in

PreshFood, კვების ობიექტებში დარჩენილი ჯანსაღი საკვების გაყიდვით, გარემოზე ზრუნავს

Startauperi
Startauperi

დღეისათვის საქართველოში ტონობით საჭმელი იყრება, რაც მორალურ და კომერციულ პრობლემებთან ერთად, ეკოლოგიურ ზიანსაც იწვევს — ნაგავსაყრელზე აღმოჩენილი პროდუქცია გახრწნის პროცესში მეთანს გამოყოფს, რაც გარემოსთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა.

სწორედ ამ საკითხის მოგვარებას ემსახურება ქართული სტარტაპი PreshFood, რომელიც საცხობებს, ხილბოსტნეულის მაღაზიებს, საკონდიტროებსა და კაფეებს ეხმარება, პროდუქტის სრული რეალიზება მოახდინონ. უფრო კონკრეტულად, საკვები, რომელიც სხვა შემთხვევაში გადაიყრებოდა, ნახევარ ან მესამედ ფასად გაიყიდება და მომხმარებელთა ნებისმიერი სეგმენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

საგულისხმოა, რომ PreshFood საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის გამარჯვებული სტარტაპია.

სტარტაპის შესახებ უფრო დეტალურად PreshFood-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რატი დანელია გვიამბობს.

M: როგორ და რატომ გაჩნდა PreshFood-ის შექმნის იდეა?

დაახლოებით ნახევარი წლის წინ აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი საჭმელი იყრება. საუბარი იყო არა იმ საჭმელზე რომელსაც ვყიდულობთ და შემდეგ არ მოვიხმართ, არამედ იმ საჭმელზეც, რომლის გაყიდვაც ჩვენთვის უსაყვარლესმა კაფეებმა, საცხობებმა თუ მაღაზიებმა ვერ მოასწრეს.

ამ ფაქტმა ძალიან გაგვანაწყენა. საჭმლის გადაყრა მორალურად და კომერციულად რომ ცუდია, ამაზე ყველა ვთანხმდებით, თუმცა არის კიდევ ერთი პრობლემა — გადაყრილი საჭმელი დეკომპოზიციის დროს გამოყოფს მეთანს, რაც ნახშირორჟანგზე 25-ჯერ საზიანოა ჩვენი პლანეტისთვის. ამავდროულად, იფიქრეთ, რამდენი ენერგია, წყალი და მუშაობა იხარჯება თითო კერძის გაკეთებაში და მარტო იმიტომ, რომ ამ პროდუქციამ ჩვენამდე ვერ მოაღწია, მას უბრალოდ ვყრით.

PreshFood-ში ვოცნებობთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებაზე, სადაც ამდენ უგემრიელეს საჭმელს, იქნება ეს ხაჭაპური, ბოსტნეული თუ ნამცხვარი, არ გადავყრით და, შესაბამისად, სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ აპლიკაციაზე მუშაობა, რომლის მეშვეობითაც ეს საკვები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება და გაიყიდება ნახევარ ან მესამედ ფასში.

M: რა იყო პირველი ნაბიჯები იდეის განსახორციელებლად?

თავდაპირველად ყველანაირი რესურსის გარეშე შევეცადეთ, რამდენიმე საცხობს დავხმარებოდით. მაშინ აპლიკაცია საერთოდ არ გვქონდა და დარჩენილ ფასდაკლებულ ხაჭაპურებს და ლობიანებს სამეზობლოში ვარიგებდით.

პრობლემაც ხომ ამაშია? დღის ბოლოს ფასდაკლებები ისედაც კეთდება და მოთხოვნა ფასდაკლებულ საკვებზე, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა რაოდენობრივად საკმარის მომხმარებლამდე არ მიდის ხმა და, შესაბამისად, დარჩენილი საჭმელი, რომელიც საღამოს სრულიად ჯანსაღი და ვარგისიანია, ნაგავსაყრელზე ხვდება.

რაც უფრო მეტ მცხობელს გავესაუბრეთ მით უფრო მივხვდით პრობლემის სირთულეს, რამაც ჯიტას საგრანტო პროგრამაში გაწევრიანებისკენ გვიბიძგა, ინვესტორებისგან მიღებულმა დასტურმა და თანადგომამ კი საბოლოო მუხტი მოგვცა ჩვენი დრო სრულიად ამ საქმისთვის დაგვეთმო.

