in

როგორი იყო „სტარტაპერის“ ხუთი წელი ყველგან, სადაც ახალი იდეებია

„მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა…“

„რაღაც ჩემი მინდა მქონდეს“ – ბიზნესის დაწყების სურვილს ასე ხშირად გამოვხატავთ ხოლმე, თუმცა არც ისე მარტივია ადგე და მიატოვო ამჟამინდელი საქმიანობა, წამოხვიდე სამსახურიდან და გაუკვალავში გზის გაყვანა დაიწყო. ბიზნესის დასაწყებად ხომ ცოდნა, გუნდი, სანაცნობო წრე, ფინანსური რესურსები და ცნობადობა ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოში სტარტაპ-ეკოსისტემა ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა, ბიზნესის წამოწყება საკმაოდ დიდ რისკებთან ასოცირდებოდა, რის გამოც ბიზნესიდეის ავტორს არ ჰქონდა ბიზნესში საწყისი ინვესტიციისთვის საბანკო პროდუქტებზე წვდომა. ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობაც არ იყო ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი და დამწყებებს ხშირად – შესაბამისი ცოდნა და კონტაქტების ნაკლებობაც აწუხებდათ. ამ გარემოებამ თიბისის გუნდი დამწყები ბიზნესების მხარდაჭერაზე დააფიქრა და პროგრამა სტარტაპერს ჩაეყარა საფუძველი. პროგრამის ხელშეწყობით, წლების განმავლობაში, ჩვენი რუბრიკის საშუალებით ასობით სტარტაპზე გიამბეთ. ამასობაში, ზუსტად ხუთი წელი გავიდა და სტარტაპერის დახმარებით, 55 000-მა სტარტაპმა 315 მილიონი ლარის დაფინანსება მოიპოვა.

სტარტაპერამდე… 

თიბისი ბიზნესს მხარდაჭერას სტარტაპერის პროგრამამდეც უცხადებდა. ყოველწლიური ბიზნესდაჯილდოება წლის საუკეთესო ბიზნესებს განსაკუთრებული მიღწევებისთვის აჯილდოებდა, თუმცა თიბისის გუნდი გრძნობდა, რომ შეეძლო რეალური გავლენა მოეხდინა ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებაზე. კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის მიეცა საკუთარი ბიზნესის დაწყებისა და თვითრეალიზაციის ბიძგი – დაეწყო „რაღაც საკუთარი“, რაზეც ასე ოცნებობდა. ხედავდნენ, რომ სტარტაპერობა შეიძლებოდა ცხოვრების სტილი გამხდარიყო. სტარტაპერს კი მიეცემოდა შანსი შეექმნა გამორჩეული პროდუქტი თუ მომსახურება, თუნდაც ლოკალურ ბაზარზე.

ხედვა

ნათია სვანიძე

ნათია სვანიძე, TBC სტარტაპერის ხელმძღვანელი 2017-2019 წლებში: „პირველ რიგში, საინტერესო სტარტაპებისა და სტარტაპერების პოპულარიზაცია გვინდოდა, რათა ერთი მხრივ, ასეთ ბიზნესებს წარმატებაში დავხმარებოდით, მეორე მხრივ, სხვებისთვისაც შთაგვეგონებინა საკუთარი საქმიანობის წამოწყება“.

თიბისის გუნდი ხედავდა, რომ სტარტაპერებისთვის ერთიანი საზოგადოების შექმნა, მისი განათლებით, საკონტაქტო წრითა და ფინანსებით უზრუნველყოფა უამრავი იდეის რეალიზების წინაპირობა გახდებოდა და სტარტაპერთა საზოგადოება ბიზნესიდეების აქსელერაციის ერთგვარ ჰაბად გარდაიქმნებოდა.

თორნიკე გოგიჩაიშვილი

თორნიკე გოგიჩაიშვილი, TBC-ის გენერალური დირექტორის მოადგილე: „სტარტაპერი არ არის მხოლოდ დაფინანსება – ეს გულისხმობს დახმარებას ახალი კავშირების დამყარებაში, კონსულტაციებს ფანდრაიზინგზე, მარკეტინგულ და საკომუნიკაციო მხარდაჭერას და მრავალ სხვა ინდივიდუალურ, სტარტაპის საჭიროებაზე მორგებულ სერვისს“.

