in

სინამდვილე ზღაპრებს მიღმა, ანუ „შენიას“ #შეცდომები

„ცხადია, პროდუქტი უნდა გიყვარდეთ, მაგრამ ასევე, უნდა გიყვარდეთ თქვენი მომხმარებლებიც და ეს ბალანსი ბოლომდე უნდა შეინარჩუნოთ“.

Startauperi
Startauperi

მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას – #შეცდომები, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სტარტაპერები მოჰყვებიან ბიზნესის კეთებისას/დაწყებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომ(ებ)ის შესახებ. ამ შემთხვევაში, „შენიას“ (პერსონალური საბავშვო წიგნები, სადაც პატარა ზღაპრის მთავარი გმირი ხდება) თანადამფუძნებელი, მარიკა მარიამ წულუკიძე გვიზიარებს სტარტაპის გამოცდილებას:

შეცდომების გარეშე სტარტაპის გამართვა წარმოუდგენელია, თუმცა სტარტაპები განსხვავდებიან შეცდომების დაშვების სიხშირითა და ხარისხით.

რა არის ამის მიზეზი?

გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ სტარტაპის „ფეხზე დაყენება“ ძალიან დიდ დროით რესურსსა და ძალისხმევას მოითხოვს, რა დროსაც, შესაძლოა, ფოკუსირება რაღაც მნიშვნელოვანიდან ნელ-ნელა დაკარგოთ. თვითდისციპლინის შენარჩუნება კი სასიცოცხლოა, სანამ სასურველ შედეგამდე არ გახვალთ. შეიძლება, იფიქროთ, რომ საკუთარ საქმეში წესების შემოღება და მათი დაცვა ზედმეტი რუტინაა იმ მოტივით, რომ „რა საჭიროა შენი თავის კონტროლი?“ თუმცა მალე აღმოაჩენთ, რომ ცდებით.

ჩვენი პირველი დაშვებული შეცდომებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ ეს იყო. იმისდა მიუხედავად, რომ მენეჯმენტში მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს, ვიფიქრეთ, რომ საკუთარ სტარტაპში გეგმების დასახვა და მათი შესრულების მონიტორინგი არ გვჭირდებოდა. ამ მიდგომის გამო, ბევრი დავკარგეთ, საქმე ვაზარალეთ და საბოლოოდ, სისტემის გამართვაც დავიწყეთ. არის შეცდომები, რომელთა გამოსწორება სწრაფად და უმტკივნეულოდაა შესაძლებელი,   თუმცა რიგ შემთხვევაში, შეცდომების გამოსწორება დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, რაც სტარტაპს, როგორც წესი, არ გააჩნია. 

სხვა სტარტაპების მიერ დაშვებული შეცდომები 2 წლის წინ რომ გვცოდნოდა, გარე კომპანიას ვებმომსახურებას, მაშინ, როცა მთელი შენი ბიზნესი ამაზე დგას, ნამდვილად არ დავუკვეთდით. როცა ტექნოლოგიურ პროდუქტს ქმნი, აუცილებელია, რომ გუნდის შიგნით გყავდეს წევრი, ვგულისხმობ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერს, რომელიც შენთან ერთად, შენსავით იქნება მოტივირებული, შექმნას რაღაც მნიშვნელოვანი პროდუქტი და ის რიგით პროექტად არ განიხილოს. როგორც კი იდეა იბადება, მაშინვე ხელებს ვიკაპიწებთ, ენთუზიაზმით ვეჭიდებით საქმეს, საკუთარი შვილივით დავფოფინებთ და ვფიქრობთ, რომ ამაზე უკეთესი ჯერ არავის არაფერი მოუფიქრებია და შეუქმნია. მოლოდინი გვიჩნდება, რომ მთელი სამყარო ჩვენს კართან რიგში ჩადგება უნიკალური და განსაკუთრებული პროდუქტის ან მომსახურების შესაძენად. ეს განწყობა მხოლოდ ვნებს სტარტაპების განვითარებას.

ცხადია, პროდუქტი უნდა გიყვარდეთ, მაგრამ ასევე, უნდა გიყვარდეთ თქვენი მომხმარებლებიც და ეს ბალანსი ბოლომდე უნდა შეინარჩუნოთ. მნიშვნელოვანია, თავიდანვე გადავამოწმოთ ჩვენს პოტენციურ მომხმარებელთან, სჭირდებათ, თუ არა მათ ჩვენი პროდუქტი, რა პრობლემას ვუწყვეტთ ჩვენი მომსახურებით?თითქმის 1 წელი დავკარგეთ, სანამ ბოლომდე გავითავისებდით, რომ „შენია“ სასაჩუქრე ინდუსტრიაშია და ამიტომ, საჩუქრების ჩუქების კულტურას ფეხდაფეხ უნდა გავყვეთ. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ დღესასწაულებზე, როცა მშობლები ბავშვებს საჩუქრებს ჩუქნიან.

საბოლოოდ კი, შევქმენით ყველაზე მხიარული და პერსონალიზებული დაბადების დღის წიგნიც.  

15 წლიანი კოლაბორაციის შემდეგ ადიდასი რიბოკის გაყიდვას აპირებს

„ილიაუნიში“ „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის“ პრეზენტაცია გაიმართა