in

ინტერიერის ფერმა „მინდორი“ – როგორ პასუხობს ახალი სტარტაპი ბაზრის მოთხოვნებს

Startauperi
Startauperi

მარიტა გენებაშვილი და ლეკო შათირიშვილი, მალე, ახალ, რიგით მესამე სტარტაპს „გაუშვებენ“. „მინდორი“ ინტერიერის მრავალდონიანი ფერმაა, სადაც სხვადასხვა კულტურის მოყვანა შეიძლება. როგორც ამბობენ, რომ ახალი პროექტის მიზანია, პროფესიონალ შეფებსა და მოყვარულ მზარეულებს მისცენ შესაძლებლობა, თავად მოიყვანონ მწვანილი და ბოსტნეული. პროექტის პრეზენტაცია 5 ნოემბერს, შანხაიში, იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე (CIIE) შედგება.

მარიტა გენებაშვილი:  მე და ლეკო, დაახლოებით, 3 წლის წინ „მოვიწამლეთ“ სტარტაპერობით და მას შემდეგ, მუდმივად იდეების გენერაციის რეჟიმში ვართ. პრაქტიკულად, ჩვენი ჰობი გახდა ის, რომ მუდმივად რაღაც იდეებზე ვფიქრობთ, ვტესტავთ. ზოგადად, ჯანსაღი კვება და მწვანე ტექნოლოგიებია ჩვენი ინტერესის სფერო და ბუნებრივია, ფიქრიც ამ მიმართულებით მიდის. „მინდორი“ ზუსტად ასეთი რიგითი „ბრეინშტორმინგის“ შედეგია. იდეის გაჩენიდან და შინაურული ტესტირებებიდან ძალიან მალე გამოჩნდა მსოფლიო ბანკისა და „ჯიტას“ თანადაფინანსების გრანტების პროგრამა, სადაც 150-ზე მეტ იდეას შორის გავიმარჯვეთ, გრანტი მოვიპოვეთ და უკვე აქტიურად დავიწყეთ პროტოტიპზე მუშაობა. ჩვენთვის „მინდორი“, პრაქტიკულად, „მიკროგრინის“ განახლებული ვერსიაა.

M:რა არის „მინდორი“? 

ლეკო შათირიშვილი: „მინდორი“ არის ინტერიერის მრავალდონიანი ფერმა, სადაც მომხმარებელს სპეციალური მიწის კაფსულების საშუალებით შეუძლია, მოიყვანოს სხვადასხვა მცენარე, მწვანილი, ბოსტნეული, ყვავილი. კულინარიულ ექსპერიმენტებზე შეყვარებული ადამიანებისა და პროფესიონალი მზარეულებისთვის ადგილობრივ სუპერმარკეტებში ძალიან ცოტა სახეობის მწვანილი და ბოსტნეულია ხელმისაწვდომი. ჩვენ გვინდა, მათ მივცეთ საშუალება, მარტივად, ოთახის პირობებში, მოიყვანონ სასურველი მცენარე, მაგალითად, ბაზილიკი, როზმარინი, ლავანდა, ან, თუნდაც, ყოველდღიური მოხმარების მწვანილი – ოხრახუში, კამა, სალათის ფოთოლი, ჩერი პომიდორი და ა.შ.

M: როგორც აღნიშნეთ, „მინდორი“, პრაქტიკულად, „მიკროგრინის“ განახლებული ვერსიაა. ახალი, თანაც, ძველის მსგავსი სტარტაპის საჭიროება იყო ბაზარზე?

მ. გ. : როგორც პირადი, ისე „ინებეს“ გამოცდილებით ვიცით, რომ მუდმივად დეფიციტია ბაზარზე ოდნავ არასტანდარტული მწვანილის, პიტნაც კი დეფიციტურია, ხანდახან, არა თუ ისეთი მწვანილები, როგორიცაა ბაზილიკი, ტარხუნა, რუკოლა და ა.შ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, სად არის მოყვანილი მწვანილი, ამიტომ, ჩვენი „შინაგანი რწმენით“ არსებობს ბაზარზე ე.წ. თავისუფალი ადგილი, რომელიც შეგვიძლია დავიკავოთ. და არამარტო ქართულ ბაზარზე.

M: „მინდორი“, ალბათ, არ არის ერთადერთი ინტერიერის მრავალდონიანი ფერმა, სადაც მიწის კაფსულებით შეიძლება მწანილის ან ბოსტნეულის მოყვანა. მის სასარგებლოდ არჩევანი რატომ უნდა გააკეთოს მომხმარებელმა?