 M: ამჟამად რამდენად მასშტაბურია თქვენი სტარტაპი და რას აკეთებთ კონკრეტულად? 

ვინაიდან მთავარი პრობლემის წყარო მდგომარეობს იმაში, რომ პროგნოზირება, თუ რამდენი საკვები რეალიზდება ყოველდღიურად თუნდაც ერთ, ცალკეულ საცხობში, შეუძლებელია, საკვები ბიზნესების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს ჩვენს მიდგომას. მათი ინტერესი, გამოიყენონ ჩვენი სერვისი, საკმაოდ დიდია და ამჟამად სწორედ ამგვარ მოლაპარაკებებში ვართ ჩართული.

M: უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, როგორ შეძლებენ მომხმარებლები თქვენი პროდუქტით სარგებლობას? და რა უპირატესობა ექნება მას როგორც ხალხისთვის, ისე კომპანიებისთვის?

ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით, მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეიძინონ ძვირფასი საკვები მესამედ ან ნახევარ ფასად, ისიამოვნონ მაღალი ხარისხის პროდუქციით და, ამავდროულად, გადაარჩინონ პლანეტა. იქიდან გამომდინარე, რომ კვების ობიექტებმა ზუსტად არ იციან, რა პროდუქცია დარჩებათ ჭარბი რაოდენობით, საკვები გაიყიდება ჩანთებში და მომხმარებლისთვის სიურპრიზად დარჩება, რომელ ძვირფას საჭმელს „გადაარჩენს“ თავისი საყვარელი ობიექტებიდან.

რაც შეეხება საკვებ ობიექტებს, ერთი მხრივ, მათ კომერციული შესაძლებლობა აქვთ, დანაკარგი მოგებად აქციონ. ხოლო,  მეორე მხრივ, აპლიკაციას ახალი მომხმარებლებისთვის თავიანთი პროდუქტის გასაცნობადაც გამოიყენებენ. აგრეთვე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღევანდელი მძიმე ეკოლოგიური ფონიდან გამომდინარე, ბიზნესების უმეტესობა ცდილობს, გააუმჯობესოს სამეწარმეო მიდგომები და უფრო ეკოლოგიურად მდგრადი გახდეს, რაშიც ჩვენი სერვისი მათ ძალიან ეხმარება.

M: საქართველოს რომელ რეგიონებს მოიცავთ?

ვფიქრობთ, ამ წლის ბოლოსთვის შევძლებთ თბილისის ბაზრის ათვისებას. შემდეგ კი სხვადასხვა ქალაქშიც დავნერგავთ სერვისს — მათ შორის, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.

M: სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ და თქვენი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში რა გავლენა ექნება თქვენს საქმიანობას გარემოზე?

რაც უნდა გასაოცრად ჟღერდეს, ჩვენი საბოლოო მიზანია, ბაზრიდან გავიდეთ და ჩვენნაირი სერვისის საჭიროება აღარ იყოს, ეს კი მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა საჭმლის გადაყრის პრობლემას მოვაგვარებთ. ამჟამად მთელ მსოფლიოში დამზადებული საკვების 1/3 იყრება, რის შედეგადაც მიღებული აირები კლიმატის ცვლილებებზე მოქმედებს.

ჩვენი აპლიკაციიდან გადარჩენილი ერთი ძვირფასი ჩანთა საკვების წარმოებით გამოწვეული 2,5 კგ ნახშირორჟანგის გამოყოფას უშლის ხელს — ანუ, მომხმარებელს მხოლოდ 1 კვირაში შეუძლია პლანეტა გადაარჩინოს იგივე ზიანისგან, რომელიც სმარტფონის 2000-ჯერ დამუხტვით წარმოიქმნება.

მომხმარებლებისა და ბიზნესების მხარდაჭერით, ვფიქრობთ, მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ პლანეტის გასაჯანსაღებლად.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სოციალურ მეწარმეთა ფორუმზე საწარმო „ლიდერი“ დააჯილდოვა

„მარადიული კლასიკა“ — ირაკლი მაქაცარია Orient-ის უახლესი კოლექციის საათებს წარადგენს!