21
Dec
2018

„შვილს“ – სპეციალური ნაკრები ახალშობილთათვის

21 Dec 2018

Startauperi
Startauperi


„შვილს“ ახალშობილთათვის შექმნილი სპეციალური ნაკრებია. სტარტაპის შემქმნელი მეგი შეყილაძე ამბობს, რომ ერთ ყუთში თავმოყრილია ყველა ნივთი და აქსესუარი, რაც ბავშვს დაბადებისთანავე სჭირდება.

„შვილს“ დასთან ერთად შექმნა და მიუძღვნეს თავის და სხვის შვილებს.

მეგი შეყილაძე: ჩემი შვილი, ახლა, 1 წლის და 8 თვის არის. ორსულად რომ ვიყავი, როგორც, ალბათ, უმრავლესობას, დრო არ მქონდა, რომ მევლო და ცალ-ცალკე შემეძინა ბავშვისთვის საჭირო ნივთები. სამსახურის გამო, ძალიან დაკავებული ვიყავი და მაღაზიებში სიარულს ვერ ვახერხებდი. მიწევდა უცხოური ვებგვერდებიდან გამოწერა. საზღვარგარეთ ასეთი ყუთები ძალიან გავრცელებულია. გადავწყვიტეთ, ჩვენც გაგვეკეთებინა ასეთივე, ოღონდ ქართულ რეალობას მოვარგეთ. პირველ რიგში, ფასის კუთხით. საქართველოში, შესაძლოა,  რომელიმე კომპანიას მხოლოდ მოვლის საშუალებების ან ტექსტილის  ნაკრები ჰქონდეს, მაგრამ ასე გაერთიანებული პროდუქტი, სადაც ყველაფერია ახალდაბადებული ბავშვისთვის, ჯერჯერობით, არ არის. ყველაფერი ჩვენი რესურსით გავაკეთეთ. ლოგოს შექმნაშიც მეგობრები დაგვეხმარნენ. პრინციპში, ვიზუალზე, ბევრი არ გვიფიქრია, წერო ხომ  ახალშობილთან ასოცირდება.

M: რა შედის ამ ნაკრებში?

მ.შ. : ყველაფერი, რაც ახალშობილს სჭირდება: ტექსტილი, თეთრეული, ტანსაცმელი, საწოვარა, ბოთლი, საფენი, შამპუნი, დამატენიანებელი ნელსაცხებელი და ა.შ. გვაქვს 4 სახის ნაკრები. ისინი ერთმანეთისაგან შემადგენლობითა და შესაბამისად, ფასით განსხვავდება. პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოგვაქვს. მაგალითად, აქსესუარები – ამერიკიდან, ტექსტილი და ტანსაცმელი –  თურქეთიდან, თეთრეული – ესპანეთიდან. მოვლის საშუალებებს ქართული კომპანიისგან ვყიდულობთ, მაგრამ არის ფრანგული, „ბიოდერმას“ ხაზი.  თითოეული აქსესუარი თუ ნივთი, საკუთარ შვილებზე გვაქვს გამოცდილი და იმის მიხედვით გვაქვს შერჩეული, რაც საუკეთესოა. ჩვენთვის პრიორიტეტი იყო და არის ხარისხი და ვისაც ხარისხი აინტერესებს, სწორედ ის არის ჩვენი სამიზნე სეგმენტიც.

 M: სად და როგორ შეიძლება მისი შეძენა?

მ.შ. : შეკვეთებს, ჯერ მხოლოდ Facebook-ის საშუალებით ვიღებთ. თბილისში, ნებისმიერ მისამართზე, მიტანის უფასო სერვისი გვაქვს. გარდა ამისა, გაგზავნა შეგვიძლია საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ადგილზე მიტანა უფასოა, ქვეყნის მასშტაბით კი, შემკვეთისთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმით, ვაგზავნით ჩვენს პროდუქტს.

M: რეალურად მოთხოვნა არის?

გარდა იმისა, რომ პირადად დავინახე ამის საჭიროება და თავიდან, ვთვლიდით, რომ მომავალ დედებს დააინტერესებდათ, აღმოჩნდა, რომ მეგობრისთვის, ნათესავისთვის, საჩუქრადაც ბევრი უკვეთავს. ძალიან კომფორტულია, გჩუქნიან იმას, რაც ყველას მართლა ძალიან სჭირდება პატარას დაბადებისთანავე. ამიტომ, „შვილს“ არის სხვადასხვა კატეგორიის: ერთმა ადამიანმაც რომ აჩუქოს ვინმეს და ვთქვათ, რამდენიმე მეგობარმა ერთად. ერთი კვირაც არ არის, რაც Facebok გვერდი გავუშვით და ძალიან დიდი ინტერესია. მესამე დღეს უკვე ყველაზე დიდი ყუთის შეკვეთა გვქონდა. სადაც მივიტანეთ, ყველგან  ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ვრწმუნდებით, რომ ბაზარზე ჩვენი მომსახურების საჭიროება ნამდვილად არის.

M: რა სირთულეებს აწყდებით, როგორც სტარტაპერები?

იმდენ დეტალს წავაწყდით, თავიდან წარმოდგენაც რომ არ გვქონდა. გამოუცდელები ვიყავით ბიზნესის სფეროში. ბევრი რამ უშუალოდ, მუშაობის პროცესში ვისწავლეთ. მაგალითად, ძლივს ვიპოვეთ კომპანია, რომელიც ამ ყუთს დაგვიმზადებდა. ეს კი საკმაოდ რთული აღმოჩნდა, უნდა ყოფილიყო ძალიან ლამაზი, ხარისხიანი და გამძლე. ასე ვვითარდებით ნელ-ნელა. კიდევ უფრო მეტ რამეს დავხვეწავთ მომავალში.

M: სამომავლოდ რას გეგმავთ?

გვინდა ვებგვერდის გაკეთება. ზოგადად, ძალიან ბევრი იდეა გვაქვს. ალბათ, ყველაზე პირველი ის არის, რომ ვფიქრობთ, სეგმენტი გავზარდოთ. „შვილს“ იყოს არა მხოლოდ ახალდაბადელბულთათვის, არამედ სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის.

 

განხილვა