in ,

“სტარტაპ საქართველოს” 20 გამარჯვებული სტარტაპი და 100 000 ლარი თითოეულის განვითარებისთვის

Startauperi
Startauperi
ირაკლი ქაშიბაძე
ირაკლი ქაშიბაძე

მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, დამწყები მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამის „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური კონკურსი წარმატებით დასრულდა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების განსახორციელებლად 100 000 ლარი მიეღოთ, რაც 20-მა გამარჯვებულმა სტარტაპმა შეძლო. კონკურსის შესახებ უფრო ვრცლად ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ქაშიბაძე ესაუბრა მარკეტერს.

 

M: რა ეტაპებს მოიცავდა პროექტი და რამდენი სტარტაპი იღებდა მონაწილეობას?

პროექტი „სტარტაპ საქართველო“ 17 ივნისს დაიწყო. მაღალტექნოლოგიური სტარტაპების შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე, მონაწილეთა რეგისტრაცია ელექტრონული აპლიკაციებით, ვებ გვერდ www.startup.gov.ge-ის მეშვეობით ხორციელდებოდა. სულ, მაღალტექნოლოგიური მიმართულებით, 146 სტარტაპი დარეგისტრირდა, აქედან, მეორე ფინალურ ეტაპზე 51 პროექტი გადავიდა.

პროექტის ყველა ფინალისტს, 1 კვირის განმავლობაში, უტარდებოდათ ტრენინგები საინვესტიციო წინადადებისა და პრეზენტაციის მომზადებაში. ტრენინგებს სილიკონის ველიდან (აშშ) სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული ექსპერტები უძღვებოდნენ.  ფინალისტები 24-25 აგვისტოს, 8 ვენჩორული ინვესტორის წინაშე წარსდგნენ. 25 აგვისტოს კი, ტექნოპარკში 20 გამარჯვებული გამოვლინდა.

 

startup Georgia

M: რამდენი მიმართულება იყო წარმოდგენილი და რა პრინციპით  შეარჩიეს გამარჯვებულები?

მაღალტექნოლოგიური იდეების კონკურსში გამოიკვეთა პროექტები სხვადასხვა მიმართულებებით: საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, მიკროელექტრონიკა, რობოტიკა, ბიოტექნოლოგიები და ა.შ. გამარჯვებულები სილიკონის ველიდან მოწვეული, გლობალური ვენჩორული ინვესტორების გადაწყვეტილების საფუძველზე გამოვლინდნენ.

M: რა თანხით დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები და რა ვალდებულებები ეკისრებათ მათ?

თითოეულმა გამარჯვებულმა სტარტაპმა მიიღო ინვესტიცია 100 000 ლარის ოდენობით.  მცირე ბიზნესის ხელშეწყობის სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, კონკურსანტებს არ მოეთხოვებოდათ არანაირი თანამონაწილეობა. აღნიშნული მხარდაჭერა არ წარმოადგენს იაფ სესხს, ან რაიმე ქონებრივი უზრუნველყოფის საფუძველზე გაცემულ ფინანსურ მხარდაჭერას. თითოეულ სტარტაპში ინვესტიცია 5%-იანი წილის სანაცვლოდ განხორციელდა.

M: როგორ გაგრძელდება პროექტი?

პროექტი „სტარტაპ საქართველო“ კვლავ გრძელდება. თითოეულ გამარჯვებულს სააგენტო დააკავშირებს საერთაშორისო დონის მენტორებს, რომლებიც გუნდებს ბიზნესის შემდეგი ეტაპების წარმატებით განხორციელებაში მიეხმარებიან. “სტარტაპ საქართველოს” მეორე ეტაპის გამოცხადება უახლოეს მომავალში იგეგმება.

hand4help
hand4help

მარკეტერი გამარჯვებულ გუნდებს, Hand4help-სა და EDVEX-ს ესაუბრა. Hand4help-ის მიზანია, შექმნას ყველასთვის ხელმისაწვდომი, მრავალფუნქციური და დაბალდანახარჯიანი ხელის პროთეზი, რომლის მართვაც ნერვული დაბოლოებების მეშვეობითაა შესაძლებელი. არჩილ საყევარაშვილი, Hand4help-ის თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი, თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტი, უფრო ვრცლად მოგვითხრობს მისი სტარტაპის, მიღებული გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

M: მოგვიყევით თქვენი პროდუქტის შესახებ.