ლ. შ. : მსოფლიოში არსებობს რამდენიმე ბრენდი, რომელიც აწარმოებს ოთახის სათბურებს და მომხმარებელს, დაახლოებით, ისეთივე პროდუქტს სთავაზობს, როგორიც „მინდორია“. ეს კარგია,  რადგან ვრწმუნდებით, რომ „ბაზარი“ არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა,  „მინდორს“  აქვს რამდენიმე თავისებურება, ერთ-ერთი არის სიმარტივე. მაგალითად, კონკურენტების უმრავლესობა მომხმარებელს სთავაზობს DYI მოდელს, ანუ მას ცალ-ცალკე მისდის მიწა, სასუქი, თესლი, და სათბური და თავად უნდა შექმნას მიწის ნაზავი, რომელშიც თავადვე უნდა დათესოს მცენარე, შემდეგ კი მორწყას რეგულრულად. „მინდორმა“ შექმნა მიწის კაფსულა, რომელიც არის სპეციალური მიწის ნაზავი, რომელშიც წინასწარ მოთავსებულია თესლი და აქვს ავტომატური მორწყვისთვის „ფითილი“.  ერთადერთი რაც მომხმარებელს მოეთხოვება, არის ამ კაფსულის აღება და წყლით სავსე სათბურში მოთავსება.

M: რა იყო თქვენი მიზანი, „მინდორი“ რომ შექმენით?

ლ.შ.: „მინდორის“ მიზანია, შეფებსა და მოყვარულ მზარეულებს მისცეს ახალი გამოცდილება, თავად მოიყვანონ საყვარელი მცენარე, მოკრიფონ ის უშუალოდ მომზადების წინ და გაამრავალფეროვნონ კერძები.

M:  ახლა რა ეტაპზეა სტარტაპი? რა გეგმები გაქვთ?

ლ.შ. : ამ ეტაპზე, პროტოტიპი დასრულებულია, დაწყებულია საპატენტო სამუშაოები და ამერიკელ მენტორებთან ერთად, ვმუშაობთ ბიზნეს მოდელის სრულყოფაზე. ძალიან გვინდა, გაშვების მომენტშივე, [სავარაუდოდ, დეკემბერში] „მინდორი“ იყოს, როგორც მინიმუმ, რეგინალურ ბაზარზე ხელმისაწვდომი.

M: აქამდე იყო  „ინებე“ და „მიკროგრინი“. ეს სტარტაპები რა ეტაპზეა?

მ.გ.: ორივე მათგანი განვითარების აქტიურ ფაზაშია, „ინებე“ წელს 2 წლის გახდა, „მიკროგრინი“ კი – 1-ის. „ინებეს“ აქვს თავისი პროექტები – გავაფართოეთ სამზარეულო და ვიმატებთ ახალ მიმართულებებს, რა თქმა უნდა, ჯანსაღი კვების ჭრილში. „მიკროგრინში“, ამ ეტაპზე, ორიენტირებული ვართ ექსპორტზე კავკასიის, რეგიონში.

M: თქვენი გამოცდილებით თუ იმსჯელებთ, როგორი გარემოა საქართველოში სტარტაპების დასაწყებად და შემდეგი საქმიანობისთვის? 

მ.გ. : ძალიან ხშირად გამიგია წუწუნი,  „აი ფული, რომ მქონდეს, ისეთი მაგარი ბიზნესიდეა მაქვს…“ ასეთი ადამიანების არ მჯერა. საწყისი კაპიტალი, ხშირად, მეორე ხარისხოვანი პრობლემაა. უკვე რამდენიმე წელია, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც არსებობს ფონდების მოძიების წყაროები, სადაც საშუალებას გაძლევენ, იდეები განახორციელო. მაგრამ საქმე ზუსტადაც იმაშია, რომ იდეა არ არის მთავარი, მთავარია შინაგანი ძალა, მოტივაცია და კომპეტენცია ამ იდეის განხორციელებისთვის. მეწარმეობა მოითხოვს იმაზე 100-ჯერ უფრო მეტ გამძლეობას, ენერგიასა და თავადადებას, ვიდრე ერთი შეხედვით, გარედან ჩანს.

M: რა ეტაპზე იქცევა სტარტაპი სრულფასოვან კომპანიად?

მ.გ. : სტარტაპერის სტატუსი, ჩემი აზრით, დროსთან ერთად უფრო გადის, ვიდრე შემოსავლების ზრდასთან. შეიძლება, პირველ წელს კომპანია ძალიან წარმატებული იყოს, მაგრამ ის ჯერ მაინც სტარტაპია. მე-5 წელს კომპანია რომ პოზიტიური არ არის, ეს სტარტაპერობას კი არ ნიშნავს, არამედ იმას, რომ კომპანია ვერ შედგა. თუმცა, აქვე გასამხნევებლად მინდა გითხრათ – „ამაზონმა“ პირველი მომგებიანი კვარტალი, გახსნიდან, 5 წელიწადში აჩვენა.

M: სამომავლოდ რას გეგმავთ?

ლ.შ. : ამ ეტაპზე, ჩვენი ყველაზე დიდი ინტერესია მსოფლიო ბაზარზე გასვლა. ეს არის ახალი ფურცელი ნებისმიერი ბრენდისთვის, განსაკუთრებით, სტარტაპისთვის, მით უმეტეს, ქართული სტარტაპისთვის. ამიტომ, ყველა ფიქრი და სტრატეგია იქით გვაქვს მომართული, რომ საერთაშორისო გავხადოთ არსებული პროდუქტები.

შვეიცარიის ალპები Aston Martin-ისა და TAG Heuer-ის ვიდეორგოლში

მწვანე უბანი, „მეტრა პარკი ბაგებში“ ახალ საცხოვრებელ გარემოს ქმნის