in

როგორ იზიდავენ გლობალურ ინვესტიციებს წარმატებული სტარტაპები? – გიორგი მესხის გამოცდილება

Startauperi
Startauperi

როდესაც საქმე გლობალურ ინვესტიციებთან მიდგება, მხოლოდ კარგი პროდუქტი იშვიათად არის საკმარისი. დამფუძნებლების უმთავრესი გამოწვევა სწორედ ინვესტორების მოზიდვა და მათთან ეფექტური კომუნიკაციაა.

„სტარტაპებს ხშირად არ ესმით, რომ ინვესტორების მოზიდვა არ ნიშნავს რაც შეიძლება მეტი ფონდისთვის მიწერას. ქართველი მეწარმეები ხშირად ლოკალურ ბაზარზე რჩებიან ფოკუსირებულნი და უჭირთ საერთაშორისო ინვესტორების ენაზე საუბარი,“ – ამბობს გიორგი მესხი, რომელიც თავისი სააგენტო RunwayTeam-თან ერთად, სტარტაპებისთვის 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების კაპიტალი მოიზიდა. ის მუშაობს ისეთი აქსელერატორების სტარტაპერებთან, როგორებიცაა: 500 Startups, Y Combinator, Techstars, ასევე ვენჩურული კაპიტალის კომპანიებთან – Sequoia Capital, Khosla Ventures, a16z.

როგორ უნდა გადალახონ სტარტაპერებმა ინვესტორებამდე მისასვლელი ბარიერები და დაარწმუნონ ისინი? რა როლს თამაშობს სწორი პოზიციონირება და თარგეთირება წარმატებული დაფინანსების მოპოვებაში? რას ეძებენ რეალურად ინვესტორები, როდესაც უამრავ სტარტაპს შორის აკეთებენ არჩევანს? დეტალებზე გიორგი მესხი გვესაუბრა.

M: სტარტაპებისთვის ინვესტორების მოძიება ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. თქვენი გამოცდილებიდან, რა ტიპის სირთულეებს აწყდებიან ისინი ყველაზე ხშირად ამ პროცესში?

ინვესტორთა სამყარო საკმაოდ მრავალფეროვანია – არსებობს სხვადასხვა ტიპის ინვესტორი (Angel, VC, Family office და სხვა), რომლებიც ასევე განსხვავდებიან იმით, თუ რომელ ეტაპზე აინვესტირებენ (Pre-seed, Seed, Series A…). გარდა ამისა, მათი ინტერესები ინდუსტრიების, ინვესტიციის მოცულობისა და სხვა პარამეტრების მიხედვით იცვლება.

სტარტაპების მხრიდან ყველაზე გავრცელებული შეცდომა სწორედ ის არის, რომ არ იციან რა ტიპის ინვესტორები უნდა მოიძიონ. ბევრს ჰგონია, რაც უფრო მეტ ინვესტორს დაუკავშირდებიან, მით მეტი შანსი ექნებათ, თუმცა რეალურად უპირატესობა აქვთ მათ, ვინც ჯერ სწორ თარგეთირებას აკეთებს და შემდეგ იწყებს კონტაქტის დამყარებას. ამასთან ერთად, გადამწყვეტია მიდგომის ფორმა – ინვესტორი მაშინ ინტერესდება, როცა ხედავს, რომ დამფუძნებელმა მასში რაღაც განსაკუთრებული და რელევანტური დაინახა, რის გამოც სჯერა, რომ სწორედ მისი პროექტი დააინტერესებს.

M: დღევანდელ სწრაფად ცვალებად ბიზნეს გარემოში სტარტაპებისთვის ფინანსების მოძიება კომპლექსური პროცესია. როგორ ეხმარები კომპანიებს ინვესტიციების მოზიდვაში?

