სატრანსპორტო მიმართულებით სტარტაპების განვითარების ხელშეწყობისთვის კომპანიამ Future Laboratory მასშტაბური პროექტი დაიწყო. პროგრამა საავტომობილო ინოვაციებზე მომუშავე სტარტაპებს გააერთიანებს და შანსს მისცემს, საკუთარი იდეა რეალურ ბიზნესად აქციონ.
პროექტის ფარგლებში, ინოვაციური იდეის მქონე გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ 3-თვიან სააქსელერაციო პროგრამაში. ამისათვის, მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ სურვილი განავითარონ პროექტები ჭკვიანი და ეკოლოგიური ტრანსპორტის, სატრანსპორტო უსაფრთხოების, გადაზიდვების, ერთობლივი გამოყენების ტრანსპორტის, დრონების და სხვა მსგავსი მიმართულებით.
„სტარტაპ აქსელერაციის პროექტისთვის ავტო მიმართულება ახალია, თუმცა ეს სფერო საკმაოდ ნოვატორულია. ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი სტარტაპი ფუნქციონირებს და ვიმედოვნებ, რომ დაინტერესება მაღალი იქნება. ეს პროექტი, რეალურად, არის შანსი სტარტაპებისთვის, რომ საკუთარი იდეა აქციონ რეალობად და დაიწყონ საოცნებო ბიზნესი,“ – ირაკლი ქაშიბაძე, “Future Laboratory“-ს დამფუძნებელი.
აქსელერაციის ფარგლებში, პირველ ეტაპზე შერჩეული სტარტაპები, პროტოტიპის შესაქმნელად, 5000-ლარიან ინვესტიციას მიიღებენ. გამარჯვებული სტარტაპებისთვის საპრიზო ფონდი 200 000 ლარია.
პროექტში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
სტარტაპ სააქსელერაციო პროგრამის პარტნიორი და გენერალური სპონსორი ავტოინდუსტრიის ლიდერი „თეგეტა ჯგუფია“.
პროგრამის ფარგლებში, სტარტაპერები ისარგებლებენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს „ფაბლაბის“ ინფრასტრუქტურით. ექნებათ „თეგეტა ჯგუფის“ სპეციალისტებთან კომუნიკაციის და კომპანიის ტექნიკურ თუ საზომ აპარატურასთან წვდომის შესაძლებლობა. დამატებით, საექსპერტო რჩევებს მიიღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი მენტორების, თუ დარგის სპეციალისტებისგან.
[R]











