ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაფლულს რამდენჯერ გიფიქრიათ საკუთარი საქმის წამოწყებაზე? თუმცა, სამსახურის პარალელურად, ეს არც ისე მარტივია, რადგან ბიზნესს დიდი ყურადღება და ზრუნვა სჭირდება, ისევე, როგორც შვილს. სწორედ ამიტომ, სტარტაპ იდეების წასახალისებლად, თიბისიმ თანამშრომლებისთვის დეკრეტული შვებულების მიცემა გადაწყვიტა. პროექტში „სტარტაპ დეკრეტი“ მონაწილეობა თიბისის გუნდის წევრებს შეუძლიათ. რჩეული პროექტის ავტორები 6-თვიანი დეკრეტული შვებულებით სარგებლობენ, მთელი ამ დროის განმავლობაში შეუძლიათ დრო საკუთარი ბიზნესის განვითარებას დაუთმონ და ამავდროულად, ხელფასიც ჩვეულებისამებრ მიიღონ. გარდა შვებულებისა, გამარჯვებულებს სპეციალური ფინანსური თუ არაფინანსური შეღავათებით შეუძლიათ სარგებლობა.
პროექტის პირველი კონკურსი 2019 წელს ჩატარდა, რომელშიც სტარტაპმა „ინვენტორი“ გაიმარჯვა, მეორე ნაკადის გამარჯვებული – „Upway“ გახდა, ახლა კი, თიბისიმ „სტარტაპ დეკრეტის“ მესამე ნაკადისთვის დაიწყო განაცხადების მიღება. სტარტაპ დეკრეტის ფარგლებში, თიბისელები საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რამდენიმეეტაპიანი შესარჩევი ტურის შემდეგ კი, ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს სექტემბერში გამოავლენს.
გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის ლიდი: „მთავარი იდეა, რაც სტარტაპ დეკრეტის შექმნის დროს გვამოძრავებდა, იყო დაგვეკავშირებინა ერთმანეთთან თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია და მისი თანამშრომლები. გვსურდა, ორგანიზაციაში სტარტაპული და ინოვაციური აზროვნება წაგვეხალისებინა. სტარტაპ დეკრეტის იდეა თიბისისთვის უნიკალურია. ამგვარად, თანამშრომლებში მხარს ვუჭერთ ტექნოლოგიურ იდეებს, რათა მათ თავიანთი ბიზნესი განავითარონ. პროექტის ფარგლებში, თანამშრომლებს ისევე ვაძლევთ 6-თვიან ანაზღაურებად შვებულებას, როგორც შვილის შეძენის შემთხვევაში მივცემდით. ამ 6-თვიანი დეკრეტის მანძილზე, გუნდის წევრებს შეუძლიათ თავიანთი ბიზნესის განვითარებაზე იზრუნონ, ჩვენ კი, მათ ყოველთვიურ ანაზღაურებას ჩვეულებისამებრ შევუნარჩუნებთ.
პროექტმა საკმაოდ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. ახლა უკვე მესამე ნაკადის განაცხადების მიღება მიმდინარეობს. თანამშრომლები ძალიან ელოდებიან პროექტის დაწყებას. საბოლოო გამარჯვებულს არჩევს ჟიური, რომლის არცერთი წევრი არ არის თიბისელი.
წინა ორი წლის გამოცდილებით რომ ვიმსჯელოთ, პროექტი წარმატებულია – ყოველ ნაკადში იგრძნობა აქტიური მონაწილეობა. გვიხარია, რომ პროექტმა თანამშრომლებში შემოქმედებითი აზროვნება წაახალისა – აქტიურად ფიქრობენ, როგორი ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპ-იდეა შეიძლება ჩამოაყალიბონ.“

მარიამ ცანავა, 2020 წლის სტარტაპ დეკრეტის გამარჯვებული პროექტის, „Upway“ თანადამფუძნებელი:
„სტარტაპ დეკრეტმა საშუალება მოგვცა ჩვენივე პროფესიონალი თანამშრომლებისგან მიგვეღო კონსულტაციები, რაც ძალიან დაგვეხმარა. სამ მეგობარს გვქონდა იდეა, რომელიც ძალიან გვიყვარდა. სამივე მარკეტინგში ვმუშაობთ და არ ვიცოდით დეტალურად, როგორ აგვეშენებინა სტარტაპი. ეს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა დიდ პროექტად ჩამოგვეყალიბებინა „Upway“. მომდევნო ეტაპზე, მონაწილეობა მივიღეთ Impact Hub Tbilisi-ის პრე-აქსელერაციის პროგრამაში, სადაც 20 გუნდს შორის შეგვარჩიეს და სამი თვის მანძილზე, ბაზრის წამყვან სტარტაპერებთან და მენტორებთან ერთად, კიდევ უფრო დავხვეწეთ ჩვენი იდეა. უკვე გვქონდა „დემო დღე“, სადაც წარვადგინეთ პრეზენტაცია და ჩვენი პროექტი ჰოლანდიის საელჩოს რჩეული გახდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მენტორებთან უფრო ხანგრძლივად გვექნება ურთიერთობა.
ძალიან კარგია ის, რომ დეკრეტის აღება ნებისმიერ დროს შეგვიძლია, როცა დაგვჭირდება. ამიტომ დეკრეტით სარგებლობას ვაპირებთ მას მერე, რაც პლატფორმა გაეშვება, რათა ზუსტად იმ პერიოდს დავამთხვიოთ, როცა საქმის მართვაში მაქსიმალური ჩართულობა იქნება ჩვენგან საჭირო.“
თორნიკე ყიფიანი სტარტაპ „ინვენტორის“ თანადამფუძნებელია. იდეამ სტარტაპ დეკრეტში 2019 წელს გაიმარჯვა:
„ჩვენი სტარტაპის, „ინვენტორსის“ იდეა იყო, მომხმარებლებისთვის ახალი და მეორადი ავტონაწილების შეძენა გაგვეადვილებინა. იდეა უკვე არსებობდა და ელიავაზე, ფეიქრებში და სხვაგან ავტონაწილებისთვის სიარულის ნაცვლად, მათი ჩვენთან მოძიების საშუალებას იძლეოდა. კონკურსზე წარვადგინე იდეა, ავხსენი, რომ სტარტაპი უკვე მუშაობს, როგორც ჩანს, მოეწონათ და გავიმარჯვეთ. გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სამსახურსა და ბიზნესს შორის ვიყავი გახლეჩილი – სამსახურის საათებში თუ რაიმე საქმე იყო „ინვენტორსში“, შესვენებაზე გავრბოდი, ვმუშაობდი გვიანობამდე, შაბათ-კვირას. დეკრეტმა მომცა კარგი გამოცდილება და საშუალება, გადავსულიყავი სტარტაპის მხარეს და იქ მემუშავა. როცა სამსახური გაძლევს შანსს, 6 თვის მანძილზე არ იმუშავო და მიხედო შენს ბიზნესს, ე.ი. ეს საქმე მხოლოდ შენთვის კი არა, საზოგადოებისთვისაც საკმაოდ სასარგებლო უნდა იყოს.
დღეს, „ინვენტორსი“ თანამშრომლობს ყველა დიდ სადაზღვევო კომპანიასთან. მათთვის ჩვენ ვართ აუთსორსინგული შემფასებელი კომპანია. თითქმის დასრულებულია აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ავტომატიზებულად იქნება შესაძლებელი ნაწილების შეძენა.“
სტარტაპ დეკრეტის მესამე ნაკადის გამარჯვებულები სექტემბერში გამოვლინდება.
[R]










