in

ქართველი სტარტაპერები და ქართული დელეგაცია “Startup Grind Global”-ზე, კალიფორნიაში

Startup Grind Global“, რომელიც ტრადიციულად, კალიფორნიაში (Redwood City) იმართება, უკვე დასრულდა. ღონისძიება, ჯამში, მსოფლიოს 600 ქალაქიდან 2 000 000-ზე მეტ ანტერპრენერს აერთიანებს. ყოველწლიურად, „სტარტაპ გრაინდ გლობალი“, 10 000-ზე მეტ მონაწილეს იწვევს Silicon Valley-ზე, რომ მათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, ასწავლონ და ისწავლონ, ერთმანეთს დაეხმარონ ანტერპრენერები, ინვესტორები და სხვა დაინტერესებული მხარეები. წელს, ღონისძიებაში საქართველოდან GITA-ს დელეგაცია, ანტერპრენერები და სტარტაპერები მონაწილეობდნენ. როგორ განვითარდა იქ მოვლენები და რა შედეგს მოუტანს “Startup Crind Global” ქართველებს? „მარკეტერი“ GITA-ს დირექტორის მოადგილეს, მარიამ ლაშხს ესაუბრა.

BOG
BOG

მარიამ ლაშხი: „აბა რა ქენი, „აწიე“ დაფინანსება? თუ შენც მეგობრები შეიძინე?“ – ამ ირონიული კითხვით ხშირად მიმართავენ „სილიკონ ველი“ მოვლილ სტარტაპებს, რომლებსაც მოლოდინი აქვთ, რომ პირველივე ვიზიტიდან ფულით სავსე „ქეისებით“ უნდა დაბრუნდნენ სტარტაპები. ფულის, ცნობადობის „აწევა“ კი ერთ ღამეში არ ხდება. „სტარტაპ გრაინდ გლობალის“ მოტოს ქართული ვერსიაა „რასაცა გასცემ შენია!“. ვერასდროს გადმოსცემ იმას, რა სულიც იქ ტრიალებს, სანამ თვითონ არ გამოცდი – დაახლოებით, 0.5 ჰექტარზე გაშლილი სივრცე, კინოსტუდია და საკონფერენციო დარბაზები თუ ტენტები. ეს არის ადგილი, სადაც 10 000-ზე მეტი ინოვაციებით და უკეთესი სამყაროს ფორმირებით შეპყრობილი ადამიანი დაიარება. ღონისძიება მოიცავს რამდენიმე თემატურ სცენას, ვორკშოპებს და საგამოფენო სივრცეებს. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს შესახებ ყველგან ტრიალებდა ინფორმაცია.

უფრო კონკრეტულად?

მ.ლ. :  ტენტში ადვილად შეამჩნევდით საქართველოს დროშიან მაგიდას, რაც საშუალებას იძლეოდა, ინვესტორს და სტარტაპერებს მიეღოთ ინფორმაცია ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო ხელსაყრელ გარემოზე. ასევე – იმ უპირატესობებსა თუ პროგრამებზე, რასაც სახელმწიფო ქვეყანაში GITA-ს დახმარებით ახორციელებს. ქართველ სტარტაპებს კი საშუალება ჰქონდათ, გაეცნოთ მათი ინოვაციური გადაწყვეტები, სამომავლო ინვესტიციების მოზიდვისა თუ საერთაშორისო ბაზარზე შესვლის მიზნით. დამთვალიერებლებს აქვე შეეძლოთ, საქართველოზე მადა „სმარტ ღვინოს“ დაგემოვნებით აღეძრათ, ასევე იღებდნენ მოწვევას 25 – 27 ივნისს, თბილისში დაგეგმილ „სტარტაპ გრაინდის“ რეგიონალურ ღონისძიებაზე.

როგორც ცნობილია, ქათველი სტარტაპერები და ქართული დელეგაციის წევრები, გამოსვლების ნაწილშიც მონაწილეობდნენ . . .

მ.ლ. : 25 საუკეთესო, მსოფლიო სტარტაპს შორის არჩეულმა ქართულმა სტარტაპმა Stack, სტარტაპ სცენიდან მონაწილეების წინაშე საკუთარი იდეა „დაფიჩა“, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა; მე, პირადად, ვმონაწილეობდი VC stage – ანუ ვენჩურული კაპიტალის სცენაზე პანელურ დისკუსიაში, სადაც შესაძლებლობა მქონდა, სცენიდან მიმემართა ინვესტორებისთვის, სტარტაპერებისთვის, მათთვის საქართველოს საინვესტიციო უპირატესობები გამეცნო – მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში არ არსებობს ვენჩურული კაპიტალის ფონდები და ანგელოზი ინვესტორების სისტემაც ჯერ არ არის ფორმირებული, GITA ადრეული სტარტაპების დაფინანსების საშუალებას იძლევა, ასევე ახალისებს ვენჩურული ფონდის და ანგელოზ ინვესტორების ფორმირებას 650 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების საშუალებით – ე.წ. $to$ investment;

კიდევ რით იყო გამორჩეული წლევანდელი “Startup Grind Global” საქართველოსთვის?

