in

როგორ უნდა მოიზიდოს სტარტაპერმა ინვესტორი? – ოლეგ ოსინოვსკი გვპასუხობს

ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინ, ქართული ბიზნეს გარემოსთვის “სტარტაპის” ცნება, თითქმის უცნობი იყო. დღეს კი, ადგილობრივ ბიზნეს გარემოში ყოველდღიურად იბადება არაერთი სტარტაპი. სტარტაპერები, ეტაპობრივად, ჩანაფიქრის ჯერ პროდუქტად, შემდეგ კი ბიზნესად ქცევას სწავლობენ. არაერთი სტარტაპერი, საქმის საკუთარი რესურსებით გაფართოების პარალელურად, ეძებს დაფინანსების წყაროს. მეორე მხრივ, არიან ინვესტორები, რომლებიც ეძებენ საინტერესო იდეებს და მზად არიან მათ მხარდასაჭერად. ოლეგ ოსინოვსკი ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპელი ინვესტორია საქართველოში. ბიზნესმენმა საქართველოში საქმიანობა 10 წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად, ჰიდროელექტრო სადგურებსა და სარკინიგზო სექტორში იყო ჩაბმული, დღეს კი, Tbilisi Hills Golf & Residences-ის მთავარი ინვესტორია. ჰიდრო ინჟინერიის სფეროში, ბიზნესმენმა მსხვილი ინვესტიცია კინტრიშსა და ლახამში განახორციელა, სადაც 6.6 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგური და 17.5 მეგავატი სიმძლავრის ჰესი აშენდა. ოლეგ ოსინოვსკის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ინვესტიციებიდან აღსანიშნავია Tbilisi Hills Golf & Residences. კომპლექსის ფართობი 331 ჰექტარია, სადაც 350 ვილა, 70-ზე მეტი თაუნჰაუსი, რამდენიმე ათეულობით კორპუსი, 800-მდე აპარტამენტი და მრავალი სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი აშენდება. ოლეგ ოსინოვსკი, რომელიც ესტონურმა გამოცემებმა ქვეყნის ყველაზე მდიდარ ადამიანად დაასახელეს, სტარტაპების მხარდაჭერითაც ინტერესდება. მარკეტერთან ინტერვიუში მან სტარტაპებთან პარტნიორობის თავისებურებებზე ისაუბრა.

M: როგორც ინვესტორი, როგორ სტარტაპებთან თანამშრომლობთ?

ყოველთვის ვცდილობ საქმის კურსში ვიყო, თუ რა სიტუაციაა ამ მიმართულებით ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპების დაფინანსება ჩემი მთავარი საქმიანობა არ არის, ხშირად მიწევს შეხვედრა დამწყებ ბიზნესმენებთან, ვუსმენ, ვაანალიზებ მათ იდეებს და თუ ვთვლი საჭიროდ, მონაწილეობასაც ვიღებ. ჩემი გამოცდილებით, 10-დან მხოლოდ 1 სტარტაპი ამართლებს მოლოდინებს. ყველაზე წარმატებული კომპანია ყოფილი “ტაქსიფაი”, ახლა უკვე “ბოლტი” მახსენდება. როდესაც ესტონეთში პირველად შემომთავაზეს პროექტში ინვესტირება, თავი შევიკავე, “უბერთან” მსგავსების გამო, არ ვიყავი დარწმუნებული მათ წარმატებაში. ინვესტიციების მეორე ეტაპზე უკვე ჩავერთე და კომპანია ახლა 2 მილიარდი დოლარი ღირს, რაც ბუნებრივია ძალიან დიდი წარმატებაა. დღეს “ბოლტი” მსოფლიოს 30 ქვეყანაში ოპერირებს და ძალიან სწრაფად ვითარდება.

ტალინში, ჩემი კომპანიის სათავო ოფისში გვაქვს საინვესტიციო განყოფილება, რომელიც სხვა საქმიანობასთან ერთად ეძებს სტარტაპებს, აფასებს მათ პოტენციალს და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას განვახორციელოთ თუ არა ინვესტიცია.

M: რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ, რომელ სტარტაპში ჩადოთ ინვესტიცია?

იდეის გარდა, რომლისაც ბუნებრივია ან გვჯერა ან არა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის თვალები, ვინც პროექტის შესახებ გიყვება. თუ ვხედავ, რომ მას სჯერა, ენთუზიაზმით არის განმსჭვალული, შემდეგ მეც მიადვილდება დაჯერება.

