23
Oct
2019

რატომ უნდა დავესწროთ თბილისურ Startup Grind-ს?

23 Oct 2019

20 ქვეყანა, 1500 დელეგატი, 30 სპიკერი – თბილისი მასშტაბური ღონისძიებისთვის, Startup Grind Tbilisi-ისთვის, ემზადება. 8-10 ნოემბერს, თბილისში, რეგიონის ყველაზე მასშტაბური სტარტაპ ღონისძიება გაიმართება. სტარტაპ გრაინდის ტექნოლოგიურ სამიტს 30-ზე მეტი საერთაშორისო დონის სპიკერი და 1500-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.

“სტარტაპ გრაინდი მსოფლიოს მასშტაბით 600-ზე მეტ წარმომადგენლობას და 2 მილიონ წევრს აერთიანებს და ამ ფონზე, მისი მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება თბილისში ტარდება. ანალოგიურ კონფერენციას „სილიკონ ველიზე“ 8000 მონაწილე დაესწრო, ლონდონში – 3 000, თბილისში კი 1 500 დელეგატს ველოდებით,” – ამბობს Startup Grind Tbilisi-ის დირექტორი, გიორგი ტუხაშვილი.

M: რა არის სტარტაპ გრაინდი და რა მიზანს ემსახურება?

სტარტაპ გრაინდი ყველაზე დიდი ქსელია სტარტაპებისთვის და მისი მთავარი მიზანია, განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ კომპანიებს მისცეს საშუალება მიიღონ საჭირო ინფორმაცია და მხარდაჭერა წარმატებული ანტრეპრენერებისგან და ინვესტორებისგან, განავითარონ იდეები და სამომავლოდ, ხელშესახებ ინოვაციურ პროდუქტებად აქციონ. ეს არის სტარტაპ საზოგადოება, რომლის მთავარი დანიშნულებაა ახალი, საინტერესო პროექტები გააცნოს ანტრეპრენერებს და მხარი დაუჭიროს სტარტაპებს.

M: რა მოლოდინი აქვთ Startup Grind Tbilisi-ის წარმომადგენლობას, როგორ შედეგს ელით?

ეს არის უნიკალური საშუალება ჩვენთვის, რომ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის რეგიონული ჰაბი ჩამოვაყალიბოთ და აღმოსავლეთ ევროპიდან ცენტრალური აზიის ჩათვლით, ყველა ინვესტორი, რომელსაც რეგიონი აინტერესებს ჩამოდიოდეს ჩვენთან, ყველა საინტერესო სტარტაპი კი საქართველოში ეძებდეს პარტნიორებს და რესურსს. მომავალ წელს, იმედი გვაქვს, რომ ლონდონსაც გავუსწრებთ და სტარტაპ გრაინდის ფარგლებში, თბილისში მეორე ყველაზე მასშტაბურ კონფერენციას ვიხილავთ. გვინდა დასავლელ ინვესტორებს ვანახოთ, რომ თუ ისინი ამ რეგიონში საინტერესო პროექტებს ეძებენ, სწორედ საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ.

M: ვინ იქნებიან ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები?

ჩვენი ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერებს შორის არიან ადამიანები, რომლებმაც თავად გაიარეს გზა სტარტაპიდან წარმატებულ კომპანიამდე და ახლა მზად არიან სხვებს გაუზიარონ გამოცდილება. მათ შორის არიან: Glovo-ს თანადამფუძნებელი Sacha Michaud, რომლის კომპანიამაც ევროპის, ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიის 23-ზე მეტ ქვეყანაში სრულიად გარდაქმნა ადგილობრივ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გზები; Google for Startups-ის გლობალური ოპერაციების ხელმძღვანელი Amrit Dhir, რომელიც ტექნოლოგიურ სტარტაპებთან მუშაობს და ყველაზე ინოვაციურ სტარტაპებს ეხმარება ბიზნესის განვითარებაში; 500 Startups Fintech Fund-ის დამფუძნებელი პარტნიორი Sheel Mohnot, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს და ბოლო 6 წლის განმავლობაში, 80-ზე მეტ კომპანიაში აქვს ინვესტიცია განხორციელებული; Brigitte Baumann, რომელიც ევროპაში წლის „ენჯელ“ ინვესტორად არის დასახელებული; კომპანია Shift-ის დამფუძნებელი, წარმოშობით ქართველი George Arison, რომელმაც გადატრიალება მოახდინა მეორადი მანქანების ბიზნესში, მანამდე კი იყო პროდუქტის მენეჯერი Google-ში; Gamal Moukabary, რომელიც ევროპაში ფინტეკის მიმართულებით მოღვაწეობს; Picsart-ის პროდუქტის ხელმძღვანელი და გენერალური მენეჯერი Mikayel Vardanyan და კიდევ სხვა მრავალი კომპანიის დამფუძნებელი, ანტრეპრენერი და ინვესტორი.

M: რას სთავაზობს ტექნოლოგიური კონფერენცია სტარტაპებს?

ჩვენ დიდი ხანია ვეხმარებით სტარტაპებს, ვახვედრებთ ინვესტორებთან და გვაქვს არაერთი წარმატებული მაგალითი, რომ ჩვენმა და ქართული სტარტაპების ერთობლივმა შრომამ შედეგი გამოიღო. ზოგადად, „სილიკონ ველის“ მთავარი ღირებულებაა ძლიერი სტარტაპ საზოგადოება, სწორედ ამიტომ არის ის ასეთი წარმატებული. ჩვენ შემთხვევაშიც, ძლიერი სტარტაპ საზოგადოების ჩამოყალიბება დაეხმარება ინოვაციურ იდეებს აღმოცენებაში. თუ ფიქრობთ სტარტაპის დაწყებას და სამომავლოდ თქვენი იდეისთვის ფინანსების მოძიებას, სტარტაპ გრაინდის კონფერენცია საუკეთესო საშუალებაა რესურსის მოძიებისთვის.

ღონისძების ფარგლებში, ორი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთი მხრივ, ჩამოგვყავს ინვესტორები რომლებსაც რეგიონით დავაინტერესებთ, მეორე მხრივ კი შევარჩევთ 30-ზე მეტ სტარტაპს, რომლებიც შეხვდებიან „სილიკონ ველის“ ინვესტორებს და პირდაპირ მათთან გაივლიან მენტორინგს. სტარტაპებს ვთავაზობთ, დააგროვონ სოციალური კაპიტალი რომელიც მომავალში მათ საერთაშორისო ბაზრების ათვისებაში დაეხმარებათ, მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი წამოწყებები და დააინტერესონ პოტენციური პარტნიორები რომლებიც ნოემბერში, ერთ სივრცეში იქნებიან წარმოდგენილები სტარტაპ გრაინდის საერთაშორისო კონფერენციაზე.

M: რატომ უნდა დავესწროთ სტარტაპ გრაინდის ღონისძიებას?

საქართველოში ბევრი კარგი წამოწყება გვაქვს, მათგან ბევრმა სტარტაპმა უკვე დაიწყო მუშაობა, ბევრიც იდეის განვითარების ეტაპზეა. ზუსტად ახლა ვართ იმ ეტაპზე, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ მენტორინგი რომ სწორი მიმართულებით განვითარდნენ. გარდა ამისა, საქართველოში პრაქტიკულად არ გვაქვს საერთაშორისო ბიზნესის კეთების გამოცდილება და გვიჭირს ახალი ბაზრების ათვისება. დამსწრეებს ვთავაზობთ მოუსმინონ საერთაშორისო დონის სპიკერებს, გააფართოვონ სანაცნობო ქსელი და გაიცნონ საინტერესო ადამიანები, რომლებიც მათ მომავალში აუცილებლად დაეხმარებიან. არც ისე ხშირად გვაქვს ფუფუნება სხვა ქვეყნებში მსგავს საერთაშორისო კონფერენციებს დავესწროთ. ამ შემთხვევაში, ყველაზე მთავარი არის ხელმისაწვდომობა – ტოპ სპიკერებით და საინტერესო შესაძლებლობებით, საერთაშორისო ღონისძიება საქართველოში ჩამოვიტანეთ, სადაც ქართული აუდიტორიისთვის დასწრება გამარტივებულია და ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი.

განხილვა