in

როგორ შეინარჩუნოთ კრეატიულობა, როცა გუნდი დისტანციურად მუშაობს?

Radio Flyer – 90-იანების ფაბრიკა ჩიკაგოში ადგილობრივი ინოვაციების მაგალითად ითვლება. ბრეინსტორმინგი იქ სამანქანო განყოფილებაში მიმდინარეობს, რომელიც დაფებითა და ჩანაწერებითაა გადავსებული. სავსეა პროტოტიპების დარბაზიც. ნათელ და დიდ სათამაშო ლაბორატორიაში თანამშრომლები აკვირდებიან ბავშვებს, რომლებიც კომპანიის ახალი სათამაშო ტრანსპორტით გადაადგილდებიან. კომპანიაში თვლიან, რომ მათ ძალიან სჭირდებათ ხედავდნენ, როგორ იყენებს მათ პროდუქციას მათი სამიზნე სეგმენტი – ბავშვები.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ქარხნის წლიური შემოსავალი, საშუალოდ, $150 მლნ-ია. კომპანია, წლიურად, 20-30 ახალ პროდუქტს უშვებს. 2020 წელს, როცა 80-იოდე თანამშრომელს სახლიდან მოუხდა მუშაობა, კომპანიამ შეინარჩუნა ტემპი და 25 ახალი პროდუქტი შექმნა. დიზაინერები და ინჟინრები შეეჩვივნენ ვირტუალურ სამუშაო გარემოს, სახელწოდებით Miro და ჩანახატებზე მუშაობა ასე განაგრძეს. ამავდროულად, ადგილზე დარჩა 2 თანამშრომელი, რომლებიც პროტოტიპებზე მუშაობდნენ. პროტოტიპები ხელიდან ხელში, უსაფრთხო მეთოდით გადაეცემოდათ თანამშრომლებს, რომლებიც თავიანთ ბავშვებზე, ეზოებსა და სათამაშო მოედნებზე ცდიდნენ პროდუქციას და შედეგებს აწვდიდნენ კომპანიას, ცვლილებების შესატანად.

პანდემიის დასრულების შემდეგ, თანამშრომლები სამუშაო გარემოს დაუბრუნდებიან, თუმცა, ხელმძღვანელობა თვლის, რომ ამ პერიოდიდან მაინც მიიღეს რაღაც, რისი შენარჩუნებაც ღირს. მაგალითად, კომპანია აპირებს შეუნარჩუნოს ვიდეოსესიები ისეთი დამკვეთების მოსაზიდად, როგორებიცაა Walmart, Amazon, Target… და ჩართოს ისინი პროდუქტის განვითარების პროცესში. გუნდი კვლავაც გამოიყენებს Miro-ს და თანამშრომლების ნაწილს სახლიდან მუშაობის საშუალებას მისცემს. შედეგად, პირველად ისტორიაში, კომპანია გეოგრაფიული სხვადასხვაობით დაიქირავებს დიზაინერებსა და ინჟინრებს.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ასეთი შერეული მექანიზმი მოქნილობას ზრდის. ზოგიერთ კომპანიაში მიიჩნევენ, რომ დისტანციურად მუშაობამ თანამშრომლების პროდუქტიულობა გაზარდა. მაინც, როგორ უნდა შევინარჩუნოთ კრეატიულობა ციფრული გუნდის მართვის შემთხვევაში? აი, რას გვირჩევენ ექსპერტები:

შთააგონეთ ადამიანებს, რომ ინოვაცია იწყება გაგებითა და ემპათიით, სხვების პრობლემებზე დაკვირვებითა და ამ პრობლემების გადაჭრის სურვილით. ასეთი მიგნება შეიძლება საკმაოდ კარგად განვითარდეს ვირტუალური ბიზნეს მოდელის პირობებში. კომპანიებს შეუძლიათ სხვანაირად მიმართონ ბიუჯეტი – ადგილზე ადამიანების მცირე ჯგუფი დატოვონ და გუნდის ნაწილს ონლაინ რეჟიმში ეკონტაქტონ. თუმცა, როგორც ნიუიორკული კომპანია Modus-ის პარტნიორი ჯეი ერიქრონი ამბობს, შთაგონება მოდის მაშინ, როცა ხედავთ, ადამიანი როგორ აკეთებს თავის საქმეს და ეკითხებით, რატომ გააკეთა ეს? ასეთ დროს სრულიად მოულოდნელ აღმოჩენებთან მიდიხართ.

