24
Oct
2018

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სტარტაპები წყვეტენ საქმიანობას

24 Oct 2018

წარმატების მიღწევა, შეცდომების გარეშე, წარმოუდგენელია. ხშირად, ჩვენ არ ვიცით, წარმატებული ადამიანების, ბიზნესების მიღმა რა წინააღმდეგობები, მოულოდნელობები, რისკები, შეცდომები იმალება. ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ მარცხი არის დასასრული და ვწყვეტთ ბრძოლას. რატომ წყვეტენ სტარტაპები ფუნქციონირებას? – პასუხი სტატიის ბოლოსაა, თუმცა, ვფიქრობთ, არც ისე ძნელი მისახვედრია მიზეზი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო წარუმატებლობა. ადამიანები ხშირად ირჩევენ არასწორ გზაზე სიარულს, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ  სწორედ ეს არის საუკეთესო გამოცდილება – პროფესიული, პიროვნული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.

სტარტაპის შემთხვევაშიც ასეა. რთულია, მოიპოვო ინვესტორის ნდობა, სწორად განსაზღვრო შენი სამიზნე სეგმენტი, მათი სურვილები, მოლოდინები, საჭიროებები. თუმცა, მთავარია იმის გათავისება, რომ ახალბედა ბიზნესის განვითარების პროცესი უნდა იყოს ექსპერიმენტებით, გაბედული ნაბიჯებით, რისკებით, შეცდომებით სავსე.

მაგალითად, შექმენი ე.წ. „ლენდინგ ფეიჯის“ – ერთგვერდიანი პრომოსაიტის ორი ვერსია, ე.წ. A/B ტესტი იმის გასარკვევად, თუ რომელი უფრო იმუშავებს. სხვადასხვა დიზაინით, ფოტოებით, რომლით უფრო მეტ შედეგს მიაღწევ, რომელი გვერდის დახმარებით დაიჭერ მეტ პოტენციურ კლიენტს?

მთელი ხიბლი ამ პროცესის, A/B ტესტის არის ის, რომ შენ მიერ შერჩეული ორი ვარიანტიდან, ერთ-ერთი აუცილებლად იგებს, მეორე კი – წარუმატებელია და არ მუშაობს. ეს კი, წაგებას ავტომატურად ხდის მისაღებს. შეცდომების შესაძლებლობებად გარდაქმნა, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ გუნდი გამოთქვამს ექსპერიმენტებისთვის, სიახლეებისთვის მზაობას. რადგან ფოკუსი, წარუმატებლობის შემთხვევაშიც, პოზიტიურ ნაწილზეა, მიზანი არის იმის გაგება, როგორ მუშაობს ახალი იდეა და არა ის, რატომ არ გაამართლა ექსპერიმენტმა და ვის ეკისრება შეცდომებზე პასუხისმგებლობა. შესაბამისად, რისკიან გადაწყვეტილებებს თავს არავინ აარიდებს იმის შიშით, რომ შენიშვნას მიიღებს და კომპანიის წარუმატებლობის ტვირთი მხრებზე დააწვება.

მას შემდეგ, რაც ნებისმიერი იდეით გაერთიანებულ გუნდს ექნება სამუშაო კულტურა, სადაც ექსპერიმენტები მნიშვნელოვანია და წარუმატებლობა განიხილება, როგორც ინოვაციური გადაწყვეტილებების ბუნებრივი ნაწილი, განვითარების საშუალება ექნება როგორც ბიზნესს, ისე თავად თანამშრომლებსაც.

ამ ტიპის კულტურა ყველა სტარტაპს სჭირდება. არცერთი კომპანია არ გაიზრდება კომფორტის ზონიდან გამოუსვლელად, არცერთი დასაქმებული არ გაიზრდება ინტელექტუალური რისკების გარეშე. ვერ შექმნი ინოვაციურ პროდუქტს შეცდომების გარეშე. ამიტომ, სცადე A/B ტესტი, რომელიც ცდის, შეცდომებზე სწავლის, ექსპერიმენტების, განვითარების საფუძველი გახდება.

ჩვენს კითხვაზე პასუხი კი არის ერთადერთი და ცალსახა – მარცხის შიში.

წყარო: inc



განხილვა