სტარტაპის შექმნის პირველი ეტაპი ყოველთვის ემოციურია – ფიქრობ, რომ გაქვს გენიალური იდეა, რომელიც შეგიძლია დიდ ბიზნესად აქციო. შემდეგ იწყება გუნდის შეკრება, იდეის დამუშავება და როლების გადანაწილება, პირველადი ინვესტიციების მოძიებაც ძალიან მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე…ყველა სტარტაპი ყოველთვის ვერ ახერხებს ამ ფაზიდან გამოსვლას და კომპანიად ჩამოყალიბებას, თუმცა ის მოსაზრება, რომ თავიდანვე დიდი გუნდი და ფულია საჭირო, სიმართლეს არ შეესაბამება. სავსებით შესაძლებელია, ნელი ნაბიჯებით, მოკრძალებული დასაწყისით დიდი მიზნების დასახვა და მიღწევა.
ამის ნათელ მაგალითად ცნობილი ბრენდების ისტორიებს მოგიყვანთ, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ ცდა ყოველთვის ღირს, მთავარია, არ დანებდეთ.
Airbnb
ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიაა, რომელიც შერჩეულ თემას ყველაზე კარგად მიესადაგება. დამფუძნებლებმა ბრაიან ჩესკიმ და ჯო გებიამ თავისი პირველი ვებგვერდი 2007 წელს გახსნეს, როდესაც ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკოში გადავიდნენ და სასტუმროების ნაკლებობა შეამჩნიეს. მათ ეს შეაფასეს, როგორც დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა და Airbnb-ის კონცეფციაც დაიბადა.
წარმატება ერთ ღამეში ნამდვილად არ მოსულა. Airbnb-ის დამფუძნებლებს წლები დასჭირდათ, რომ მიეღოთ დაფინანსება და კიდევ უფრო მეტი მოგება. მათ ეს მოახერხეს და დღეს Airbnb-ის საბაზრო კაპიტალი 74 მილიარდ დოლარს აღემატება, ხოლო მისი სახელი ყველა მოგზაურმა იცის.
სოციალური ქსელი, რომელიც დღეს ყველასთვის ნაცნობია, თავიდან სტარტაპი იყო. ის კევინ სისტრომმა დააფუძნა, სახელწოდებით Burbn და ერთ დღეში 25000 მომხმარებელი დააგროვა. ფოტოების გაზიარების პლატფორმა იმ დროისთვის უნიკალური გამოცდილება იყო, რომელიც, როგორც სიახლე, მრავალმა მომხმარებელმა აიტაცა.
თუმცა ნამდვილი წარმატება მაშინ ეწვია, როცა სტარტაპმა შეცვალა ბიზნესმოდელი, დაირქვა Instagram და ჩაეშვა iOS-ისთვის. დაახლოებით 2 თვეში 100 000 მომხმარებელი და 1 მილიონის შემოსავალი მოიპოვა.
Uber
Uber-ის წარმატების ისტორია მოიცავს როგორც სწრაფი ზრდის მაგალითებს, ისე წინააღმდეგობების გადალახვას. ის შეიძლება შთაგონებად იქცეს ახალბედა მეწარმეებისთვის. Uber-ის იდეა ტრევის კალანიკმა და გარეტ კემპმა შეიმუშავეს, რომლებმაც პირადი გამოცდილებით გადაწყვიტეს, სტარტაპი დაეფუძნებინათ. კერძოდ, პარიზში ყოფნისას მათ ვერ იშოვეს თავისუფალი მანქანა და შუა ზამთარში ქუჩა-ქუჩა მოუწიათ სიარული, ამიტომ გაუჩნდათ ტელეფონით ტაქსის გამოძახების იდეა. Uber Technologies ოფიციალურად დაარსდა 2009 წელს და სწრაფად გახდა ყველაზე ღირებული სტარტაპი მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით მას უკვე ბევრი კონკურენტი ჰყავს, ის მაინც პირველ ბრენდად რჩება, რომელმაც საერთო პრობლემის გადაწყვეტა მოიფიქრა.
წარმატებული სტარტაპების სიაში შემდეგია Pinterest. ბევრი სტარტაპკომპანიისგან განსხვავებით, Pinterest არ შექმნილა ტექნოლოგიებთან მომუშავე ადამიანებისთვის, ის შეიქმნა იმისათვის, რომ ნებისმიერმა გამოიყენოს. ბენ სილბერმანი იქამდეც კი მივიდა, რომ მომხმარებლებს შესთავაზა თავისი პირადი ტელეფონის ნომერი, რათა მათ შესძლებოდათ მასთან დაკავშირება და ვებსაიტის შესახებ გამოცდილების გაზიარება. გუნდი ფოკუსირდა არსებული მომხმარებლებისთვის გამოცდილების შექმნაზე და სრულიად უნიკალური სოციალური მედიის გამოცდილების შემუშავებაზე, რაც გამოუვიდათ კიდეც. ამჟამად Pinterest $15 მილიარდი ღირებულების ბრენდია.
Pandora
ეს ის სტარტაპია, რომელიც ტიმ ვესტერგრენმა დააარსა, რომელიც მუსიკით იყო გატაცებული. ვესტერგრენის, როგორც მოგზაური მუსიკოსისა და მხატვრული ფილმების კომპოზიტორის ხედვამ, განაპირობა რადიო Pandora-ს არსებობა.
ტიმს მარტივი გზა არ გაუვლია. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მიიღო მნიშვნელოვანი დაფინანსება, პროექტს გზაზე რამდენიმე დაბრკოლების გადალახვა მოუწია. როგორც ცნობილია, მისი გუნდი თითქმის ორი წლის განმავლობაში ვერ იღებდა ანაზღაურებას, მათგან 5-მა ტიმს სასამართლოშიც კი უჩივლა, ფინანსური ზარალიც დიდი ნახა, თუმცა ამ ამბავს მაინც ბედნიერი დასასრული აქვს. ყველა დავა საბოლოოდ მოგვარდა და თანამშრომლებს ხელფასი გადაეცათ. Pandora-ს გაშვება წარმატებით დასრულდა, ის საბოლოოდ 3,5 მილიარდ დოლარად შეიძინა Sirius XM ჰოლდინგმა და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რადიოტალღადაც აქცია.
ტექსტური შეტყობინებების ცნობილი აპლიკაციაა, რომლითაც ადამიანები ერთმანეთს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უკავშირდებიან. მას უკან საინტერესო ისტორია უდგას – სტარტაპის დამფუძნებელი, იან კუმი ხშირად რჩებოდა იმედგაცრუებული გამოტოვებული ზარების გამო, როცა სპორტდარბაზში ვარჯიშობდა. მან და მისმა თანადამფუძნებელმა, ბრაიან აქტონმა შეიმუშავეს WhatsApp, რათა მომხმარებლებს საშუალება მისცენ, მიუთითონ, როდის არიან ხელმისაწვდომი ზარების მისაღებად და არ გამოტოვონ მნიშვნელოვანი შეტყობინებები.
Whatsapp-ის ისტორიას განსაკუთრებით უნიკალურს ხდის ის, რომ დამფუძნებლებს არ დაუწყიათ ბიზნესის შენება, მათ უბრალოდ სურდათ, პრაქტიკული აპლიკაციის შეთავაზება ადამიანებისთვის. თუმცა აპლიკაციამ იმხელა დაინტერესება გამოიწვია, რომ ის 5,5 მილიარდი დოლარის ბიზნესად გადაიქცა.
Netflix
დღეს ყველას Netflix გვაკერია პირზე, მაგრამ თავის დროზე ეს იყო DVD დისკების გაქირავების სერვისი. Netflix ახლა 30 მილიარდ დოლარზე მეტი ღირს და არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ბიზნესმოდელს, მკვეთრად შეცვალოს კომპანიის ტრაექტორია.
Netflix მაშინაც ნოვატორი იყო, როცა ფოსტით უგზავნიდა დისკებს თავის შემკვეთებს. მიწოდების ეს ფორმატი მაშინ ასეთი გავრცელებული არ იყო. სწორი სვლებითა და სიახლეებისადმი მიდრეკილებით, სტარტაპმა მოახერხა, რომ დღეს მედიაგიგანტად მოიხსენიებოდეს.
WordPress
ერთი სტარტაპის მაგალითსაც მოვიყვანთ და ამით დავასრულებთ. ცნობილი ვებპლატფორმის, WordPress-ის დამფუძნებელი 20 წლის მეთ მალენვეგი იყო, რომელმაც თავდაპირველად გამოუშვა Automattic. ამ ადამიანმა კოლეჯი მიატოვა და მთელი თავისი იდეები მიზნებად ქცევისკენ მიმართა. ღია კოდის პლატფორმის შექმნით, მან მილიარდი დოლარის ღირებულების წარმატების ისტორიაც დაწერა, WordPress კი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ციფრული ინსტრუმენტია ბლოგერებისთვისა და ბიზნესებისთვის.
ამით ჩვენი სია დასრულდა. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა ცნობილი ბრენდი არსებობს, რომელმაც მცირე მეწარმეობით დაიწყო და შემდეგ მოიზიდა ინვესტიცია, მაგრამ Google-ის ავტოფარეხის ისტორია ყველასთვის კარგადაა ცნობილი, ამიტომ ვეცადეთ, ისეთი ბრენდები აგვერჩია, რომელთა საწყისი ნაბიჯებიც შედარებით ნაკლებაა მოყოლილი.
ყველა ეს ამბავი ნამდვილი შთაგონებაა მათთვის, ვისაც სტარტაპიდეები აქვს და ფიქრობს, რომ დიდ კომპანიად ქცევა წარმოუდგენელი იქნება.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი