ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. მას, ვისაც აქვს იდეა და სურვილი, ჩანაფიქრის განსახორციელებლად სათანადო, ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის პოვნა არ გაუჭირდება. სხვადასხვა ორგანიზაციები აქტიურად ცდილობენ სტარტაპების ხელშეწყობასა და სტიმულირებას. თიბისი ბანკის ახალი პროგრამა – “სტარტაპერი” ერთ-ერთი ასეთი ინიციატივის შედეგია და კიდევ ერთი საყრდენი ახალბედა ბიზნესებისთვის. პროგრამის უპირატესობებსა და თავისებურებებზე მარკეტერი თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს ნიკა ქურდიანს ესაუბრა.
M: როდის შეიქმნა თიბისი სტარტაპერი და რა არის პროგრამის მთავარი მიზანი?
თიბისი ბანკის ახალი პროგრამა – „სტარტაპერი” შეიქმნა 2017 წლის თებერვალში. მისი მიზანია სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ბიზნესის დაწყების სტიმულირება. პროგრამა სტარტაპერებს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს. შეიქმნა ასევე სპეციალური ონლაინჰაბი www.startuperi.ge, სადაც პროგრამის შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი.
M: რა უპირატესობები გაქვთ სხვა, სტარტაპების მხარდამჭერ პროგრამებთან მიმართებაში?
კარგია, რომ ბიზნესის მხარდაჭერა ქვეყანაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება და სტარტაპებს არაერთი ორგანზიაცია უჭერს მხარს. სტარტაპ ეკოსისტემის შექმნისთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ორგანიზაცია გაერთიანდეს სტარტაპერების მხარადასაჭერად. თიბისი ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა კორპორატიული, სოციალური პასუხისმგებლობაა და უკვე მე-4 წელია ბიზნესის მხარადჭერის პროექტებს ახორციელებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. წელს, გადავწყვიტეთ, სტრატაპებს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ. „სტარტაპერი” სწორედ მათი საჭიროებების მიხედვით შევქმენით. პროგრამის უპირატესობაა, რომ ის საკმაოდ მასშტაბურია და გულისხმობს როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას.
M: რა იგულისხმება არაფინანსურ მხარდაჭერაში?
არაფინანსური მხარდაჭერა მოიცავს:
- სპეციალურად სტარტაპებისთვის შედგენილ ტრენინგების კურსს მარკეტინგში, ფინანსებსა და სტარტაპის ზრდაში;
- ნეთვორქინგ და საგანმანათლებლო ივენთებს;
- სტარტაპერების ვებკატალოგს;
- მედიამხარდაჭერას.
M: როგორია სტარტაპსესხის მაქსიმალური/მინიმალური ოდენობა და ვადები?
სტარტაპსესხის მინიმალური მოცულობაა 20,000 ლარი (თუმცა შესაძლებელია შედარებით დაბალი თანხების განხილვაც), ხოლო მაქსიმალური მოცულობა – 100,000 ლარი. ვადებს რაც შეეხება, ძირითადი საშუალებების შეძენის შემთხვევაში, მაქსიმალური ვადა განისაზღვრება 7 წლით, ხოლო, მაგალითად, წარმოებისთვის ნედლეულის შესაძენად მაქსიმალური ვადა განისაზღვრება 4 წლით.
M: რა არის საჭირო სტარტაპსესხის მისაღებად?
სტარტაპსესხი განკუთვნილია იურიდიული პირებისთვის და ინდ. მეწარმეებისთვის, რომლებსაც აქვთ ბიზნესის მართვის მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება. პირველ ეტაპზე განსაზღვრული გვაქვს ბიზნესის კატეგორია და ვფარავთ სტარტაპბიზნესებს, რომლებიც ოპერირებენ წარმოების და მომსახურების სფეროში. სტარტაპსესხის მისაღებად აუცილებელია, განაცხადი შეივსოს ვებ. გვერდზე startuperi.ge, ასევე აუცილებელია, ამავე საიტზე არსებული ბიზნესგეგმის შევსება და გამოგზავნა. მოთხოვნილია ასევე გარკვეული ფულადი თანამონაწილეობა პროექტში, რომელიც მთლიანი ბიზნესპროექტის 30%-ს წარმოადგენს (მათ შორის სესხის თანხის). უზრუნველყოფის კუთხით, 40 000 ლარამდე განაცხადის განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მესამე პირის თავდებობით, 40 000 ლარიდან – 100 000 ლარამდე გირაოს უზრუნველყოფით.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სესხის განსახილველად მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას გაყიდვები ჰქონდეს წარმოებული მინიმუმ სამი თვის მანძილზე. რაც იმას ნიშნავს, რომ სტარტაპი რეალურად უკვე უნდა ემსახურებოდეს კლიენტებს და ჰქონდეს გაყიდვები.
M: გარდა იმ არაფინანსური და ფინანსური მხარდაჭერისა, რომელზეც ვისაუბრეთ, იგეგმება თუ არა სიახლეები პროექტის მიმდინარეობისას?
რა თქმა უნდა. პროგრამას მუდმივად დაემატება ახალი მხარდამჭერი პროექტები. უახლოესი პროექტი, რომელსაც აპრილში გავუშვებთ, იქნება ბიზნესაპლიკაციების კონკურსი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სტარტაპები, რომელთა საქმიანობა პროგრამული უზრუნველყოფებისა და მობილური აპლიკაციების შექმნაა.