3
Aug
2017

თიბისის „სტარტაპერის” ფარგლებში, დამწყებ ბიზნესზე, უკვე 2 000 000 ლარის სესხი გაიცა!

3 Aug 2017

Startauperi
Startauperi


თიბისი ბანკმა ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამა „სტარტაპერის” ფარგლებში, 5 თვის განმავლობაში, უკვე 2 000 000 ლარის ოდენობის სესხი გასცა. „სტარტაპერი“, რომლის მიზანიც სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ბიზნესის დაწყების სტიმულირებაა, 2017 წლის თებერვალში შეიქმნა. პროგრამა დამწყებ ბიზნესებს ფინანსურ დახმარებასთან ერთად, არაფინანსურ მხარდაჭერასაც სთავაზობს. „სტარტაპერს“ ორმაგი მნიშნელობა აქვს –  ერთი მხრივ, ის ნიშნავს ადამიანს, რომელიც აკეთებს საკუთარ სტარტაპს და მეორე მხრივ – სტარტაპ ერს, ანუ სტარტაპ ქვეყანას. მარკეტერი პროექტის მოსალოდნელ რისკებზე, შედეგების შეფასებასა და „სტარტაპერის“, როგორც თვითმყოფადი სეგმენტის ჩამოყალიბების გეგმებზე პროგრამა „სტარტაპერის“ მენეჯერ ნათია სვანიძესა და „სტარტაპერის“ გუნდის წევრს სესხების მიმართულებით –  ნიკა ღვაბერიძეს ესაუბრა:

 

M: პროექტის განხორციელებამდე და მის შემდეგ, რა მოსალოდნელი რისკების წინაშე იდგა „სტარტაპერი“?
ნათია სვანიძე:
 ვინაიდან თიბისი ბანკი პირველი ბანკი იყო, რომელმაც გადაწყვიტა სტარტაპების დაფინანსება და შექმნა,ზოგადად, სტარტაპების ხელშემწყობი პროგრამა, როგორც ყველა ინოვაციურ ინიციატივას, „სტარტაპერსაც” ჰქონდა რისკი, რომ დაფინანსებაზე არ შემოვიდოდა შესაბამისი ხარისხის აპლიკაციები, გაუგებარი იქნებოდა სტარტაპების დეფინიცია და ზოგადად, პროექტი ვერ შეიძენდა სასურველ მასშტაბებს. „სტარტაპერის” გაშვებიდან 5 თვის თვის შედეგებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პროექტის მიმდინარეობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვინაიდან დავრწმუნდით, რომ პროგრამა შედგა, მივყვებით ჩვენს გრძელვადიან გეგმებს, რომ განვავითაროთ პროგრამის მიმართულებები.

ნიკა ღვაბერიძე: სესხის გაცემის პირობებში რისკები არსებობს, მაგალითად, შეძლებს, თუ არა კონკრეტული სტარტაპი თანხის უკან დაბრუნებას, გაამართლებს, თუ არა ის სტარტაპი და ა.შ. გარდა ამისა, არსებობს იმის რისკიც, რომ სტარტაპმა არასწორი მენეჯმენტის გამო, არამართებულად დახარჯოს სესხის თანხა. თუმცა ჩვენი საკრედიტო ექსპერტები ყველა სტარტაპერის ბიზნესს დეტალურად სწავლობენ და მხოლოდ ამის შემდეგ ვაფინანსებთ. ბანკის მხრიდან განსაზღვრული პარამეტრებია, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესი, რომ მასზე სესხი გავცეთ.

M: 2 მლნ ლარის ოდენობის გაცემული სესხი რამდენად არის თქვენი მოლოდინების ადეკვატური?
ნათია სვანიძე:
5 თვის შედეგმა ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინებს არამხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით და დაფინანსებული სტარტაპების რაოდენობით – ზოგადად, უკვე 7000-მდე სტარტაპერი ჩაერთო ამ პროგრამაში და მიიღო  სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, მაგალითად, საბანკო პროდუქტები უფასოდ ან შეღავათიან ფასად, ასევე, დაესწრო ჩვენს ტრენინგებს და მისმა ბიზნესმა მიიღო პიარ და მედიამხარდაჭერა.ნიკა ღვაბერიძე: ფაქტია, რომ ქვეყანაში არსებობენ ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურობენ ბიზნესის მიმართულებით, აქვთ ახალი იდეები და არიან რისკიანები, იწყებენ ახალ საქმეს, თუმცა მათ, როგორც წესი, აქვთ დაფინანსების პრობლემა. სანამ ჩვენ „სტარტაპერის“ პროგრამას დავიწყებდით, დამწყებ ბიზნესებს არავინ აფინანსებდა, რადგან ყველა ელოდება, რომ ბიზნესმა რაღაც მნიშვნელოვანი შემოსავლები უნდა დააგენერიროს და გარკვეული მოგება მოუტანოს ბანკს. ჩვენ ამ პროექტით გვინდოდა, გვეჩვენებინა ყველასთვის, რომ უმჯობესია, აკეთო შენი ბიზნესი, გქონდეს საკუთარი  საქმე და დაასაქმო სხვები. ფაქტია, 5 თვეში 2 მილიონს შეადგენს სტარტაპერების დაფინანსებაზე გაცემული პორტფელი. ეს ნიშნავს, რომ სწორად გავთვალეთ და ზუსტად გავედით იმ სეგმენტზე, ვისაც ბიზნესის კეთების პროცესში ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა.