როდესაც საქმე სტარტაპს არ ეხება და უკვე აწყობილ ბიზნესში გვთავაზობენ ინვესტირებას, ამ დროსაც ყოველთვის ვაფასებ ადამიანებს, ვინც მართავს კომპანიას. მათ უნდა შეძლონ და მოგყიდონ, რომ თავის საქმეში საუკეთესონი არიან.

M: გაიხსენეთ რომელიმე შემთხვევა, როდესაც სტარტაპში ინვესტირებაზე უარი თქვით. რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც არ ჩაერთეთ?

ასეთი ძალიან ბევრი იყო, ძირითადად მაინც უარის თქმა მიწევს. ყველაზე წარმატებული ამ შემთხვევაშიც “ბოლტი” მახსენდება, რომელიც საწყის ეტაპზე არ დავაფინანსე. ვერ დავინახე, რომ ბაზრის ლიდერს “უბერს” გაუწევდნენ კონკურენციას. ზოგადად, ძალიან ძნელია იპოვნო ისეთი ადამიანები, ვინც სწორად აითვისებს თანხას და რაიმე სასარგებლოს შექმნის.

M: ამჟამად, რომელ სტარტაპთან თანამშრომლობთ?

ლატვიური კომპანიაა, რომელიც დირიჟაბლებს აწარმოებს. ეს კომპანია შევარჩიეთ იმიტომ, რომ მათი საქმიანობა ძალიან ოპტიმისტურად გამოიყურება. დირიჟაბლი ერთადერთი ტრანსპორტია, რომლითაც მძიმე ტვირთის სიმაღლეზე ატანა შეგიძლია. ყველაზე ძლიერ ვერტმფრენს რამდენიმე ტონის გადატანა შეუძლია, დირიჟაბლს კი რამდენიმე ასეული ტონის. მაგალითად მიუდგომელ ადგილებში, ქარის ელექტრო სადგურის მიტანა მხოლოდ დირიჟაბლით არის შესაძლებელი.

M: ქართველ სტარტაპერებს რა სჭირდებათ, მაგალითად, თქვენნაირი ინვესტორის მოსაზიდად?

ნებისმიერი სტარტაპერისგან ვითხოვ ერთსა და იმავეს, პროდუქტი ჩემთვის საინტერესო უნდა იყოს. უნდა დავინახო, რომ ეს იდეა/პროდუქტი მსოფლიოს სჭირდება. სტარტაპერებმა ზუსტად უნდა იცოდნენ ვისთვის ქმნიან პროდუქტს, რატომ გადაიხდიან ეს ადამიანები ამა თუ იმ თანხას ამ სერვისსა თუ პროდუქტში. ნივთი შეიძლება იყოს უმაღლესი ტექნოლოგიების, ძალიან ლამაზი, ელეგანტური, მაგრამ ადამიანებს ის არ სჭირდებოდეთ და არ უნდოდეთ მასში თანხის გადახდა.

მე პირადად მიყვარს ნივთები, რომლებსაც საზოგადოებისთვის პრაქტიკული სარგებლის მოტანა შეუძლია. კომპიუტერული ტექნოლოგიები, ბუნებრივია დღევანდელ დღეს მითუმეტეს, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ამ მიმართულებით დაინტერესებული არ ვარ. მე მინდა ჩემი ფინანსები მივმართო იქ, სადაც ქმნიან რაღაც ახალს, რაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის.

M: როგორ ფიქრობთ, ინვესტორები რა შეცდომას უშვებენ ყველაზე ხშირად?

ამ სფეროში შეცდომა უფრო მეტია, ამის უამრავი მიზეზი არსებობს. წარმატება უფრო იშვიათია, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ყველა ბაზარი დაკავებულია, ყველაფერი უკვე შექმნილია, ადგილის პოვნა კი ძალიან რთული. უნდა იცოდე რატომ არის შენი პროდუქტი სხვებზე უკეთესი. ინვესტორებისთვის ძალიან რთულია ისეთი ადამიანის პოვნა და ნდობა, ვისაც ძალიან უყვარს თავისი საქმე, 24-საათი ამ საქმეზე ფიქრობს. ასეთი ადამიანების პოვნის შემთხვევაში წარმატებაც გარდაუვალია.

 

[პარტნიორის კონტენტი]

Adidas-ისა და სტელა მაკარტნის კოლექციის სახე კანადელი მომღერალი გახდა 

გამოიცანი, ნამდვილია ეს ხორცი? – Burger King-ის თამაში