ჩემი საქმიანობა მთლიანად კონცენტრირებულია საერთაშორისო სტარტაპების ფინანსურ მხარდაჭერასა და ინვესტიციების მოზიდვაზე. არსებითად, ჩვენ ვეხმარებით დამფუძნებლებს შექმნან იმდენად დამაჯერებელი ნარატივი, რომ ინვესტორებთან პირველივე შეხვედრისას მოახერხონ მათი ყურადღების მიპყრობა. ეს შედეგი მიიღწევა სწორად გამართული სტრატეგიითა და იმ საინვესტიციო დოკუმენტაციით, რომელზეც ჩვენს კლიენტებთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ რამდენიმე კვირის მანძილზე. დღეისათვის, ჩვენს სააგენტოს – RunwayTeam-ს უკვე 600-ზე მეტი სტარტაპის მხარდაჭერის გამოცდილება აქვს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

M: როგორია ინვესტორების დაინტერესების პროცესი?

ჩვენი მთავარი მისიაა, სტარტაპებმა შეძლონ კაპიტალის მოზიდვა უფრო სწრაფად და გაცილებით ხელსაყრელი პირობებით. ამისათვის მათ ვთავაზობთ სამ ძირითად მომსახურებას:

პირველი – საინვესტიციო სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც ვსაზღვრავთ საინვესტიციო რაუნდის ოპტიმალურ სტრუქტურასა და სამიზნე ინვესტორებს;

მეორე – ფიჩ დექი, რომლითაც ვახერხებთ ინვესტორის ინტერესის გაღვივებას შეხვედრის პირველივე წუთებიდან;

და მესამე – ფინანსური მოდელი, რომელიც ინვესტორს რეალისტურ სურათს აძლევს ფინანსური პროგნოზებისა და სტარტაპის ღირებულების შეფასების კუთხით.

M: თუ შევხედავთ მეორე მხარეს – ინვესტორების პოზიციიდან, რა არის მათთვის გადამწყვეტი ფაქტორები დაფინანსების გადაწყვეტილების მიღებისას?

ინვესტორთა პრიორიტეტები პერიოდულად იცვლება, თუმცა ფუნდამენტური პრინციპები უცვლელი რჩება. ისინი ეძებენ ისეთ მეწარმეს, რომელსაც ღრმად ესმის თავისი სფერო და შეუძლია თავისი ენერგიითა და ქარიზმით შთაბეჭდილება მოახდინოს არა მხოლოდ ინვესტორებზე, არამედ პოტენციურ მომხმარებლებზეც.

მიუხედავად იმისა, რომ იდეის სიძლიერე მნიშვნელოვანია, უფრო მეტად ფასდება ამ იდეის განხორციელების უნარი – ინვესტორები ცდილობენ გაარკვიონ, შეუძლია თუ არა გუნდს იმ ამბიციური მიზნების მიღწევა, რომელსაც ისახავს. ასევე არსებითია სამიზნე ბაზრის მასშტაბი, რომელიც არც ძალიან შეზღუდული უნდა იყოს და არც არარეალისტურად გაბერილი.

საბოლოო ჯამში, ინსტიტუციური ინვესტორები აკეთებენ გათვლას ისეთ სტარტაპებზე, რომელთა მომავალი გაყიდვიდან (Exit-დან) მნიშვნელოვან მოგებას მიიღებენ – სწორედ ეს განაპირობებს მათ ინტერესს.

M: გვიამბეთ შედეგებზე, რასაც აქამდე მიაღწია თქვენმა გუნდმა

ჩვენი პროექტების საერთო პორტფოლიოს მოცულობა $1,2 მილიარდს აჭარბებს. გვიმუშავია ათეულობით სხვადასხვა ინდუსტრიაში: ენერგეტიკა, ელ. კომერცია, ფინტექი, ხელოვნური ინტელექტი, სპორტი, მედიცინა და მრავალი სხვა. თითოეულ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ ჩვენი კლიენტები მაქსიმალურად მომზადებულები და თავდაჯერებულები წავიდნენ ინვესტორებთან შეხვედრაზე. ეს სტატისტიკა ადასტურებს ერთ რამეს – ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ ფიქრობენ ინვესტორები და როგორ უნდა წარუდგინო მათ შენი სტარტაპი ისე, რომ ვეღარ შეძლონ ამ შესაძლებლობის გაშვება.