თუმცა…

სტარტაპერის პროგრამა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. სტარტაპერების საქმიანობა, პირველ ეტაპზე, არასტაბილური შემოსავლით ხასიათდება, რაც ბანკს ფინანსური პროდუქტის შექმნას ურთულებდა.

ანკა თოთიბაძე, TBC სტარტაპერი: „იმ დროისათვის, ბანკის მხრიდან, სტარტაპერების ფინანსური მხარდაჭერა საკმაოდ სარისკო იყო, რადგან სტარტაპი თავის თავში უამრავ გამოწვევას გულისხმობს – პროგრამის ჩამოყალიბებისას თიბისის გუნდს ყველაზე მეტი საფიქრალი სწორედ ამ მიმართულებით ჰქონდა“.

და მაინც…

ერთ დღესაც, დაიბადა „სტარტაპერი“ – ბრენდი, რომელმაც საკუთარ თავზე ქართველი სტარტაპერების მხარდაჭერა აიღო. პროგრამის ფარგლებში, დამწყები ბიზნესებისთვის შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარებს საქმის წარმართვისთვის საჭირო ცოდნის მიღება და პროფესიონალებთან კონსულტაციების გავლა შეეძლოთ, ასევე, მედია მხარდაჭერის საშუალებით სტარტაპერებს ფართო საზოგადოებასთან საკუთარი გუნდისა და სერვისების წარდგენის შესაძლებლობა მიეცათ. ფინანსური ხელშეწყობისთვის, თიბისის გუნდმა შეიმუშავა სტარტაპ-სესხი, რომელიც მაღალი რისკის მიუხედავად, ბიზნესიდეის ავტორს პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარებოდა. მალევე, სტარტაპერს მხარდამჭერებად პარტნიორი კომპანიები მოევლინენ, რომლებმაც ბენეფიციარი სტარტაპებისთვის სპეციალური პროდუქტები, სერვისები და შეთავაზებები ჩამოაყალიბეს.

დღემდე, „სტარტაპერი“ ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას აერთიანებს. ფინანსური მხარე მოიცავს შეღავათებს საოპერაციო პროდუქტებზე და სტარტაპ სესხს. ხოლო არაფინანსური  გულისხმობს სტრატაპერებისთვის საჭირო განათლების მიწოდებას, მედია მხარდაჭერას, პარტნიორი ორგანიზაციების სპეციალურ შეთავაზებებსა და ა.შ.

„სტარტაპერი“ როგორც სტარტაპი

სტარტაპის მართვა ნიშნავს თავად გაკვალო საკუთარი გზა, რაც ხშირად ბუნდოვანებას იწვევს და ერთი დიდი თავგადასავალია მისი შემქმნელისთვის. ასეთივე იყო „სტარტაპერის“ ყოველდღიურობაც – ის პროგრამის მონაწილე სტარტაპერებთან ერთად იზრდებოდა და ვითარდებოდა, ექსპერიმენტებისა და ექსპრომტად მიღებული გადაწყვეტილებების კვალდაკვალ.

ნათია სვანიძე: „სტარტაპერის“ პროგრამის შექმნა-განვითარება წარმოუდგენელად სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა და თან ხშირად ახლდა გაურკვევლობა, ზუსტად ისე, როგორც სტანდარტულად თავად სტარტაპერები აკეთებენ თავიანთ საქმეს. მახსოვს, იდეის ჩამოყალიბებიდან ერთ კვირაში შეიკრა პროექტი – გაკეთდა ბრენდინგი, ავაწყეთ მიმართულებები, შევქმენით შეთავაზებები, მოვიფიქრეთ სახელი (სახელის ავტორი იყო ტატო ნორაკიძე – თიბისის მარკეტინგის გუნდის წევრი) და სხვა, თუმცა ეს ერთდროულად სირთულეც იყო და სიამოვნებაც.

ვხვდებოდით, ჩვენივე თავები იმ „სტარტაპულ“ რეჟიმში ჩავიგდეთ, რასაც ასე ვუწევდით პოპულარიზაციას.“

სტარტაპერები ყველგან

„სტარტაპერის“ გუნდი უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა, რათა მონაწილეებისთვის მოტივაციის წყარო შეექმნა, ბიზნესკონტაქტების გაფართოებაში, ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებასა და თვითრეალიზაციაში დახმარებოდა. წლების განმავლობაში, პროგრამა სტარტაპ საზოგადოებას მხარდამჭერად მრავალი პროექტის სახით მოევლინა. მათ შორის იყო მათ შორის იყო Spotlight x Startuper, რომელიც Marketer.ge-სთან თანამშრომლობით, სპეციალურად სტარტაპერებისთვის ჩატარდა და პროგრამის მონაწილეებს წარმატებული ანტრეპრენერებისა და სფეროს პროფესიონალების გამოცდილების გაზიარების საშუალება მისცა.

Spotlight x Startuperi.ge

ამას გარდა, ჩამოყალიბდა კონკურსი საუკეთესო აპლიკაციებისთვის, Social Impact Award, ქუჩის ბაზრობები, სტარტაპ-დეკრეტი, რომელიც თიბისის თანამშრომლებს საკუთარი ბიზნესიდეის რეალიზებისთვის ექვსთვიან „დეკრეტულ შვებულებას“ აძლევდა და ამით სტარტაპერების საკუთარ გუნდში ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს და სხვა. გამორჩეული წამოწყებების აღიარებისთვის, 2017 წელს, „ბიზნესდაჯილდოებას“ სტარტაპერის ნომინაციაც დაემატა.

ანკა თოთიბაძე

ანკა თოთიბაძე: „ყოველი აქტივობა საჭიროების შესწავლითა და დაკვირვებით ყალიბდება. ვატარებთ ინტერვიუებს, ვსწავლობთ ქცევას და იმის მიხედვით ვგეგმავთ ახალ აქტივობებს. განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი აქვს სატრენინგო და ინდივიდუალური კონსულტაციების მიმართულებას. ასევე, სტარტაპერების პოპულარიზაციას – მედია მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში, ჩვენი მონაწილეების საქმიანობას აქტიურად ვაშუქებდით.“

რა შეცვალა სტარტაპერმა?

შედეგებზე ყველაზე უკეთ ალბათ მაინც რიცხვები საუბრობენ – ხუთი წლის მანძილზე სტარტაპერის პროგრამაში 55 000-მა ბენეფიციარი ჩაერთო და მათმა საერთო კაპიტალმა 315 მილიონი ლარი შეადგინა.

ნათია სვანიძე: „ამ შედეგს წლიდან წლამდე უფრო და უფრო ვგრძნობდით. იზრდებოდა ახლად რეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიზნესების ხარისხი, ინდუსტრიების ნაირსახეობა, გამძაფრდა კონკურენცია, ბევრი სტარტაპი არამხოლოდ ლოკალურად, არამედ გლობალურადაც გახდა ინოვაციური. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები დღეს უკვე სიამაყით ამბობენ, რომ არიან სტარტაპერები. ცხადია, ეს არ არის მხოლოდ თიბისის დამსახურება, თუმცა სულ მცირედ, გარკვეული წვლილიც ძალიან სასიამოვნო და საამაყოა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სტარტაპერმა შეცვალა, არის დამოკიდებულება საკუთარი სტრატაპის კეთების მიმართ და ის ენთუზიაზმი, რასაც დღეს ახალგაზრდებში ვხედავ.  ვფიქრობ, პროგრამამ წარმატებით მიაწოდა სამიზნე აუდიტორიას მთავარი სათქმელი – “მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი!“

გარე დამკვირვებლის მხრიდან კი შეუიარაღებელი თვალით ჩანს, როგორი ბიძგი მისცა სტარტაპერის პროგრამამ სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებას. ქვეყანაში, მის პარალელურად, აქტიურად განვითარდა ბიზნესიდეების ხელშეწყობის პროექტები, პრეაქსელერატორები და აქსელერატორები. არაერთი ქართული სტარტაპი, რომლის პირველი ნაბიჯები სწორედ სტარტაპერის პროგრამას უკავშირდება, საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. თიბისის სტარტაპერში ამაყობენ, რომ ამ ცვლილებაში გარკვეული წვლილი მათაც შეიტანეს. დღეს, დაარსებიდან ხუთი წლის შემდეგ, „სტარტაპერი“ არის ბრენდი, რომელიც ახალბედა კომპანიებს გზის გაკვალვის შესაძლებლობებს უქმნის. პროგრამა განაგრძობს განვითარებას და კვლავაც ეცდება, სტარტაპერების მათთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფას.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

მხატვარი რობოტი გამოფენას მართავს

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემას „გრძნობებით“ უპირისპირდებიან — კამპანია