in ,

რატომაა რთული #დარჩისახლში – გადაწყვეტილების მიღების მეტაკოგნიტური კომპონენტები

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ჩვენგანი ცდილობს, ირგვლივმყოფებს მივაწოდოთ მუდმივად განახლებული ინფორმაცია, არსებობს რამდენიმე საკითხი, რაც ყურადღების მიღმა გვრჩება:

• დესენსიტიზაცია COVID – 19 – თან დაკავშირებული სიახლეების მიერ აღძრული შფოთვისადმი – ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, ნელ – ნელა, ნაკლებად მგრძნობიარე ვხდებით იმ საფრთხის მიმართ, რომელზეც სიახლეები გვაფრთხილებენ.

• ჰაბიტუაცია – ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შფოთვას ვეჩვევით. მათ შორის, შფოთვას საკუთარი თუ სხვების მძიმედ დაავადების თუ გარდაცვალების შესახებ.

• საფრთხის გაზვიადება ან საფრთხის გაუფასურება – საფრთხის გაზვიადება გამაშეშებელ შფოთვაში გამყოფებთ და თქვენში შეგუებისთვის საჭირო უნარების ამოქმედებას ისევე უშლის ხელს, როგორც საფრთხის მნიშვნელობის გაუფასურება.

• COVID – 19 – თან მიჯაჭვული სტიგმის გავლენა – სამწუხაროდ, ეს დაავადება მიეჯაჭვა სტიგმას. ამ დაავადების ქონა, თითქოს, ერთმნიშვნელოვნად იმას ნიშნავს, რომ უპასუხისმგებლო ადამიანი ხართ. გახსოვთ ვინმე, ვინც Iufluenza-ს ქონას დამალავს? მე – არა. იცნობთ ვინმეს, ვინც აივ – ინფექციის ქონას მალავს? თუ პირადად არავის იცნობთ, ალბათ, იცით, რომ ადამიანებს ურჩევნიათ თავი შეიკავონ ამ მდგომარეობის ირგვლივმყოფებისთვის გამხელისგან, რადგან ის იმთავითვე უკავშირდება მიუღებელი ქცევების მთელ ჯაჭვს.

• ისეთი სტატიები, რომელთა სათაურები შემდეგნაირად ჟღერს – ვინ არის COVID – 19 – ით ინფიცირებული #(?) პაციენტი? ჩვენი ცნობიერების მიერ ასე ითარგმნება: ვინ არის ის, ვისაც ეს საშინელი დაავადება სჭირს და საზოგადოებრივ საფრთხეს წარმოადგენს? თქვენ მოგინდებოდათ ამ როლში ან უპასუხისმგებლო ადამიანის როლში ყოფნა? მე – არა. ამიტომ, მე არ მიკვირს, რომ ზოგიერთ ადამიანს ძლიერი მოთხოვნილება აქვს, უარყოს იმისი ალბათობა, რომ ოდესმე ისეთი დაავადება გამოავლინდება, რომლის გამოც მას შეიძლება ამრეზით დაუწყონ ყურება. ა, ხელებს არ იბანდი შენ, ეტყობა. არადა, ჩვენ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით იმაზე, როგორ ავადდებიან ადამიანები ამ დაავადებით. სამაგიეროდ, გვაქვს მცდარი წარმოდგენა იმაზე, რომ რეკომენდაციების დაცვა უ ფ ლ ე ბ ა ს გვაძლევს, თავს საკმარისად განსხვავებულად ან სხვებზე უკეთესად ვთვლიდეთ იმისთვის, რომ სხვებს კედლებიდან უპასუხისმგებლო ნაგვები ვუწოდოთ. ისე, გამოტყდით, თქვენ რამდენჯერ დაარღვიეთ რეკომენდაციები ამ დროის მანძილზე? იქნებ, რომელიმე არ იცოდით ან იქნებ, რომელიმე ვერ შეასრულეთ რატომღაც?

სოციალურ ფსიქოლოგიაში არსებობს ფენომენი: ადამიანებს რომ ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ მოკბეჩილი ლუკმა საერთო გარნირში არ უნდა ამოავლო, მაგრამ რა ხდება? ვიდეოთვალით გადაღებული ადამიანები ზუსტად იმ ამრეზით უარყოფილ ქცევას ახორციელებენ, რომელიც ნამდვილად სძულთ, თუმცა, მაინც შემწყნარებლები არიან საკუთარი, თუმცა, არა სხვისი უგულებელმყოფი ქცევის მიმართ.

სტიგმას შეუძლია, ადამიანებს ხელი შეუშალოს დახმარების დროულად ძიებაში.