M: როგორ აფასებთ თანამედროვე სტარტაპ-ეკოსისტემის მდგომარეობას? რა ტენდენციები შეიმჩნევა და რა მიმართულებით ვითარდება ინდუსტრია?

2025 წელს, ინვესტიციების მოზიდვა გაცილებით რთული გამოწვევაა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ინვესტორები ბევრად უფრო ფრთხილები გახდნენ – ისინი დეტალურად აანალიზებენ ყველა შესაძლო რისკს და მხოლოდ იმ გუნდებს აძლევენ შანსს, რომლებსაც უკვე ჩამოყალიბებული აქვთ მკაფიო სტრატეგია და ამ სტრატეგიის ეფექტური კომუნიკაციის უნარიც გააჩნიათ.

ამ პირობებში, იდეის მნიშვნელობა მეორეხარისხოვანი ხდება და წინა პლანზე გამოდის ის, თუ როდის, როგორ და რა ეფექტით შედიხარ ბაზარზე. დღეს, ინვესტორი უპირველესად აფასებს სისწრაფეს – რამდენად სწრაფად შეგიძლია პირველი რეალური შედეგების (Traction) მიღწევა და მასშტაბირება თანამედროვე უპრეცედენტო კონკურენციის პირობებში.

მესამე გადამწყვეტი ფაქტორია იდეის შესრულების ხარისხი (Execution) – რამდენად ეფექტურად შეგიძლია კონცეფციის გარდაქმნა რეალურ, გაზომვად და მზარდ ბიზნესად. შესაბამისად, თანამედროვე სტარტაპ-ეკოსისტემაში გამარჯვებას აღწევს არა ის, ვისაც უბრალოდ საუკეთესო პროდუქტი აქვს, არამედ ის, ვისი ნაბიჯებიც (Distribution) ყველაზე სწრაფი, სტრატეგიული და მიზანმიმართულია.

M: რა გამოწვევები და შესაძლებლობები არსებობს ქართველი სტარტაპერებისთვის გლობალურ ბაზარზე გასასავლელად და რა რეკომენდაციებს მისცემდით მათ?

ქართველი მეწარმეები გამოირჩევიან უაღრესად ინოვაციური და კრეატიული იდეებით, თუმცა მთავარი გამოწვევა ალბათ მაინც ლოკალურ ბაზარზე ზედმეტად ფოკუსირება და საერთაშორისო დონის კომუნიკაციის ნაკლებობაა.

მიუხედავად პროდუქტის მაღალი ხარისხისა, სამწუხაროდ, ხშირად უჭირთ სწორი პოზიციონირება ინვესტორებთან – ვერ ახერხებენ დამაჯერებლად წარმოაჩინონ, რატომ სწორედ ეს გუნდი და რატომ ახლა. შესაბამისად, უცხოელ ინვესტორებსაც უჭირთ მათი ამბიციისა და პოტენციალის სრულად აღქმა.

თუკი ქართველი სტარტაპერები თავიდანვე გაითვალისწინებენ გლობალური ბაზრის მოთხოვნებს, შეეცდებიან საერთაშორისო არენაზე გასვლას და შეძლებენ კომუნიკაციას მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, მაშინ ევროპისა და აშშ-ის საინვესტიციო ბაზარზე დამკვიდრება, დარწმუნებული ვარ, სრულიად მიღწევადი მიზანია – ამას წარმატებული ქართული სტარტაპების არაერთი მაგალითიც ადასტურებს.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

მზით შექმნილი 100 ამბავი Corona-ს საუკუნოვან კამპანიაში

ქართული სარეკლამო ინდუსტრია გლობალურ კრეატიულ სარეიტინგო სისტემაში