21
Dec
2017

როგორ აფასებენ ორგანიზატორები წლევანდელ „სტარტაპ მარკეტს“?!

21 Dec 2017

„სტუმრების რაოდენობით და სტარტაპერების განწყობით თუ ვიმსჯელებთ, ღონისძიებამ იმაზე კარგად ჩაიარა, ვიდრე წარმოგვედგინა. „სტარტაპ მარკეტ ექსპო“ პირველად 2016 წელს ჩატარდა და იმდენად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ორმაგი პასუხისმგებლობა იყო, მოლოდინი წელსაც გაგვემართლებინა“- ამბობს „სტარტაპ მარკეტის“ პროექტის მენეჯერი მარიამ შევარდენიძე

 

მისივე თქმით, ღონისძიება საინტერესო იყო ყველა ასაკის მომხმარებლისთვის: „მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა რიგი სტარტაპერების დახლებთან.  სტუმრებისთვის ძალიან საინტერესო იყო სპიკერების გამოსვლა, დისკუსიები და გათამაშებები, რაც განსაკუთრებით გვახარებს. ჩვენი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაც სწორედ გამოცდილების გაზიარება და იმ ადამიანების ინსპირაციაა, ვინც უკვე გადაწყვიტა, ან მომავალში აპირებს, სტარტაპერობას“.

მონაწილეებმა როგორ შეაფასეს ღონისძიება?

„სტარტაპ მარკეტი“ დამაკავშირებელი რგოლია მომხმარებლებისთვის და 120-მდე მეწარმისთვის. ამიტომ, ჩვენთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც მონაწილეების, ისე სტუმრების შეფასება. მეწარმეების უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ „სტარტაპ მარკეტი“ არის ძალიან კარგი შესაძლებლობა საზოგადოებისთვის პროდუქციის გასაცნობად და საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს წინასწარ დავურიგეთ „ლაიქ“ სტიკერები იმისთვის, რომ ხმა მიეცათ იმ სტარტაპისთვის, რომელიც განსაკუთრებით მოეწონათ. საბოლოოდ, გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებსაც სპეციალური პრიზები გადავეცით.

როგორ აისახება  „სტარტაპ ექსპო“ სტარტაპერების  მომავალ საქმიანობაზე? 

პირველ რიგში, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, შენი პროდუქტი გააცნო ფართო აუდიტორიას და მომხმარებლებისაგან გულწრფელი შეფასება მოისმინო. სოციალურ ქსელში ჯერ კიდევ გვთხოვენ ინფორმაციას იმ სტარტაპერებზე, რომლებიც განსაკუთრებით დაამახსოვრდათ. „სტარტაპ მარკეტი“ გეხმარება გადააფასო, რა სურს სინამდვილეში მომხმარებელს, რას უფრო აქცევს ყურადღებას და რა შენიშვნები აქვს. საბოლოოდ, ეს ყველაფერი უფრო გზრდის და გიქმნის წინაპირობას, იმ საქმით უფრო მეტი ადამიანი დააინტერესო, რომელიც ძალიან გიყვარს.

რა მოლოდინი გქონდათ ორგანიზატორებს, მთავარ მიზანს მიაღწიეთ?

„სტარტაპ მარკეტ ექსპო“ უკვე ასოცირდება წინასაახალწლო სამზადისთან, ჯანსაღ გარემოსთან, ახალი კონტაქტების დამყარებასთან, იდეების გაზიარებასთან და გართობასთან. ბევრმა სტუმარმა აღნიშნა, რომ თავს ისე გრძნობდა, თითქოს, საქართველოში არ იყო. „სტარტაპ მარკეტს“ აქვს ამბიცია, დაამსხვრიოს სტერეოტიპები. პირველ რიგში უნდა დავამტკიცოთ, რომ ხარისხიანი პროდუქტი ისევე მზადდება საქართველოში, როგორც მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში. გარდა ამისა, წლევანდელი „სტარტაპ მარკეტ ექსპო“ იყო ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ საქართველოშიც შეიძლება ჩავატაროთ ხარისხიანი „ივენთები“, რომელსაც გულშემატკივრობენ, ელოდებიან და რომელიც უყვართ.

განხილვა