• დადასტურების ძლიერი მოთხოვნილება – თქვენ ეძებთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც თქვენს გაძლიერებულ შფოთვას ადასტურებს? დიდი ალბათობით, დიახ, ასეა. დიდი ალბათობით, იმ ინფორმაციასაც უხვად აზიარებთ, სადაც ასახულია უპასუხისმგებლოდ შერაცხული ან მართლაც უპასუხისმგებლო ადამიანების ქცევები. გამოტყდით, რომ ცოტათი გიხარიათ, რომ თქვენი ვარაუდები გამართლდა და უფლება მოგეცათ, ისევ გაკიცხოთ ადამიანები მომთხოვნი მშობლის გადმოსახედიდან. ასევე, სულ მცირე, ისაა სასიამოვნო, რომ თქვენ ს წ ო რ ა დ ვარაუდობდით მოვლენების ასე განვითარებას. თუმცა, სამწუხაროდ, რასაც ხალისით აზიარებთ, ადამიანებს დიდწილად არ ეხმარება სწორი ქმედებების დაგეგმვაში. თქვენი მიზნები კეთილშობილურია, თუმცა მიზნის მიღწევის გზები სადაო.

ანა ღვინიანიძე – ფსიქოლოგი

რეკომენდაციების სიჭარბე და მათი განხორციელებისთვის საჭირო საშუალებების ნაკლებობა – გინახავთ ეპიდემიოლოგების გავრცელებული რეკომენდაციები? ისინი ითხოვენ, სულ მცირე, იმდენ სადეზინფექციო სითხეს, რა რაოდენობაც შეიძლება არ გქონდეთ.

უმნიშვნელობის და უშედეგობის განცდა – როდესაც მე ცხოვრებაში იშვიათად მქონია იმის განცდა, რომ ჩემი სიცოცხლე მნიშვნელოვანია და მიჩვეული ვარ, რომ ჩემს ქმედებებს შედეგი არ მოჰყვება ან მჯერა, რომ არ მოჰყვება, რთულია, იმაში დამარწმუნოთ, რომ ჩემს ქმედებებს, თურმე, ამხელა მნიშვნელობა ჰქონია.

ჩვევის შეცვლის სირთულე – ახლა იმაზეც დავფიქრდეთ, რამდენად მარტივად შეცვალეთ რომელიმე ქცევა, რომელსაც წლების მანძილზე ახორციელებდით ან რამდენად მარტივად შეძელით ახალი ჩვევების შექმნა. მაგალითად, რამდენად მარტივად დაამკვირდეთ დღეში 30 წუთის მანძილზე ვარჯიშის ჩვევა? ან სხვა, გაცილებით მარტივი რამ. მაგალითად, დილით, 250 მ/ლ წყლის დალევის ჩვევა?

მოკლედ რომ ვთქვათ, თუ შეგიძლიათ, ადამიანებს დაეხმაროთ ამ მართლაც უჩვეულო გარემოებებთან შეგუებაში:
• გააზიარეთ მხოლოდ სანდო წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია. ასეთი წყაროებია: www.who.int, www.ncdc.ge
• გააზიარეთ ინფორმაცია მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ.
• გაუზიარეთ ირგვლივმყოფებს მ ხ ო ლ ო დ პრაქტიკული ინფორმაცია: რა შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ.
• ეცადეთ, მხოლოდ საჭირო ახსნა შესთავაზოთ ირგვლივმყოფებს. ეცადეთ, თქვენი დაზაფრულობის გაზიარების მიზნით, არ გაუზიაროთ ირგვლივმყოფებს ისეთი სტატიები, რომლებიც ხატოვნად ან დამზაფრავად აღწერს დაავადების მიმდინარეობას.
• სცადეთ გულისხმიერება – ჰკითხეთ საყვარელ ადამიანებს, რა უშლით ხელს ქცევის შეცვლაში. რატომ უჭირს სახლში ყოფნა, რა ენატრება, რისი მოთმენა უჭირს. ასე დროსაც მოიგებთ და საყვარელ ადამიანსაც ეყოლება გამზიარებელი და, იქნებ, თქვენც შეძლოთ სახლიდან გასვლის ალტერნატივის შეთავაზება.


ავტორი: ანა ღვინიანიძე, ფსიქოლოგი, საქართველოს ფსიქოგანათლების საზოგადოების თანადამფუძნებელი.
გარეკანის ფოტო: Mona Hatoum

McDonald’s ბოდიშს იხდის COVID-19-ის პანდემიის დროს წამოწყებული კამპანიის გამო

ცნობილი ნახატებიდან გამქრალი პერსონაჟები – Jose Manuel Ballester-ის ნამუშევრები