in

ქართული სტარტაპები გვიზიარებენ გამოცდილებას, როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება

სტარტაპი ბიზნესის განვითარების ის სტადიაა, რომლის დროსაც მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს განსაკუთრებულ გამოწვევად მათ ფინანსური რესურსები ევლინებათ, რადგან, როგორც წესი, სტარტაპი დახუნძლული იდეებით, დიდი სამომავლო გეგმებით, მაგრამ მცირე ბიუჯეტით იწყებს თავის საქმიანობას. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მსოფლიო მასშტაბით არაერთი საგრანტო პროგრამაა შექმნილი, რომლებიც დამწყებ მეწარმეებს დაფინანსების მოპოვების საშუალებას აძლევენ. 

საქართველოში ბევრი სტარტაპია მსგავს პროგრამაში ჩართული და დაფინანსების მიღების გამოცდილებაც ბევრ მათგანს აქვს. Marketer-ში ბოლო დროის რამდენიმე წარმატებული სტარტაპის დამფუძნებელს გავესაუბრეთ, რათა მათ საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარონ და გვითხრან, თუ რა პროცესებთან არის დაკავშირებული გრანტის აღება საქართველოში. ეს ის ნაბიჯებია, რომლებსაც სტარტაპები ხშირად დამოუკიდებლად გადიან და ბევრი სირთულის გადალახვა უწევთ. გადავწყვიტეთ, დამწყებ სტარტაპერებს დავეხმაროთ და უკვე გამოცდილებთან ერთად რამდენიმე პრაქტიკული რჩევა გაგიზიაროთ.

გიორგი ურუშაძე, Tasteit-ის თანადამფუძნებელი და CEO:

„ბუნებრივია, როცა სტარტაპისთვის დაფინანსების მოპოვებას ცდილობ, თავიდანვე იცი, რისთვის გჭირდება ფინანსები, საით უნდა მიმართო და რა უნდა იყოს პირველი ნაბიჯები იმისთვის, რომ პირველ რიგში, ჯერ პროდუქტი შექმნა და შემდეგ უკვე მის განვითარებაზე იზრუნო. ჩვენს შემთხვევაში პირველი დაფინანსების წყარო, სატელევიზიო შოუ Shark Tank Georgia გახლდათ, ამის შემდეგ Gita-ს 150 000 ლარიანი გრანტი მოვიგეთ, ამ ეტაპზე კი დადასტურებული გვაქვს კერძო ინვესტიცია გერმანულ მარკეტზე შესასვლელად.

უნდა აღვნიშნო, რომ ჯიტაში გამარჯვებამდე 2-ჯერ ვცადეთ პროგრამაში მონაწილეობა, თუმცა სასურველ მიზანს ვერ მივაღწიეთ. ვფიქრობთ, რომ აქამდე მიღებული გადაწყვეტილებები ლოგიკური იყო, რადგან ჩვენი სტარტაპი ჯერ ოფიციალურად ჩაშვებული არ იყო მარკეტზე. მას შემდეგ კი, რაც რეალური შედეგები ვაჩვენეთ და ათასობით მომხმარებელი დარეგისტრირდა აპლიკაციაში, გრანტის მიღებაც გამარტივდა, პროდუქტმა ვალიდაცია გაიარა და ყველამ დაინახა: დიახ, tasteit მუშაობს და მას გლობალური პოტენციალი აქვს. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, პროდუქტს ვალიდაცია ჰქონდეს გავლილი, არსებობდნენ პირველი მომხმარებლები, რომლებმაც ის დატესტეს. კარგი იდეები ყველას უჩნდება, მთავარია, იდეას პროდუქტად როგორ აქცევ. არ არის აუცილებელი, დაფინანსების მოპოვების პროცესში მთლიანი გუნდი იყოს ჩართული, მთავარია, გუნდში როლები მკვეთრად იყოს განაწილებული და ინვესტორები ხედავდნენ, რომ თითოეული გუნდის წევრი საერთო ჯაჭვის მნიშვნელოვანი რგოლია.

დამწყებ სტარტაპერებს ვურჩევ, რომ არ შეეშინდეთ შეცდომების, პირიქით – დაუშვი შეცდომა, მაგრამ ეცადე, ისწავლო მათზე და ეს ცოდნა შენი პროდუქტის განვითარებისთვის გამოიყენო. როცა სტარტაპს აკეთებ, მით უმეტეს, როცა საწყის ეტაპზე ხარ, ჩემი აზრით, კითხვა – გააკეთო თუ არა? – არარელევანტურია. Airbnb-მ მატრასების გაქირავებით დაიწყო ბიზნესი, მაგრამ დღეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, ასე რომ ცადე!”.

ხატია სვანაძე, Tripcamp-ის თანადამფუძნებელი:

„Tripcamp-ის გუნდმა საკმაოდ გრძელი გზა გავიარეთ, სანამ ჯიტას გამარჯვებული გავხდებოდით. გრანტის აღება შევძელით მეორე ცდაზე. აპლიკაცია ტექნოლოგიური პროდუქტია და დიდი ფინანსური რესურსია საჭირო, რომ განავითარო.  გარდა ამისა, დიდი თანხები იყო საჭირო, იმისთვის რომ ჩვენი აპლიკაცია გაგვეცნო მომხმარებლებისთვის. თავიდანვე ვიცოდით რომ 2 მიმართულებით დავხარჯავდით მოპოვებულ გრანტს: დეველოპმენტის და მარკეტინგის მიმართულებით. საბოლოოდაც ამ მინზობრიობით გავხარჯეთ მოგებული თანხა. 

დაფინანსების მოსაპოვებლად რამდენიმე ეტაპის გავლაა საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანია მთელი გუნდის ჩართვა ამ პროცესში. ჩვენ ერთობლივად ვიმუშავეთ ყველა ეტაპზე – ერთობლივად შევავსეთ აპლიკაცია და მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორების წინაშე მარტო გავედი, გუნდის წევრები მონაწილეობდნენ ფინალური დღისთვის მომზადების პროცესშიც. ჩვენს სტარტაპს ორი გრანტი აქვს მოპოვებული: 15 000-ლარიანი და 150 000-ლარიანი. ორივე გრანტის შემთხვევაში ძირითადი სირთულე იყო, დაგვერწმუნებინა ინვესტორები საკუთარ იდეაში და გუნდის შესაძლებლობებში. 150 000 ლარიანი გრანტის შემთხვევაში პირველ ცდაზე არ გამოგვივიდა, მაგრამ მივიღეთ დიდი გამოცდილება 5 დღიანი ქოუჩინგის დროს და ასევე ძალიან დაგვეხმარა ინვესტორების უკუკავშირი, რომ მეორე ცდაზე უფრო მომზადებული ვყოფილიყავით”.

თორნიკე ჩუნთიშვილი, Wiggly-ს თანადამფუძნებელი:

„სანამ დაფინანსებას ავიღებდით, 3-თვიანი პროცესი გავიარეთ. ამ 3 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ და ვისწავლეთ. განსაკუთრებით საინტერესო იყო გამოცდილ მენტორებთან და ქოუჩებთან ერთად მუშაობა. ამ პროცესში არა მარტო ბიუჯეტი, არამედ პროდუქტი და განვითარების სტრატეგიაც მნიშვნელოვნად განვაახლეთ. 

მთავარი გამოწვევა ისაა, რომ საჭიროა, რაც შეიძლება ზუსტად და მკაფიოდ მოახდინო შენი იდეის და კონცეფციის არტიკულაცია. მოკლე წინადადებებში უნდა მოაქციო და შეაჯამო ის ინფორმაცია, რაზეც ძალიან ბევრი გიფიქრია. ამის სწავლა და გაკეთება, ვფიქრობ, გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

პირველ რიგში,  რაც შეიძლება მეტი რაოდენობრივი თუ ხარისხობრივი ინფორმაცია უნდა შეაგროვო შენი ბაზრის შესახებ. ასევე, ზუსტი და მკაფიო ხედვა ჩამოაყალიბო იმის შესახებ, თუ რა პრობლემაა და როგორი გზით აგვარებ მას.

ქოუჩინგის პროცესში თქვენ არაერთხელ გაიგებთ, რომ ინვესტორები იდეაზე უფრო მეტად გუნდს აფასებენ და ეს ასეა, ძლიერი და სწორი გუნდი ცუდ იდეასაც კი დაამუშავებს, დააკორექტირებს და შედეგებს მიაღწევს; და პირიქით – რაც არ უნდა კარგი იდეა იყოს, თუ გუნდი სუსტია, წარმატების შანსები ძალიან მცირეა. ამიტომ იზრუნეთ, რომ სწორად დაბალანსებული გუნდი გყავდეთ, რომელშიც გაერთიანებული იქნება ყველა საჭირო კომპეტენცია. 

რჩევად შემიძლია გაგიზიაროთ, რომ იდეის გატანამდე აუცილებლად კარგად გაიაზრეთ თქვენი სტარტაპის კონცეფცია, აჩვენეთ და გააცანით იგი რაც შეიძლება ბევრ გამოცდილ ადამიანს და მოისმინეთ კრიტიკა”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„ჩერისთან ერთად” – დღიური, რომელიც საქმიანი ადამიანების ჯანსაღი ცხოვრების მეგზურია

ვინ არის No-Face? — ჰაიაო მიაძაკიმ პერსონაჟის იდენტობაზე ისაუბრა