in

როგორ გადავწყვიტოთ, სტარტაპში ვიმუშაოთ თუ რომელიმე დიდ კომპანიაში?

M2

რატომ სჯობს სტარტაპში მუშაობა სხვა სამუშაო გარემოს და პირიქით, რა შემთხვევაში სჯობს კერძო კომპანიაში მუშაობა? ამის შესახებ აზრებს კომპანიების NEUR Optics და iZ3D დამფუძნებელი დავით ჩეჩელაშვილი გვიზიარებს.

პროფესიული განვითარების სიჩქარე სტარტაპში გაცილებით უფრო მაღალია 

დიდ კომპანიებში არავინ არ გვანდობს საქმეს, რაშიც გამოცდილება ცოტა გვაქვს ან საერთოდ არ გაგვაჩნია. სტარტაპში და მცირე და საშუალო ბიზნესში ყოველთვის არის ადამიანური რესურსის ნაკლებობა. შესაბამისად, უნდა ვაკეთოთ ის, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და არა მხოლოდ ის, რის გამოცდილება გვაქვს. ცხადია, სტარტაპში უფრო მეტი საინტერესო საქმეა, ვიდრე მცირე და საშუალო ბიზნესში, რადგან ზრდისა და მასშტაბირების პოტენციალი და ტემპები გაცილებით უფრო მაღალია. როგორც ამბობენ, სტარტაპში ერთი წლის სამუშაო გამოცდილება დიდ კომპანიაში გატარებულ 10 წელს უდრის. 

თითქმის არ არსებობს საოფისე პოლიტიკა და შიდა ინტრიგები

კარგ სტარტაპში არავის სცალია ინტრიგებისთვის. იქ ყოველდღე იბრძვიან გადარჩენისთვის და ამისათვის, უბრალოდ, არ სცალიათ. ცხადია, არსებობს გამონაკლისები, მაგრამ ჩვენ კარგ სტარტაპს ვგულისხმობთ. 

ძალიან კრიტიკულად მოაზროვნე ვართ და არ შეგვიძლია ეფექტურად ფუნქციონირება იქ, სადაც მკაფიოდ გაწერილი და განსაზღვრული წესებია

თუ ჩვენ გვიყვარს „რატომ“ კითხვის დასმა და პასუხი „იმიტომ, რომ ყოველთვის ასე იყო“ ისევე მოქმედებს, როგორც წითელი ფერი ხარზე, მაშინ აუცილებლად სტარტაპში უნდა ვიმუშაოთ და სავარაუდოთ, ერთ-ერთი დამფუძნებელი გავხდეთ. აქამდე, შეიძლება მიხვიდეთ მწარე გამოცდილებით: თუკი დიდ კომპანიაში აღმოჩნდით და იქიდან სწორად იმიტომ რომ  პრობლემის/საჭიროების გადაჭრის არასტანდარტული და რადიკალურად ინოვაციური გზა იპოვეთ და ეს წარუმატებლობით დამთავრდა, რასაც სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა – ნუ დაყრით ფარ-ხმალს – თქვენი გზა სტარტაპში რადიკალური ინოვაციების შეტანაა.

თუკი მოახერხეთ და შეინარჩუნეთ „შინაგანი ბავშვი“, გეტყვით, რომ ეს მოახერხეს ისეთმა ადამიანებმა როგორიც იყვნენ დავინჩი, აინშტაინი, ფეინმანი, მასკი და ა.შ. გილოცავთ, ახლა თქვენ გაქვთ ორი გზა: ან იქნებით „სერიული ანტრეპრენერი“, რომელიც ყოველთვის რამე ახალ სტარტაპიდეის განხორციელებით იქნება დაკავებული, ან თუ უფრო იშვიათ კატეგორიას ეკუთვნით – მოახერხებთ „CEO ტრანსფორმაციას“ თქვენს სტარტაპში დიდხანს დარჩებით და მას აქცევთ დიდ კომპანიად, რომლის რეპუტაცია უკვე არც ისე კარგი იქნება, როგორიც სტარტაპის დროს გახლდათ.

აქვე, გიზიარებთ ორ შესაძლო მიზეზს, თუ რატომ უნდა ვარჩიოთ დიდი კომპანია სტარტაპს: 

ჩვენ არ შეგვიძლია ფუნქციონირება სტრუქტურის გარეშე

არ ვართ ეფექტურები, როდესაც ვხვდებით გარემოში, სადაც წესები არ არის კარგად გაწერილი და განსაზღვრული. ადამიანთა უმრავლესობა სწორედ ამ კატეგორიას ეკუთვნის. შეიძლება არ ვეკუთვნით მაგრამ გარემომ (საბავშვო ბაღიდან და მშობლებიდან დაწყებული, უნივერსიტეტით დამთავრებული) იმოქმედა. 

გვაკლია გამოცდილება

სამწუხაროდ, განათლების სისტემა მთელ მსოფლიოში და კერძოდ, საქართველოში დღემდე მე-20 საუკუნეში იმყოფება. უნივერსიტეტს ვამთავრებთ და არაფრის გამოცდილება არ გვაქვს. გვიწევს ყველაფერი თავიდან ავითვისოთ სამსახურში. ეს თვალნათლივ ჩანს სტუდენტურ ჰაკათონებსა და სტარტაპ-შეჯიბრებზე – იდეების უმრავლესობა არარსებული ან არასერიოზული პრობლემების გადასაჭრელად არის მიმართული. ზუსტად ამიტომ გირჩევთ, დაიწყოთ სამსახური დიდ კომპანიაში, დაინახოთ რეალური პრობლემები, კარგად გაერკვეთ ინდუსტრიაში და შემდეგ დააფუძნოთ თქვენი სტარტაპი, რომელიც ამ პრობლემის ისეთ ეფექტურ გზას იპოვის, რასაც თქვენი სამსახური ვერასოდეს იპოვიდა, ვინაიდან დიდ კომპანიებს ძალიან უჭირთ რადიკალური ინოვაცია.

როგორ ვიყოთ მენტორი ვირტუალურ სამუშაო გარემოში?

„ჩაის გარეშე საუბარი ღამის ცას ჰგავს მთვარის გარეშე” – თურქული ჩაის კულტურა