მ.ლ. :  საქართველო რეგიონალური ღონისძიების მასპინძლობის ტოპ სამეულში შევიდა, სან-ფრანცისკოსა და ლონდონის შემდეგ, მონაწილეთა რეკორდული რაოდენობით, შემაჯამებელ დაჯილდოვების ცერემონიაზე „სტარტაპ გრაინდ საქართველოს“ ჩეპტერმა დიდი გამოხმაურება მიიღო. ქართველები მსგავს ღონისძიებებზე, ასევე, გამოირჩევიან არაფორმალური „ივენთების“ ორგანიზებით და ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ადგილია ღონისძიების After Party-სთვის, სადაც ყველა ვერ ხვდება. თუმცა ვინც ხვდება, საქართველოს არაფორმალურ ელჩად გარდაიქმნება. გარდა ამისა, შედგა დიასპორასთან შეხვედრა, რომელიც ვიზიტის განუყოფელი ნაწილია. კალიფორნიაში წარმატებულად მოღვაწე ქართველები ხშირად ან ინვესტორად გვევლინებიან, ხან კი სწორი კონტაქტების დამყარებაში გვეხმარებიან, იქნება Apple, Google თუ სხვა კორპორაციები. წარმატებული სტუდენტები, ახალგაზრდა ელჩები ინოვაციურ სტარტაპების პროდუქტებს ეცნობიან და ბაზარზე შესვლაში, სხვა ფინანსურ სექტორში მოღვაწე ქართველებთან ერთად ეხმარებიან. მათ შორისაა ზაზა ფაჩულია, ქართველი სუპერსტარი, რომელმაც ქართველებთან ერთად აღნიშნა დაბადების დღე და რომელიც უკვე ქართული სტარტაპის ერთ-ერთ ინვესტორად გვევლინება. ასევე – George Arison (ირაკლი არეშიძე) shift.com-ის ქართველი დამფუძნებელი.

კიდევ რა შესაძლებლობები ჰქონდათ ქართველ სტარტაპერებსა და ანტერპრენერებს?

მ.ლ. :  ებრაელ კალიფორნიელი ინვესტორი, რომელიც სულ მალე საპატიო კონსულის სტატუსს მიიღებს, სტარტაპებს საკუთარ სახლში საინვესტიციო შეხვედრა და მენტორობა მოუწყო. მოწვეული ექსპერტები ქართველ სტარტაპებს საჭირო რჩევებს უზიარებდნენ, ხოლო მოწვეული ინვესტორები სტარტაპ პროდუქტებს ეცნობოდნენ, სამომავლო ინვესტიციის კუთხით. „სტარტაპ გრაინდის“ პარალელურად, ქართველი სტარტაპები USAID Economic Security პროგრამისა და GITA-ს მხარდაჭერით, ამერიკულ აქსელერატორში US mac (market access center) იყვნენ. ამით, მათ საშუალება მიეცათ, კიდევ უფრო ეფექტურად და წარმატებულად წარედგინათ საკუთარი ინოვაციური იდეები ინვესტორებისთვის.

რაც შეეხება Startup Grind Global-ის მნიშვნელობას საქართველოსთვის, ადგილობრივი სტარტაპერებისა თუ ანტერპრენერებისთვის?

მ.ლ. : მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე მონაწილეობით, საქართველო არამხოლოდ გლობალურ სტარტაპ რუკაზე იმკვიდრებს თავს, არამედ დამყარებული კონტაქტები საშუალებას იძლევა, ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების. სწორედ ასეთ ღონისძიებაზე მონაწილეობითა და შეძენილი მეგობრების საშუალებით შეძლო Pulsar AI-მ 1,2 მლნ აშშ დოლარის „აწევა“. სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანია სწორი უნარების შეძენა, ყველაზე სწორი და ახლო ეკოსისტემა საქართველოსთვის კი მიუხედავად სიშორისა სწორედ „სილიკონის ველია“, სწორედ „სილიკონის ველის“ დონისა და ხარისხის ცოდნას იღებენ ქართველი სტარტაპერები. ზოგჯერ, ინვესტიციებზე უფრო მნიშვნელოვანი, სტარტაპისთვის პროდუქტის ვალიდაცია, საერთაშორისო ბაზარზე შესვლა და მომხმარებლის შეძენაა. ასეთ კონტაქტებთან შეხვედრების მიზნით, სტარტაპერები თვის ბოლომდე დარჩებიან კალიფორნიაში. შაბათიდან კი US mac ის მენტორები, 100 000 ლარიანი გრანტის პროგრამის ფინალისტებს ინტენსიურ ტრენინგებს უტარებენ და პრეზენტაციაზე წარსადგენად ამზადებენ. არამხოლოდ „სილიკონის ველის“ ცოდნის გაზიარება ხდება, არამედ მენტორები ახალ სტარტაპებს ეცნობიან, სამომავლო აქსელერაციაზე გუნდების არჩევისა და ინვესტორების მობილიზების მიზნით. შეიძლება ითქვას, რომ ხიდი „სილიკონის ველსა“ და საქართველოს ეკოსისტემას შორის უკვე გადებულია.

სარკე – სარკეში – ლევან ბახია

#EndFGM – კამპანია ქალთა გენიტალიების დამახინჯების წინააღმდეგ