ოთხკაციანი გუნდი, რომელმაც წარმოუდგენლად მოკლე დროში, ერთ თვეში შეძლო პლატფორმის პირველი, სრულად ფუნქციური ვერსიის შექმნა და გაშვება.

M: თქვენი სისტემა გეიმიფიკაციის მოდელზეა აწყობილი – როგორ მუშაობს ის და რა შედეგებს აღწევთ მომხმარებლის ჩართულობის კუთხით?

ჩვენს პლატფორმაზე გეიმიფიკაცია არ არის მხოლოდ გასართობი ელემენტი. ეს არის ორი ფუნდამენტური პრობლემის გადაჭრის მექანიზმი: ნდობის ჩამოყალიბება და პლატფორმის ბალანსის დაცვა. ამისთვის ვიყენებთ ორ მთავარ ელემენტს:

ნდობის ქულა: პლატფორმის რეპუტაციის სისტემა, რომელიც თითოეული მომხმარებლის სანდოობის ციფრული მაჩვენებელია. ქულა იზრდება პოზიტიური ქმედებებით: პროფილის სრულყოფილად შევსებით, ნივთების წარმატებით გაჩუქებით და მაღალი შეფასებების მიღებით. დაბალი შეფასება კი პროფილზე გამაფრთხილებელ ნიშანს ამატებს.

მთავარი მიზანია, შეიქმნას უსაფრთხო გარემო, სადაც მომხმარებლები მშვიდად და თავდაჯერებულად ამყარებენ ერთმანეთთან კავშირს. ეს ზრდის ჩართულობას, რადგან მომხმარებლებმა იციან, რომ სანდო საზოგადოების ნაწილნი არიან.

ბარტერ-თეთრი: პლატფორმის შიდა აქტივი – ეს ჩვენი შიდა, ტრანზაქციული „ვალუტაა”, რომლის ყიდვა რეალური ფულით შეუძლებელია. მომხმარებელი მას გამოიმუშავებს რეგისტრაციით, ჩვენი საზოგადოების ზრდით – მეგობრების მოწვევით და, რაც მთავარია, ყოველი ნივთის წარმატებით გაჩუქებით. ნივთის მოთხოვნისას კი ეს „ბარტერ-თეთრი” იხარჯება.

მისი მთავარი მიზანია, დაიცვას ეკოსისტემის ბალანსი. იმისთვის, რომ მომხმარებელმა მოითხოვოს ნივთი, მას უნდა ჰქონდეს „ბარტერ-თეთრი”, რომელსაც მხოლოდ სისტემაში საკუთარი წვლილის შეტანით (გაჩუქებით) აგროვებს. ეს მექანიზმი ხელს უშლის სისტემის ბოროტად გამოყენებას და უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლები იყვნენ არა მხოლოდ მიმღებები, არამედ გამცემებიც.

ეს ორი ელემენტი ერთად ქმნის თვითრეგულირებად, სამართლიან და აქტიურ საზოგადოებას, რაც Bartertime.ge-ს მთავარი მიზანია.

M: როგორ რეაგირებენ ადამიანები, როცა პირველად იყენებენ Bartertime-ს და რისი გაზიარება ხდება ყველაზე ხშირად?

რადგან პლატფორმა სულ ახლახანს გაეშვა, ჩვენ ახლა ვაკვირდებით პირველი მომხმარებლების რეაქციებს, რომლებიც ძალიან პოზიტიური და შთამაგონებელია.

პირველი რეაქცია, როგორც წესი, სასიამოვნო გაოცებაა. ბევრი აღნიშნავს, თუ რა მარტივია რეგისტრაცია და რამდენად დაცულად გრძნობს თავს ნდობის ქულისა და ვერიფიკაციის სისტემის წყალობით, რაც მსგავს პლატფორმებზე ხშირად პრობლემაა.

ნამდვილი ემოციური გარდატეხა პირველი წარმატებული გაჩუქების შემდეგ დგება. რეაქცია ორმხრივია და მოიცავს როგორც გამცემ მხარეს, რომელიც კმაყოფილია იმით, რომ მისთვის უკვე არასაჭირო ნივთმა ახალი სიცოცხლე შეიძინა და ვინმეს დაეხმარა, მეორე მხრივ კი, მიმღების გულწრფელი მადლიერება, რადგან მან სრულიად უსასყიდლოდ მიიღო მისთვის საჭირო ნივთი.

M: როგორ ხედავთ ბიზნესის ჩართულობის პერსპექტივას CSR კამპანიებში Bartertime-ს გამოყენებით?

Bartertime.ge-ს სჯერა, რომ მისი პლატფორმა შეიძლება იქცეს ხიდად კორპორაციებსა და რეალურ სოციალურ საჭიროებებს შორის. უკვე დაწყებულია თანამშრომლობა Quality Academy-სთან, სადაც დამწყები ტესტერები პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ, ხოლო მომხმარებლებისთვის პლატფორმა კიდევ უფრო სრულყოფილი ხდება. ბიზნესებისთვის Bartertime სთავაზობს CSR-ის განხორციელების სხვადასხვა გზას: შიდა კამპანიები თანამშრომლების ჩართულობით, მოძველებული აქტივების ან სერვისების გაზიარება, თემატური კამპანიების მხარდაჭერა. ამ მოდელი კომპანიებს აძლევს მარტივ, გამჭვირვალე და გაზომვად ინსტრუმენტს, რომელიც ზრდის თანამშრომლების ჩართულობას, აძლიერებს ბრენდის რეპუტაციას და რეალურ სოციალურ ცვლილებებს უწყობს ხელს.

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

Bartertime.ge-ს განვითარების გეგმა სამ ეტაპს მოიცავს: მოკლევადიანად მიზნად ისახავს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას ლოგისტიკური სერვისებისა და მობილური აპლიკაციების შექმნით. ასევე, გეგმავს პლატფორმის ევოლუციას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რეკომენდაციებით და კორპორაციული CSR დაფის დანერგვით, რათა გაზიარების ეკოსისტემა უფრო სრულფასოვანი გახდეს.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი სტარტაპი საერთაშორისო ბაზარზე გასვლას და „ნივთისთვის ახალი ისტორიის შექმნის” იდეის გლობალურ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Kodak-მა ახალი „ბრელოკი-კამერა“ გამოუშვა და ლაბუბუს მსგავს საიდუმლო ყუთში მოათავსა

საქართველოს ბანკის sCoolApp-ში საჩუქრების კამპანიის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება