in

„სტარტაპ ბიუროს“ ვიზუალური რებრენდინგი: „პანდემიის პერიოდმა ჩვენზე ტრანსფორმაციულად იმოქმედა“

სააგენტო watergunz-თან თანამშრომლობით, შემუშავდა ახალი ვიზუალური იდენტობა, რომლის მიზანიც ორგანიზაციისთვის ავთენტური პოზიციონირების შექმნა იყო

სამი წლის წინ, საქმიანობა „თბილისის სტარტაპ ბიუროს“ სახელით დაიწყეს. პირველი ჩანაფიქრი FuckUp Nights Tbilisi-ის ღონისძიებები იყო, სადაც სპიკერები აუდიტორიას საკუთარი მარცხის ისტორიებს უამბობდნენ. შემდეგ, მასშტაბები გაზარდეს – გარშემო სტარტაპერები შემოიკრიბეს, მოაწყეს: ჰაკათონები, ბიზნეს ბანაკები, ინკუბაციის, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, საზოგადოებრივი შეკრებები, ტრენინგები და კონფერენციები სხვა მრავალ უნარების და შესაძლებლობების განვითარების პროგრამასთან ერთად მეწარმეებისთვის, ინოვატორების და შემოქმედებისთვის. განვითარებასთან ერთად, ბრენდინგის განახლების საჭიროება დადგა. სააგენტო watergunz-თან თანამშრომლობით, შემუშავდა ახალი ვიზუალური იდენტობა, რომლის მიზანიც ორგანიზაციისთვის ავთენტური პოზიციონირების შექმნა იყო. ცვლილება შეეხო სახელსაც – „თბილისის სტარტაპ ბიუროს“ ნაცვლად, მივიღეთ „სტარტაპ ბიურო“, ხოლო შავ-თეთრი ლოგო, თბილისის ანძის ვიზუალით, ფერადმა სიმბოლიკამ ჩაანაცვლა. დეტალებზე „სტარტაპ ბიუროს“ ვესაუბრეთ.

M: რამ განაპირობა განახლების საჭიროება?

ჩვენც, როგორც ორგანიზაციამ, სტარტაპისთვის დამახასიათებელი გზა გავიარეთ. სამი წელი დაგვჭირდა, რომ ჩამოვყალიბებულიყავით ბრენდისა და კონცეფციის ნაწილში. ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა დაიწყო ერთი კონკრეტული კონფერენციით, რომელსაც ჰქვია FuckUp Nights. ჩვენი სამიზნე სეგმენტი ერთმნიშვნელოვნად სტარტაპ-ეკოსისტემა და მასში შემავალი ადამიანები აღმოჩნდნენ. ეს ადამიანები ჩვენგან, განათლების გარდა, შთამაგონებასაც იღებს და ვეხმარებით თავიანთ კითხვებზე პასუხების პოვნაში.

თავდაპირველად, „თბილისის სტარტაპ ბიურო“ გვერქვა, თუმცა, საქმიანობის სფერო გაფართოვდა და ბევრ რეგიონში შევედით ჩვენი პროგრამებით. ბრენდის განახლება აღნიშნავს ჩვენს მზარდ წარმომადგენლობას რეგიონებში თბილისს მიღმა. ჩვენმა ბოლოდროინდელმა პროგრამებმა ბათუმში, გორში, ბორჯომში, დედოფლისწყაროში და საქართველოს ბევრ სხვა კუთხეში დაამტკიცა, რომ ნიჭიერება არის ყველგან, პატარა ქალაქებსა და სოფლებშიც კი. მიუხედავად იმისა, რომ „თბილისი“ ამოვიღეთ დასახელებიდან, ის რჩება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად, რეგიონებზე გაზრდილი ყურადღების პარალელურად.

M: როგორია განახლებული ვიზუალური ბრენდინგის სიმბოლური დატვირთვა?

ამ დრომდე, ჩვენი მთავარი სიმბოლო შავ-თეთრი იყო. თუმცა, პანდემიის პერიოდმა ჩვენზე ტრანსფორმაციულად იმოქმედა და ახალი შესაძლებლობისადმი ჩვენი მზაობა ფერებში გადმოვიტანეთ. ამასთან, მხოლოდ ჩვენ ხომ არ „გავფერადდით“ – ადამიანებს, რომლებიც სახლში დარჩნენ და საფიქრალად, გადასააზრებლად მეტი დრო მიეცათ, გვსურს ვუთხრათ – ყველაფერი ახლა იწყება და უკეთესობისკენ ცვლილებების დროა. ჩვენი სათქმელიც ესაა – ის, რაზეც ვიფიქრეთ თვეების განმავლობაში, სწორედ ახლა უნდა მოვიყვანოთ მოქმედებაში, ერთმანეთს დავეხმაროთ, აზრები გავცვალოთ… გვსურს კარგი გავლენა ვიქონიოთ მოკლე და გრძელვადიან პერიოდში, ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემაზე.

ქართული სტარტაპ-სცენა უფრო და უფრო დინამიკური ხდება და ჩვენი როლური მოდელების (ესტონეთი, ისრაელი) გზით მიდის. ჩვენი ინოვაციური პროგრამები იყო და არის ამ რეალობის ერთ-ერთი ხელშემწყობი. 2021 იქნება გადამწყვეტი წელი საქართველოსთვის. ახლა არის საუკეთესო დრო განახლებისთვის. ახალი ლოგო გამოხატავს ოპტიმიზმსა და პოზიტივს – რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ამ გაურკვეველ დროში.

წლის დასაწყისში, „სტარტაპ ბიურომ“ გამოაცხადა სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება „კედარი ვენჩერსთან“, რომელიც საქართველოში წამყვანი ფონდია სტარტაპების საინვესტიციო  მიმართულებით.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

 

[R]

ბოდი შოპის ოფიციალურ მაღაზიებში ლიმონის ახალი ხაზი უკვე გაყიდვაშია!

მაღალტექნოლოგიური კონატქტური ლინზები – ალბათ, ისინი მალე სმარტფონებსაც ჩაანაცვლებს!