პირველი პროტოტიპის შექმნის შემდეგ მივხვდით, რომ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რისი საჭიროებაც არის და ამ გამოგონებით დავეხმაროთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებს. მისი კონტროლი საკმაოდ მარტივია: სპეციალური სენსორი აღიქვამს კუნთის დაჭიმვას, რის შედეგადაც პროთეზი შესაბამის ფუნქციას ასრულებს. ჩვენი ნოუ-ჰაუ ისაა, რომ ერთი კუნთით შეიძლება რამდენიმე ფუნქციის კონტროლი (მუშტის შეკვრა და OK-ის ჟესტის გაკეთება) და RFID წამკითხველის გამოყენება, რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელი იქნება, კონკრეტულ საგნებზე პატარა ჩიპის მიმაგრებით, მისი აღების გამარტივება (წამკითხველი აღიქვამს, მაგალითად, ჭიქაზე მიმაგრებულ ჩიპს, რის შემდეგაც პროთეზმა „იცის“, რომ არის ჭიქასთან ახლოს და შესაბამისად იხრება. ასეთ შემთხვევებში პროთეზმა თვითონ წყვეტს, როგორ უნდა აიღოს ესა თუ ის საგანი). ამავე წამკითხველის გამოყენებით, ჩვენ დავამატეთ პიანინოს (დაკვრა შესაძლებელია ცალ-ცალკე თითების კონტროლით) და 3D-მაუსის ფუნქცია, რომლის მეშვეობით მომხმარებელს კურსორის კონტროლი შეეძლება.

hand4help-ის გუნდი
hand4help-ის გუნდი

M: როგორი გამოცდილება იყო თქვენთვის პროექტში მონაწილეობა და რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

დაფინანსების გარდა, პროექტმა ბევრი რამ შეგვძინა. შანსი მოგვეცა კავშირები დაგვემყარებინა და ბევრი რამ გვესწავლა, როგორც სილიკონ ველიდან ჩამოყვანილი სპეციალისტებისგან, ისე სხვა ინოვაციური იდეების მქონე ხალხისგან. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან წინ გაცილებით დიდი შრომა გველის. „სტარტაპ საქართველოს“ მიერ ჩვენთვის მოცემულ შესაძლებლობას სწორედ პროტოტიპის დახვეწისკენ მივმართავთ.  „ჰაკათონში“ მიღებული 3500 ლარის ოდენობის ჯილდოს ნაწილი უკვე დავხარჯეთ ახალი და მრავალფუნქციური მოდელის დამზადებაში. ასევე, ვგეგმავთ საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც მოხალისეები შშმ პირებს დაეხმარებიან. ამ მიზნით, საიტის ბეტა ვერსია hand4help.com 5 სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

გიორგი ნადარეიშვილი
გიორგი ნადარეიშვილი

პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებულია „ედვექსი“ (Edvex), პლატფორმა, რომელიც მძღოლებსა და ბრენდებს ერთმანეთთან აკავშირებს და მძღოლებს საშუალებას აძლევს, საკუთარ მანქანებზე დროებითი რეკლამის განთავსებით დამატებიში შემოსავალი მიიღონ. „ედვექსის“ CEO-ს, გიორგი ნადარეიშვილის თქმით, იდეა სტუდენტობის დროს გაჩნდა, როდესაც სურდათ ისეთი რამ განეხორციელებინათ, რაც ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას კარგისკენ შეცვლიდა:

„პროექტის საშუალებით გავიზარდეთ როგორც გუნდი, ასევე, უცხოელ ტრენერებთან ურთიერთობამ და ტრენინგებმა ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება შეგვძინა. ვთვლით, რომ ჩვენი პროექტი ძლიერია, მოთხოვნადი და ამავდროულად, ინოვაციურიც. გეგმებს რაც შეეხება, ახლა გაასმაგებული ძალებით ვაპირებთ ამ პროექტის კარგად გამართვას და ბაზარზე შესვლას. ძალიან მალე, გლობალურ ბაზარზეც ვაპირებთ გასვლას.“

1-6 სექტემბერს, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება !

Know No! იცოდე, რას ნიშნავს “არა”! – სოციალური აქცია სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