 M: მონიტორინგის სისტემა თუ გაქვთ, როგორ ვითარდებიან ის სტარტაპები, რომლებსაც ფინანსურად დაეხმარეთ და რომელიმე ინდუსტრიიდან განსაკუთრებით თუ აქტიურობენ ?
ნათია სვანიძე: 
ბიზნესი ე.წ. ინკუბაციურ პირობებში იმყოფება სტარტაპ სესხის მიღების შემდგომ. ჩვენთვის სტარტაპის დაფინანსება არ ნიშნავს, უბრალოდ, თანხის მიცემას. ჩვენ ვცდილობთ, მას ყველანაირად დავეხმაროთ, რომ  შეძლოს სწორად გაზარდოს გაყიდვები, რაც სტარტაპისთვის საწყის ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიღებთ სარეკლამო ვიდეორგოლებს მსესხებლებზე, რასაც ჩვენი რესურსით სოციალური მედიის არხებში ვავრცელებთ, ჩვენი მედია პარტნიორები ამზადებენ მათზე რეპორტაჟებს, იწვევენ გადაცემებში, წერენ სტატიებს. გარდა ამისა, მსესხებლებს ვთავაზობთ ჩვენ მიერ მოწვეული დარგის სპეციალისტების ინდივიდუალურ კონსულტაციებს მარკეტინგში, საგადასახადო საკითხებში, ფინანსებში და ა.შ. სესიებზე სტარტაპერებს შეუძლიათ უშუალოდ თავიანთი ბიზნესის არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგემებზე მიიღონ რჩევები პროფესიონალებისგან.არის შემთხვევები, როდესაც თავიდან მთლიანი თანხის მხოლოდ ნაწილს ვაძლევთ სტარტაპებს და ვაკვირდებით, რამდენად ასრულებს მიზნობრიობას. შემდეგ, როცა დავრწმუნდებით, რომ მან ნამდვილად გაამართლა მოლოდინი, დარჩენილი თანხითაც ვაფინანსებთ და ეტაპობრივად, ვეხმარებით განვითარებაში. რაც შეეხება ინდუსტრიას, ძალიან მრავალფეროვანი სპექტრი გვყავს, ხელნაკეთი აქსესუარებითა და ტანსაცმლით დაწყებული,  ტურიზმის სფეროს, მომსახურებისა და წარმოებით გაგრძელებული.

M: სულ რამდენი სტარტაპი დააფინანსეთ ამ ეტაპზე და რომელი თვე იყო ყველაზე აქტიური?
ნიკა ღვაბერიძე:
50 სტარტაპზეა სესხი გაცემული, შესაბამისად, 2 000 000 ლარის მოცულობის ფარგლებში, საშუალოდ, 40 000 ლარის სესხი გავეცით თითო სტარტაპზე. სესხების გაცემა მარტიდან დავიწყეთ და აპრილიდან უკვე საკმაოდ გააქტიურდნენ თავად სტარტაპერებიც.

M:
რა გაგრძელება ექნება „სტარტაპერს“, როგორ აპირებთ პროგრამის განვითარებას?
ნიკა ღვაბერიძე:
ჩვენ მუდმივად ვამატებთ სიახლეებს „სტარტაპერის“ განვითარებისთვის. ახლა „სტარტაპ ლიზინგი“ დავამატეთ – მაგალითად, თუ სტარტაპ სესხის შემთხვევაში, მინიმუმ 3 თვიანი გაყიდვების გამოცდილებას ვითხოვთ, „სტარტაპ ლიზინგის“ შემთხვევაში, შეგვიძლია, მხოლოდ იდეაც დავაფინანსოთ. ამით კიდევ ახალ სეგმენტზე ვცდილობთ, რომ გავიდეთ და იმათაც მივცეთ გარკვეული ხელმისაწვდომობა ფინანსებთან.ნათია სვანიძე: „სტარტაპერი“ არ არის მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა, ის ცალკე სეგმენტად, თვითმყოფად პროგრამად ყალიბდება. შესაბამისად, პროგრამას ისეთი შედეგები უნდა ჰქონდეს, რომ დამოუკიდებლად არსებობა შეძლოს.
2 მლნ ლარი 5 თვის თავზე, ძალიან მაგარი შედეგია! ვინაიდან დავინახეთ, რომ საკმაოდ კარგად ამუშავდა ეს ნიშა და სტარტაპებს ჩვენი მხარდაჭერა გამოადგათ, საკმაოდ ამბიციური გეგმები დავისახეთ წლის ბოლოსთვის. ვგეგმავთ, რომ ერთი წლის თავზე სტარტაპებში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია გვქონდეს ჩადებული, პროდუქტებს დაემატება ახალი შეთავაზებები და ზოგადად, პროგრამაში გაჩნდება რამდენიმე ახალი მიმართულება, მათ შორის, განათლებისა და კვლევების მიმართულებითაც.

განხილვა