იდეალური, მართლა, არავინ და არაფერია. ავიღოთ, „ნეიმინგი“. ალბათ, დღეს აღარავის ახსოვს, რომ Google, ბაზარზე, BackRub-ის სახელით გამოჩნდა, Yahoo-ს კი მისი დამფუძნებლის, ჯერი იანგის პატივსაცემად, Jerry’s Guide ერქვა. კაცმა არ იცის, რა ბედი ეწეოდა ამ კომპანიებს, ვიღაც სერიოზულად რომ არ დაფიქრებულიყო და სახელები არ შეეცვალა.
ეს იყო ათწლეულების წინ. დღეს კიდევ უფრო უცნაური ტენდენციაა. ანტრეპრენუარები და სტარტაპერები კომპანიებს, ყველაზე ხშირად, რატომღაც, ადამიანების სახელებს არქმევენ: მარკეტი „თიკა“, მეტალოპლასტმასის საამქრო „ლუკა“, საკონდიტრო „თამარი“, სილამაზის სალონი „ხატია“. მსგავსი აბრები, ალბათ, თქვენც შეგინიშნავთ ქუჩაში, სოციალურ ქსელებში, სარეკლამო ბანერებზე. შესაძლოა, ვიღაც ფიქრობს, რომ ასეთი „ნეიმინგით“ ინვესტორები და მომხმარებლები უკეთ აღიქვამენ მათ კონცეფციას. არა და, პირიქითაა. ზოგადად, სტარტაპისა და კომპანიისთვის რომელიმე სპეციფიკური სიტყვის, ლიტერატურული გმირის ან დამფუძნებლის შვილის სახელის დარქმევა სერიოზული რისკია და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
კომპანიის სახელის შერჩევისას სიფრთხილე აუცილებელია. ურიგო არ იქნება, მისი მნიშვნელობა უცხო ენაზეც გადაამოწმოთ, რადგან, შესაძლოა, სხვა ქვეყანაში მისი მნიშვნელობა უხერხული ან ვინმესთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს. მაგალითად, Apple-ის პერსონალური ასისტენტი Siri. ინგლისურად საერთოდ არ არის არაკორექტული, მაგრამ შვედურად ითარგმნება, როგორც „უკანალი“. ალბათ, ესეც საკმარისია, სხვა ჩვენთვის უფრო ნაცნობი ენიდან რომ არ მოვიყვანოთ მაგალითი. ან ავიღოთ, ფრანგული ბრენდი Chloé. ეს სიტყვა ძალიან ჰგავს გერმანულ “klo,”-ს, რაც მათ ენაზე „ტუალეტს” ნიშნავს. დიდი თუ პატარა კომპანიისთვის, ასეთი სახელი ყოველთვის შექმნის უხერხულობას და უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ საქილიკო იქნება. თუმცა, შეიძლება უარესიც მოხდეს და ვინმესთვის ძალიან შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს.
წინდაუხედავად შერჩეულმა სახელმა, შესაძლოა, ბრენდი, უბრალოდ, დაღუპოს, როგორც ეს 1923 წელს შექმნილი “Italio Suisse“ -ს შემთხვევაში მოხდა. შოკოლადის საწარმომ 2013 წელს დასახელება შეიცვალა – მისი პროდუქცია ბელგიის საზღვრებს დიდი ხნის წინ გასცდა და კომპანია მხოლოდ ერთ ქვეყანასთან აღარ ასოცირდებოდა. დამფუძნებლებმა რებრენდინგის შემდეგ, მას “ISIS Chocolates“ დაარქვეს. ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ამავე სახელწოდების ტერორისტულმა ორგანიზაციამ, მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ტერაქტი მოაწყო. ეს, რა თქმა უნდა, ბრენდისთვის კატასტროფის ტოლფასი იყო.
რაც შეეხება საკუთარ სახელებს, თუ კომპანიისთვის, თქვენი შვილის სახელის დარქმევა გსურთ, კარგად დაფიქრდით. კონტექსტიდან ძალიან ამოვარდნილი არ იყოს. ან, იქნებ, რომელიმე ლიტერატურული გმირის სახელი შეარჩიეთ? ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, გაცილებით დიდ უსიამოვნებას წააწყდეთ. გამორიცხული არ არის, ავტორს დაპატენტებული ჰქონდეს ნაწარმოებიც და პერსონაჟის სახელიც. მის გამოყენებას კი საავტორო უფლებების შესახებ კანონი არეგულირებდეს. ასეთ დროს სასამართლო პროცესებზე სირბილი, რეპუტაციის შელახვა და ბოლოს, სერიოზული ჯარიმა არ აგცდებათ.
წყარო: inc.com