ამგვარი საველე მოკვლევა არის დიზაინისა და ინოვაციების კომპანია IDEO-ს მამოძრავებელი ძალა. თანამშრომლებმა აქაც გადაინაცვლეს დისტანციურ რეჟიმში და დაიწყეს რეგულარული ჩანაწერების კეთება დღიურებში. დღიურების საშუალებით, აგროვებენ ინფორმაციას თავიანთ დაკვირვებებზე, შემდეგ კი, ერთმანეთს ბრეინსტორმინგით უზიარებენ და საქმეში იყენებენ.

ფიზიკური აქტივობაც არ დაივიწყოთ. ინოვაციას სჭირდება ნდობა. იდეების წარდგენისას, ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ თანამოაზრეებს შორის ხართ და ეს გარემო უსაფრთხოა თქვენთვის, არის მხედველობითი კონტაქტი ვიდეოზარებისას. ექსპერტები გვთავაზობენ, დროდადრო, გუნდი ფიზიკურად შევკრიბოთ, მოვაწყოთ იდეათონი და გუნდს ერთმანეთთან შეკავშირებაში დავეხმაროთ. ასეთი შეკრებები ფიზიკური სიახლოვის დანაკლისისი ანაზღაურებაში, ასევე, კულტურული ურთიერთკავშირისა და გუნდის ჩართულობის გაზრდაში გეხმარებათ.

იზრუნეთ, რომ რაც შეიძლება მეტი მოსაზრება იყოს დღის წესრიგში. ინოვაცია სწორედ უამრავი პერსპექტივისა და გამოცდილების გადახედვის შემდეგ ვითარდება. ციფრული კოლაბორაცია კი დაუსრულებლად ინკლუზიური შეიძლება იყოს. ამგვარად, გუნდები სხვადასხვა მიმართულებაზე იმუშავებენ და უფრო მეტი პროექტის შექმნას შეუწყობთ ხელს. მიეცით ადამიანებს საუბრის საშუალება, იყავით გამჭვირვალე და აგრძნობინეთ, რომ მათ იდეებს აფასებთ. ამგვარად, შეძლებთ იდეები მოისმინოთ მათგანაც, ვინც ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი მოსაზრებით დაინტერესდებოდით. შეიძლება, უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, თუმცა, ამგვარად კონტრიბუციას ორგანიზაციის ყველა დონიდან მიიღებთ, მათ შორის, ინტროვერტებისგან, რომლებსაც საკუთარი აზრის გამოხატვა ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით უფრო მოსწონთ ხოლმე.

ეძებეთ ინოვაციებამდე ექსპერიმენტებისა და პროტოტიპების შექმნით მიღწევის შესაძლებლობები. ციფრულ პროდუქტებს არ აქვთ განსაკუთრებული სირთულე, ამ თვალსაზრისით. კომპანიებს, რომლებსაც სურთ შექმნან ფიზიკური პროდუქტები და უწევთ ადამიანებისა და პროდუქტების ერთად შეკრება, სხვა სირთულეები აქვთ და ინოვაციების ონლაინ რეჟიმში მიღწევა უწევთ. მაინც, როგორაა შესაძლებელი, პროდუქტის გამოცდა, დისტანციის პირობებში? კომპანია IDEO-მ დიზაინერს სახლში დაუდგა 3D პრინტერი, რათა სხვა თანამშრომლებისთვის პროტოტიპების მიწოდება შეძლებოდა. ამგვარად, საინტერესო პროგრესს მიაღწიეს.

წაახალისეთ კრეატიულობა: ინოვაცია გუნდის წევრების მიზანსწრაფულობის ენერგიასთან ერთად მოდის. იმისათვის, რომ გუნდის წევრები გადაწვისგან დაეცვათ, მათ ეძლეოდათ რეკომენდაცია, რომ ინოვაციების სესიამდე ერთი საათით მაინც დაესვენათ. ამას გარდა, IDEO-ს სესიების ნაწილი ტელეფონზე მიმდინარეობდა, რათა გუნდის წევრებს საუბრისას სიარულის საშუალება მისცემოდათ.

ასევე, კარგი აზრია ინდივიდუალური იდეათონი, როდესაც ვიდეოკონფერენციის დროს, მონაწილეები უხმოდ სხედან და იდეების ჩანახატებს აკეთებენ, რათა შემდგომ გაუზიარონ.

არანაკლები გამოწვევაა ტექნიკური ხარვეზები. გუნდის ლიდერები ტექნიკურადაც უნდა იყვნენ მზად, რომ საჭიროების შემთხვევაში, ალტერნატიული ინსტრუმენტები გამოიყენონ.

 

წყარო: inc



რატომ მიფრინავენ მეცნიერები?! ფიზიკოსისა და ალგორითმების ინჟინრის – ედიშერ კაღაშვილის 22 წელი აშშ-ში

ეს ომია! Fortnite-ის კამპანია Apple-ის წინააღმდეგ