20
აპრ
2018

თიბისის პროგრამა „სტარტაპერი“ ყოველთვიურ პანელურ შეხვედრებს – სტარტაპ სესიებს იწყებს!

20 აპრ 2018

თიბისის პროგრამა „სტარტაპერი“ და „ფაბრიკა“ დამეგობრდნენ და 29 აპრილიდან, გამართავენ ყოველთვიურ პანელურ შეხვედრებს – სტარტაპ სესიებს სტარტაპერებისთვის, რომლებსაც ბიზნესის სფეროში აღიარებული ადამიანები საკუთარ უნიკალურ გამოცდილებას გაუზიარებენ. პირველი შეხვედრის სპიკერი იქნება ზვიად ციკოლია, ხოლო პირველი თემა – „შენ, სტარტაპერი“. რაც შეეხება პანელ დისკუსიებს, მოდერატორი იქნება ანდრო დგებუაძე. პროექტი მთლიანად დაფინანსებულია თიბისი ბანკის მიერ, მედიამხარდამჭერია Marketer.ge. სტარტაპ სესიების დეტალებზე მარკეტერის შეკითხვებს თიბისის პროგრამა სტარტაპერის მენეჯერმა, მარიამ კიკალეიშვილმა უპასუხა:

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

M: რა არის სტარტაპ სესიების მიზანი?
ზოგადად, ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ წინა პლანზე წამოვწიოთ არა მხოლოდ სტარტაპები, არამედ თვითონ სტარტაპერები – ადამიანები, რომლებიც ახლა დგამენ ბიზნესში ნაბიჯებს. ვფიქრობთ, რომ სტარტაპერობა რაღაც ენერგიის მატარებელია და ამ ენერგიაში ვგულისხმობთ: გამბედაობას, რისკს, მიზანდასახულობას, შრომისმოყვარეობას, ინოვატორობას, სიახლეებისადმი ღიაობას და ა.შ.

სტარტაპ სესიები ემსახურება სტარტაპ კულტურის შექმნას საქართველოში, იმ საინტერესო ადამიანების თანამონაწილეობით, რომლებმაც საკუთარი ინოვაციური იდეებითა თუ რისკიანი გადაწყვეტილებებით შეიძინეს ის ენერგია, რომლის გაზიარებაც წარმატების გზაზე მდგომი ახალბედა ბიზნესმენებისთვის, იქცევა ინსპირაციის წყაროდ და მოტივაციად, რომ შექმნან რაღაც ახალი და უნიკალური.M: ვის შეეძლება შეხვედრებზე დასწრება?
პროგრამა სტარტაპერის ბენეფიციარები, ყველა, ვინც ჩვენს ვებგვერდზეა დარეგისტრირებული, შეძლებს ავტორიზაციის გავლას სესიებზე დასასწრებად. თუმცა, ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ არიან დარეგისტრირებულები, მაგრამ მათს ბიზნესს აქვს საქმიანობის 2 წლამდე გამოცდილება, ჩვენს გვერდზე რეგისტრაციისა და სტარტაპ სესიებზე ავტორიზაციის გავლის შემდეგ მოხვდებიან პროექტში. შეხვედრები გაიმართება „ფაბრიკაში“, რუფტოფზე ან ჰოსტელის შიდასივრცეში. ამიტომ, ვფიქრობთ, საშუალოდ, 80 ადამიანის მიღებას შევძლებთ.

M:
 რატომ ამჯობინეთ სტარტაპ სესიებითვის პანელური შეხვედრების ფორმატი?

შეხვედრებს ეყოლება მოდერატორი და ის წარმართავს სესიებს, რადგან ვიფიქრეთ, რომ ასეთ ფორმატში უფრო მიიღებს აუდიტორია იმ ინფორმაციას, რაც ნამდვილად სჭირდება მას. დისკუსიებს გაუძღვება ანდრო დგებუაძე, რომელსაც ჩვენს სტარტაპერებთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს, ტრენინგებს უტარებს მათ და იცის, რა ინსაითები უნდა ამოიღოს მოწვეული სტუმრებისგან, რომ სტარტაპერების ინტერესებს მოარგოს შეხვედრები.ანდრო დგებუაძე: „საინტერესო არის ის, თუ როგორ აზროვნებს ის ხალხი, ვინც თავის დროზე რაღაც განსხვავებული გაბედა და იაზროვნა სხვანაირად, გააკეთა სხვანაირად, იცეკვა სხვანაირად, იმღერა სხვანაირად, ააშენა სხვანაირად. მე რაც მაინტერესებს, არის ის, ტვინი როგორ არის მოწყობილი და არა ის, თუ ვიღაცამ რა წარმატებას მიაღწია“.

განხილვა