შეიძლება აწარმოებთ ხელნაკეთ სამკაულებს, საპნებს, ტანსაცმელს, ან გაქვთ ინოვაციური იდეა, ტექნოლოგიური გადაწყვეტა, გახსენით კვების ობიექტი, მაგრამ ხვდებით, რომ საკუთარი ძალებითა და სახსრებით ვერ ახერხებთ ბიზნესის გაფართოებას, ამ დროს რა ხდება? სტარტაპების დიდი ნაწილი, იმის მიუხედავად, თუ რამდენად ენთუზიასტია, ფინანსების გარეშე ვერ ვითარდება და ხშირად უწევს ბიზნესზე უარის თქმა. თუმცა არსებობს მეორე კატეგორია, რომელიც დაფინანსების საშუალებების მოძიებას იწყებს და ცდილობს, მხარდაჭერა მოიპოვოს.
არსებობის მანძილზე სტარტაპი რამდენიმე ეტაპს გადის. ესენია: ჩანასახის ეტაპი, ადრეული ეტაპი, ბაზარზე გასვლის ეტაპი, გვიანდელი ეტაპი და ფართო ვაჭრობის ეტაპი, როდესაც სტარტაპი უკვე პროდუქტის აქციების ან წარმოების გაყიდვას იწყებს. აქედან ყველაზე რთული პირველი ორი ეტაპია, როდესაც სტარტაპი საწყის, ჩანასახოვან მდგომარეობაშია და იდეისა თუ პროდუქტის დახვეწაზე მუშაობს. ამ ეტაპების წარმატებით დაძლევის შემდგომ ბევრმა სტარტაპმა მიაღწია წარმატებას. მაგალითად, ცნობილმა კომპანიებმა, როგორებიცაა: Google, Alibaba და სხვა, პირველი ნაბიჯების გადადგმისას ინვესტიციები მოიპოვეს.
საქართველოში ბევრია ისეთი ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც თავისი მცირე ბიზნესი აქვს, არც იდეები აკლია, მაგრამ არ აქვს სახსრები, რომ კომპანიად ჩამოყალიბდეს. შეიძლება ითქვას, ეს სტატია სწორედ მათთვისაა. მასში თავს მოვუყრით საქართველოში არსებულ დიდ ორგანიზაციებს, რომლებიც სტარტაპების მხარდასაჭერად პერიოდულად სხვადასხვა გრანტს გამოყოფენ.
1. 500 Global
სიის ჩამოწერას მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სააქსელერაციო პროგრამით, 500 Global-ით დავიწყებთ, რომელიც საქართველოში 2020 წლიდან შემოვიდა და წელიწადში ორჯერ ტარდება. მის ფარგლებში უკვე არაერთმა ქართულმა სტარტაპმა გაიკვალა გზა. მათ შორის არიან: Payze, Agrolabs და ბევრი სხვა. 500 Global სტარტაპებს სააქსელერაციო, რამდენიმეეტაპიან პროგრამაში რთავს, რომლის დროსაც ახალბედა მეწარმეები, წამყვან სპეციალისტებთან ერთად, ამუშავებენ თავიანთ ბიზნეს მოდელს, იძენენ ახალ კონტაქტებს და მონაწილეობენ დემო დღეში, სადაც უკვე დამუშავებული პრეზენტაციით წარსდგებიან და აქვთ როგორც ინვესტორების, ისე საქმიანი პარტნიორების პოვნის საშუალება. აქსელერაციის ამ პროგრამის მხარდამჭერები საქართველოში GITA და საქართველოს ბანკი არიან.
ის 2016 წლის დადგენილებით შექმნილი სახელმწიფო პროგრამაა, რომლის მიზანიც, საქართველოში არსებული სტარტაპების ხელშეწყობაა. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს თავისი ხედვა და სჯერა მისი განვითარების, განაცხადის განთავსება პირდაპირ ამ პროგრამის ვებგვერდზევე შეუძლია. რა თქმა უნდა, ყველა მიღებული განაცხადი არ ფინანსდება და გამარჯვებულები კონკურსის წესით შეირჩევიან, თუმცა დაარსების დღიდან დღემდე პროგრამა უკვე ბევრ მცირე საწარმოს დაეხმარა და პერსპექტიულ ბიზნესად აქცია. გამარჯვებულთა შორის არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Wehost, Holoseum, HR hub და სხვები.
3. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
Gita სტარტაპების დაფინანსების ერთ-ერთი პოპულარული პლატფორმაა, რომელმაც უკვე არაერთ სტარტაპს მისცა შანსი, რომ თავისი მიზნები განეხორციელებინა. იგი სტარტაპერებს სხვადასხვა პროგრამას სთავაზობს იმისდა მიხედვით, თუ რა საჭიროებები აქვს მეწარმეს. ესენია 150 000-ლარიანი, 100 000-ლარიანი, 25 000-ლარიანი და სხვა საგრანტო პროგრამები, რომლებიც წელიწადის გარკვეულ პერიოდებში ცხადდება და მეწარმეს თავისი სტარტაპის დარეგისტრირება შეუძლია. ფინალისტების მოხვედრის შემდეგ კი დაფინანსებისთვის აუცილებელი ხდება ინვესტორების წინაშე პრეზენტაციის წარდგენა. Gita-ს გამარჯვებულთა დიდ სიაშია: Theneo, Phubber App და სხვები.
„სტარტაპერი” თიბისის პროგრამაა, რომელიც ასევე ამ სექტორის განვითარებაზეა ორიენტირებული. როგორც მსხვილი ბრენდმა, მან მხარდაჭერა გამოუცხადა მცირე მეწარმეებს და მათთვის სხვადასხვა შეთავაზებას ახორციელებს. ეს არის ლიზინგისა და სესხის გაცემის სხვადასხვა შესაძლებლობა სტარტაპების საქმიანობის სფეროს მიხედვით. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ფინანსური სარგებლისა, სტარტაპებს შეუძლიათ სპეციალურად მათთვის შექმნილი კურსის გავლა და ცოდნის მიღება, თუ როგორ უნდა განვითარდეს სტარტაპი. სტარტაპერის სიაში ვნახულობთ ისეთ სახელებს, როგორებიცაა: „ფელამუშიტო”, „იზზი”, „ჩიზზზი” და სხვა სტარტაპები, რომლებიც მომხმარებელმა უკვე კარგად გაიცნო.
პოპულარული ტვ-შოუს ქართული ანალოგი, რომლის ინვესტორებმაც უკვე არაერთი იდეა დააფინანსეს და განხორციელების შესაძლებლობა მისცეს. ამ ეტაპზე სატელევიზიო შოუს ორი სეზონია ჩატარებული. მასში მონაწილეები რამდენიმე ინვესტორის წინაშე თავიანთი იდეით წარდგებიან და ცდილობენ, დაარწმუნონ ისინი, რომ ინვესტიცია ჩადონ მათ ბიზნესში. შედეგად, ორი სეზონის გამარჯვებულებში მრავალფეროვანი სტარტაპები და პროექტები დაფინანსდა. დაფინანსებულთა რაოდენობა ჯამში 26-ს შეადგენს.
ესეც დაფინანსების პროგრამა გახლავთ, რომლის ერთ-ერთი მიზანიც ბიზნეს სექტორის გაძლიერებაა. ის მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება და მცირე და მიკრო მეწარმეებისთვის გრანტებს აცხადებს. მასში მონაწილეობა ქვეყნის ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია.
კიდევ ერთი პროგრამაა, რომელიც სტარტაპების კონკრეტულ სექტორს უჭერს მხარს. ესაა სატრანსპორტო კატეგორია. ის თეგეტა ჰოლდინგის პროექტია, რომელმაც უკვე რამდენიმე სხვადასხვა მცირე ბიზნესი 100 000, 70 000 და 30 000 ლარით დააფინანსა. თუ თქვენ ხართ სტარტაპი და თქვენი საქმიანობის სფერო სატრანსპორტო გადაწყვეტილებებს ჭრის, შეიძლება დაფინანსების ამ პროგრამამაც დაგაინტერესოთ.
„ანგელოზი” ინვესტორების ქსელია, რომელიც ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებს ინვესტიციების მოზიდვაში ეხმარება. ის 60-ზე მეტ ინვესტორს აერთიანებს და მიუხედავად იმისა, რომ ერთ წელზე ცოტა მეტია, რაც არსებობს, უკვე მოასწრო რამდენიმე ინვესიტიციის მოზიდვა დამწყები მეწარმეებისთვის. დაფინანსების მიღება სტარტაპებს შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ისე სინდიკატირებულად, რაც ერთდროულად რამდენიმე ინვესტორის მხრიდან თანხის გამოყოფას გულისხმობს. აქსელის ვებგვერდზე ყველანაირი დამატებითი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი