სტარტაპერობა რამდენადაც სასიამოვნო, ისე რთული წამოწყებაა. კარგია, როდესაც გაქვს ახალი იდეები, ენთუზიაზმი, მოტივაცია, რომელიც გაფიქრებინებს, რომ მთების გადადგმა შეგიძლია, მაგრამ ხშირად თავს არაერთი პრობლემა იჩენს ხოლმე. შეცდომების დაშვება ამ დროს ბუნებრივი მოვლენაა, მთავარია, დროულად მივხვდეთ ამ შეცდომას და მოვიფიქროთ მისი გადაწყვეტის გზა.
ბოლო ათწლეულში საქართველოში ბევრი სტარტაპი გაჩნდა. ისინი დიდი გამოწვევების წინაშე დგანან – თავი უნდა დაიმკვიდრონ ბაზარზე, გაეცნონ აუდიტორიას, კონკურენცია გაუწიონ მსგავსი ტიპის სხვა კომპანიებს, ჩამოაყალიბონ გუნდი და სამენეჯმენტო სისტემები, გათვალონ ბიუჯეტი და ა.შ. როდესაც სტარტაპი ხარ, მოულოდნელობებს შეიძლება წააწყდე, რაც შეცდომების დაშვების რისკს უფრო ზრდის. ვეცდებით, ამაზე გესაუბროთ და ასევე რამდენიმე კომპეტენტური, სტარტაპების მართვაში გამოცდილი ადამიანის აზრი და გამოცდილება გაგიზიაროთ, რაც ალბათ თქვენს საქმიანობას სასიკეთოდ წაადგება.
პრობლემის პოვნა
„პირველი და, სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა სტარტაპის დამფუძნებლებისთვის არის ბაზრის რეალური საჭიროების აღმოჩენა. ეს გამოწვევა იმდენად დიდია, რომ ყველაზე გავრცელებული შეცდომაც სწორედ ისეთი პროდუქტის/მომსახურების შექმნაა, რაც არავის აინტერესებს. ამ შეცდომას იწვევს პრობლემის აღმოჩენის/ძიების/გაზომვის უგულებელყოფა და პირდაპირ გამოსავალზე ფიქრი. სტარტაპის დამფუძნებლებმა, პირველ რიგში, სწორედ პრობლემა უნდა მოძებნონ, დაადგინონ, რეალურად რამდენ ადამიანს ან კომპანიას აწუხებს ეს პრობლემა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ პრობლემის გადაჭრის გზაზე ფიქრი”, – ქეთი ებანოიძე, Impact hub Tbilisi-ს დამფუძნებელი.

ყველაზე მორგების მცდელობა
„მტკივნეულად მახსენდება მომხმარებლის შენიშვნები. სანამ მივხვდებოდი, რომ ყველა ვერ იქნება შენი ბიზნესის მომხმარებელი – საჭიროა მომხმარებლის სეგმენტაცია და მხოლოდ იმ მომხმარებელზე პოზიციონირება, ვინც ბიზნესის მომხმარებელია”, – ნათია ნინიკელაშვილი, soplidan.ge
იდეალურობისკენ სწრაფვა
„მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით იდეალურობისკენ სწრაფვა სტარტაპისთვის პირველ ეტაპზე შემაფერხებელია, პროდუქტის კუთხით დღემდე მიჭირს არასრულყოფილი ფუნქციონალების გაშვება და დატესტვა. ფაუნდერები უნდა ცდილობდნენ, რაც შეიძლება მალე ჩაუშვან სიახლეები”, – ანი მანჯავიძე, crosscreators-ის დამფუძნებელი.

არასწორად შერჩეული გუნდი
საწყის ეტაპზე დიდი გამოწვევაა გუნდის შეკრება. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ სტარტაპების დიდი ნაწილი წარუმატებლობას სწორედ არასწორად შერჩეული გუნდის გამო განიცდის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის წევრების შერჩევა. გამომდინარე იქიდან, რომ სტარტაპი გულისხმობს 24-საათიან თავდაუზოგავ შრომასა და უდიდეს მოტივაციას, რთულია, შესაბამისი კომპეტენციის ადამიანების შემოკრება, თუმცა თუ იდეის გჯერა და თავად ხარ გულანთებული, აუცილებლად შეძლებ შენი იდეით ადამიანების ინსპირაციას და სასურველი გუნდის შემოკრებას”, – ქეთი ებანოიძე, Impact hub Tbilisi-ს დამფუძნებელი.
Work- life balance
„ამ ბალანსის დარღვევა, რომელიც ზუსტად იდეალურობისკენ სწრაფვითაა გამოწვეული. მეც ამ ციკლში აღმოვჩნდი და ჩემი ყოველდღიური რუტინა მხოლოდ სტარტაპმა მოიცვა. Რაც ასევე შეცდომაა და საჭიროა ბალანსის პოვნა, რათა გადაწვის წინაშე არ დავდგეთ“, – ანი მანჯავიძე, crosscreators-ის დამფუძნებელი.
გამოუცდელობა
„საკუთარი საქმის დაწყება შვილის გაჩენასავითაა – ისევე უნდა უპატრონო, გამოკვებო, ასწავლო დამოუკიდებლად სიარული და უზრუნველყო მისი უსაფრთხოება, როგორც შვილზე ზრუნავ.
გამოცდილების არქონაც არაერთი პრობლემის წინაშე გაყენებს. გვიან აღმოაჩენ, რომ ბევრი დრო დაგიკარგავს იმაზე, რაზეც ვიღაცას უკვე უწვალია და მარტივად გაუკეთებია, ან ბევრს წვალობ იმაზე, რაც ჯერ არავის უქნია და შენ პრიველი ხარ”, – ნათია ნინიკელაშვილი, soplidan.ge
ექსპერიმენტების შიში
„კიდევ ერთი ხშირად დაშვებული შეცდომა, ექსპერიმენტების შიში და პირველადი იდეის უპირობო სიყვარულია. დამფუძნებლებმა მუდმივად უნდა უსმინონ მომხმარებლებს, მზად უნდა იყვნენ მათი უკუკავშირის და კრიტიკის მისაღებად და ამის გათვალისწინებით, ექსპერიმენტების ჩასატარებლად. სტარტაპებს ხშირად უჭირთ აღიარება, რომ რაღაც არ მუშაობს, არადა ამის დროული აღიარება და ცვლილების შეტანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტარტაპისთვის. საჭიროების შემთხვევაში გუნდი მზად უნდა იყოს პირველადი სტრატეგიის რადიკალური ცვლილებისთვისაც კი (Pivot). სხვათაშორის, „პივოტის“ არაერთი ძალიან წარმატებული მაგალითი არსებობს მსოფლიოში და ამ მაგალითების ნახვა შესაძლოა იყოს ერთგვარი სტიმული სტარტაპებისთვის, რომ უფრო თამამად აკეთონ ექსპერიმენტები”, – ქეთი ებანოიძე, Impact hub Tbilisi-ს დამფუძნებელი.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი











