რამდენი ხანია, რაც დისტანციურად მუშაობთ? იმის მიუხედავად, რამდენად გამოცდილი ხართ სამუშაოს სახლიდან კეთებაში, ბოლო 5-6 კვირა არც ისე მარტივი იყო ემოციურად. ბევრი თავს მარტოდ, დათრგუნულად გრძნობდა და შფოთვით პრობლემებს უჩიოდა. პანდემიის პერიოდში ცხოვრება ემოციურად მარტივი ნამდვილად არ არის, რაც დისტანციური მუშაობის გამოწვევის წინაშე მდგომთ დამატებით თავსატეხს უჩენს. დღეს, სახლიდან კეთდება ყველაფერი – კომპანიის მართვა, სკოლის გაკვეთილებზე დასწრება, ბავშვების აღზრდაც და სახლის საქმეებიც, თავისთავად. არც ის დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე კვირაა ადამიანებთან პირისპირ არ გვიკონტაქტია.
Cigna-ს კვლევიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ, პანდემიის დაწყებამდე და სახლში დარჩენამდე, ამერიკელთა 61% სამუშაო გარემოში თავს მარტოდ გრძნობდა. ეს შესაძლოა სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის დისბალანსს უკავშირდებოდეს, თუმცა, ბევრისთვის, სახლიდან მუშაობაზე გადასვლა სულაც არ შველის სიტუაციას. არსებული მონაცემებით, სახლში მომუშავე ადამიანებს ძალიან უძნელდებათ საქმისა და ცხოვრებისეული საჭიროებების გამიჯვნა. მაშ, როგორაა შესაძლებელი, კარგი განწყობის კულტურის შექმნა, თუკი სახლიდან მუშაობთ?
დააწესეთ საზღვრები
სახლიდან მუშაობას თავისი თანდაყოლილი გამოწვევები აქვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახის საქმეები, ოჯახის წევრებზე ზრუნვა, ბავშვების გაკვეთილები და სხვა ამოცანებია მოსაგვარებელი. ყოველივე ამის ფონზე, მუშაობა არც ისე მარტივია. არც გულღია და თავაზიანი, თანამგრძნობი ურთიერთობა გვეიოლება იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც ვიმყოფებით თვითიზოლაციაში. ყოველივე ეს, განწყობის გარდა, პროდუქტიულობაზეც მოქმედებს.
ამის საპასუხოდ, ბალანსის ძიების ნაცვლად, იზრუნეთ საზღვრების მონიშვნაზე. საზღვრები პრიორიტეტების გამიჯვნასა და დროის სწორად გადანაწილებაში გვეხმარება. ამგვარად, სიტუაციაზე კონტროლს ვიბრუნებთ და განვსაზღვრავთ როგორც ფიზიკურ, ისე უხილავ საზღვრებს ჩვენი პირადი სივრცისთვის, მაგალითად, თავის მოვლისთვის, საინტერესო საკითხების სანახავად და ა.შ. ამაში ფიზიკური ვარჯიშები, ყოველდღიური რიტუალები, სუფთა ჰაერზე სეირნობა და სხვა აქტივობები დაგეხმარებათ, რაც გაგახალისებთ და სამუშაო პროცესისთვის განგაწყობთ.
იურთიერთეთ ღიად
ალი გრანტი, Be Social-ის დამფუძნებელი თვლის, რომ ლიდერისა და გუნდის ღია კომუნიკაცია, სახლიდან მუშაობის პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს, რასაკვირველია, რთულია. პანდემიამ ბევრისთვის სირთულეები წარმოშვა, როგორც პროფესიონალურ, ისე პირად ცხოვრებაში. გუნდი თქვენგან სამომავლო ნაბიჯების გაცნობას ელის, ამიტომ ღია ურთიერთობა საკვანძო ფაქტორია. გამოიყენეთ საკონტაქტო პლატფორმები, ყოველდღიური ვიდეოზარების საშუალებით ესაუბრეთ გუნდის წევრებს, წაახალისეთ ისინი და ერთი-ერთზე ესაუბრეთ. რაც უფრო მისაწვდომი ხართ თქვენი გუნდისთვის, უკეთესია.
ამას გარდა, ალი გრანტი, ყოველ სამუშაო კვირას იწყებდა შთამაგონებელი ფრაზების გაცვლით, რათა მოტივაცია და განწყობა აემაღლებინა გუნდის წევრებისთვის. სამუშაო პროცესში, გუნდის დისტანციურად სამართავად საჭიროა შემოქმედებითი მიდგომა.
გუნდური ურთიერთობა
თუკი ხელმძღვანელი პოზიცია გიჭირავთ, იზრუნეთ ვირტუალურ აქტივობებზეც, რაც გუნდს ერთმანეთთან და სამსახურთან უფრო დააახლოებს. Digital Brand Architects-ის თანადამფუძნებელი რაინა პენჩანსკი მიიჩნევს, რომ გუნდისთვის დროის დათმობა კორპორაციულ კულტურაზე პროგრესულად აისახება. გულწრფელობა და თანაგრძნობა – ეს ვირტუალურ ურთიერთობებშიც არანაკლებ საჭირო რამაა, რაც გუნდის წევრების განწყობაზე ძალიან კარგად მოქმედებს.
კვირის განმავლობაში, პენჩანსკი გუნდის წევრებს ხშირად უგზავნის წერილებს, სადაც სხვადასხვა ისტორია, ციტატა და ანეკტოდია. ამავდროულად, ყოველდღე ატარებენ ონლაინ ვარჯიშებს, რომელსაც მათი ერთ-ერთი კლიენტი უძღვება. ყოველ ხუთშაბათს, გუნდი შემთხვევითობის პრინციპით იყოფა ჯგუფებად, რომლებიც ე.წ. ბედნიერი საათის (Happy Hour) განმავლობაში, ერთმანეთის უკეთ გაცნობით არიან დაკავებული. ონლაინ რეჟიმში ტარდება სხვადასხვა წვეულება, აქტივობა, ასე რომ, გუნდს მოსაწყენად არ სცალია.
კომუნასთან სიახლოვე
იზოლაციის პირობებში, საკუთარ კომუნასთან ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იქნება ეს მომხმარებელი თუ ინდუსტრიის წარმომადგენლები. Love Wellness-ის დამფუძნებელი ლორენ ბოსვორთის დაკვირვებით, კომპანიის ინდუსტრიული კომუნის შექმნა გუნდის წევრებისთვის მამოძრავებელ ძალად იქცა. კომუნა ის სივრცეა, სადაც მომხმარებლები თავიანთ აზრებს გულწრფელად და ღიად გამოთქვამენ, ეს კი, კომპანიას მათზე მორგებული სერვისის მიწოდებასა, პრიორიტეტების განსაზღვრასა და ეფექტური ცვლილებების შეტანაში ეხმარება.
კომუნა გამოცდილების გაზიარების საშუალებაცაა, კულტურის დანერგვის და რაც მთავარია, რეალური სარგებლის შექმნის. ამიტომ, ამ რთულ პერიოდში, როდესაც (ზოგჯერ, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ) სახლიდან მუშაობთ, ყოველდღიურად იურთიერთეთ საკუთარ გარემოცვასთან, კომუნასთან. ასე ჩართულობასა და სიახლოვესაც იგრძნობთ და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ.
წყარო: Forbes