in

მასშტაბური სასკოლო სტარტაპ მარათონი – გაიგე მეტი მენტორებისგან

ალტე უნივერსიტეტი საქართველოში პირველად მასშტაბურ სასკოლო სტარტაპ-მარათონს ატარებს ისეთ პარტნიორებთან ერთად როგორიცაა თიბისი ახალი თაობისთვის და სტარტაპერი ,ისრაელის საელჩო, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და სხვა. მარათონის მიზანი სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების განვითარება, მათი იდეების ხელშეწყობა და ანტრეპრენერობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა..

კონკურსზე სულ 128 აპლიკაცია შემოვიდა, რომელთა შორისაც, საბოლოო ჯამში, 15 გუნდი შეირჩა. მონაწილეები არიან როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. იდეების უმეტესი ნაწილი კი თანამედროვე ტექნოლოგიებს ეხება. კონკურსის ფარგლებში გუნდებს გამოცდილი და პროფესიონალი მენტორები ხელმძღვანელობენ. პროექტის მონაწილეების ონლაინ ტრენინგები უკვე დასრულდა, ახლა მათთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი – მენტორინგის სესიები იწყება, რომელიც მოიცავს მენტორების რეგიონებში სტუმრობასა და ადგილზე ქოუჩინგის გაწევას. 27 აპრილს, 15 გუნდი ჟიურის წინაშე საკმაოდ საინტერესო და დახვეწილი იდეებით წარსდგებიან. ამ ყველაფერს კი ალტე უნივერსიტეტის მიერ შერჩეული 4 მენტორი უზრუნველყოფს. გაიცანით ისინი და გაიგეთ კიდევ უფრო მეტი დეტალი მარათონის მსვლელობის შესახებ თავად მენტორებისგან:

გიორგი ყანჩაველი

 

როდესაც ვსაუბრობთ მეწარმეზე და მეწარმეულ აზროვნებაზე, ყველაზე მნიშვნელოვანია, გქონდეს სურვილი და მზადყოფნა, აიღო რისკი, რომ გადაჭრა არსებული პრობლემები, შექმნა ახალი ან განავითარო არსებული პროდუქტი/სერვისი რადიკალური ნაბიჯებით. ეს მიდგომა კი მოითხოვს, რომ იყო ინოვატორი, იყო ლიდერი და რაც ყველაზე მთავარია იყო შემოქმედი, რომელიც ყოველთვის შედეგზეა ორიენტირებული. (DOER).

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებთან ზუსტად ამ მიმართულებით ვმუშაობთ – დავანახეთ ის გზა, რასაც მეწარმეობა სთავაზობს და განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომლებიც სწორედ აღნიშნული პროცესისთვის მოამზადებს მათ. 

პროექტის ფარგლებში განვითარებული უნარებით ისინი შეძლებენ მკაფიოდ განსაზღვრონ თუ რა პრობლემას აგვარებენ. ასევე, ისინი შეძლებენ, ბიზნეს მოდელზე დაყრდნობით განავითარონ იდეა და სწორი მეთოდებით ესაუბრონ ერთი მხრივ მომხმარებლებს და მეორეს მხრივ, ინვესტორებს/პარტნიორებს”.

თემო ბარათაშვილი

 

დამწყები მეწარმისთვის მთავარია წარმატების რწმენა და მარცხის შიშის დაძლევა. თუ შენი იდეის წარმატების გჯერა, მაშინ ვერაფერი შეგაჩერებს. რაოდენ არარეალური იდეაც არ უნდა გქონდეს, მაინც ყველაფერს იზამ იმისთვის, რომ რეალობად აქციო, მაგრამ თუ იდეა რეალობსგან შორსაა, ის, რა თქმა უნდა, მარცხს განიცდის. აქ უკვე საჭიროა თვითკრიტიკა და განათლება. როგორც ზოგადი, ასევე ბიზეს განათლებაც. სხვანაირად რომ ვთქვათ, უნდა იცოდე, როგორ კეთდება საქმე, როგორ მუშაობენ კომპანიები, როგორ ხდება პარტნიორების მოპოვბა, მომხმარებელზე მორგებული პროდუქტის შექმნა, პროდუქტის გაყიდვა ა.შ. თუ თვითკრიტიკა გაგაჩნია, რეალობისგან განშორებულ იდეას არ მოიფიქრებ და შეეცდები, შენი იდეა დახვეწო და განავითარო ისე, რომ რეალობაში წარმატებული გახდეს. 

მარცხის შიშის დაძლევა კი დაგეხმარება იმაში, რომ პირველი იდეა თუ არ გამოგივა და განიცდი ე.წ. Fail-ს, არ დანებდები, დასკვნას გამოიტან და შეეცდები შემდეგი იდეის რეალიზების დროს წინა შეცდომები არ დაუშვა”.

ლევან პაიჭაძე

ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი მეწარმისა თუ დამწყები მეწარმისათვის არის დაწყება. მარტივად ჟღერს, თუმცა ნამდვილად ასე. შეგვიძლია დიდხანს ვილაპარაკოთ, თუ რისი გაკეთება გვსურს, ავაგოთ ფანტაზიები, თეორიები, თუმცა პრაქტიკამდე ვერც მივიდეთ, ამიტომაა მნიშვნელოვანი, დაიწყო, დადო შენი სტარტაპის/ბიზნესის MVP და მინიმალური ფუნქციონალითა თუ სერვისებით შეხვიდე თუნდაც, სატესტო ბაზარზე, გაიგო, მუშაობს თუ არა და შემდეგ განავითარო ის ან შეცვალო.

ვფიქრობ, ყველა მოსწავლეს, რომელიც ამ პროექტშია ჩართული, ექნება უნიკალური შესაძლებლობა – გამოსცადონ თავიანთი იდეა რეალურ გარემოში. ამ პროცესში კი ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით საინტერესოა მენტორინგის სესია, სადაც მენტორები (ჩემი ჩათვლით) მჭიდროდ ვმუშაობთ გუნდებთან, ვსვამთ რთულ და საინტერესო კითხვებს და ვცდილობთ მონაწილეებმა იპოვონ ის გარემოებები, რომელზეც ჯერ მათ არც კი უფიქრიათ. სავსებით რეალურია მონაწილეების მიერ შერჩეული ბიზნეს მოდელი შეიცვალოს და ჟიურის წინაშე უკვე სულ სხვა მოდელით გავიდნენ. გამარჯვებულ გუნდს საკმაოდ კარგი ბუსტი ექნება ბიზნესისათვის, პირველ ინვესტიციას მიიღებს, რაც ვფიქრობ, რომ ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა მათთვის“.

ზურაბ პერტაია

,,დამწყები მეწარმისთვის მთავარია, არ შეუშინდეს გამოწვევებს, ყოველთვის მოუსმინოს მომხმარებელს და მუდმივად ისწრაფვოდეს ინოვაციებისკენ. პროექტი მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, დაინახონ საკუთარი ბიზნესიდეების შესაძლებლობები, დახვეწონ ისინი და გაანალიზონ საკუთარი სტარტაპი. ასევე მონაწილეებს საშუალება აქვთ, მოემზადონ ბიზნესიდეისგან სტარტაპის შესაქმნელად და მომხმარებელთან საკუთარი პროდუქტის გასატესტად“.

Start-up მარათონის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცანით ალტე უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: www.alte.edu.ge.

[R]

აგროჰაბის მარკეტინგის სამსახურს ბაია თორაძე უხელმძღვანელებს

ანტრეპრენერი, რომელმაც მარტომ შექმნა Shutterstock