გაზაფხულის მზიანმა დღეებმა ჩვენს ფანჯრებშიც შემოაღწია და “თბილისის ჯაზ ფესტივალის სეზონიც” მოგვიახლოვდა. ტრადიციულად ჯაზის ახალი სეზონის გამსხნელ ფესტივალს სწორედ თბილისი მასპინძლობს, რასაც შემდგომში ბათუმის ცხელი სეზონი აგრძელებს და შემოდგომაზე ნისლიან წინანდალში მუზიცირება ასრულებს ხოლმე.
პანდემიის შემდეგ რა თქმა უნდა აღნიშნული ფესტივალისგანაც მსმენელები ბევრს ელიან და დარწმუნებული ვარ, რომ უკვე დაანონსებული დღეები, ყველას მოლოდინს აუცილებლად გაამართლებს.
პირველ რიგში კი უნდა ვახსენოთ იტალიური ჯაზის გენიოსად წოდებული სტეფანო ბოლანი, რომელიც ქართული აუდიტორიის წინაში 10 მაისს წარსდგება. იგი საკუთარ სამშობლოში უკვე დიდი ხანია სუპერვარსკვლავად მიიჩნევა. გარდა ინტენსიური საკონცერტო საქმიანობისა, იგი რადიო სერიების წამყვანია, აქტიურად მუშაობს ტელევიზიაში სხვადასხვა აღიარებულ მუსიკოსთან, წერს წიგნებს და არის თეატრალური ნამუშევრების პროდიუსერიც. 2016 წელს მან იტალიის ღირსების ორდენიც კი მიიღო, 2019 წელს კი ნეაპოლის საპატიო მოქალაქე გახდა. თუმცა მილანში დაბადებული მუსიკოსი იტალიის მასშტაბსაც დიდი ხანია გაცდა და 2007 წელს ევროპული ჯაზის პრიზი, წლის საუკეთესო მუსიკოსად აღიარდა.
ბოლანისთვის მუსიკა თამაშია, რომელსაც მუდამ თავიდან გამოგონება სჭირდება, რისთვის ყოველდღიურ საქმიანობაში დამატებით სტიმულებს ეძებს, რაც წარსულის მუსიკის შესწავლით და აწმყოში, მომენტალურ იმპროვიზაციებში გამოიხატება – ეს მისი სტუდიური თუ საკონცერტო ცხოვრების განუყრელი ნაწილია.
30 წლიანი აქტიური კარიერის განმავლობაში, მან 40-ზე მეტი სოლო ალბომი გამოუშვა, ხოლო სადაც მონაწილეობა მიუღია, იმ ალბომების რაოდენობის დათვლა კარგა ხანს ყველასთვის რთულ ამოცანად დარჩება.
გარდა „Bleu“ და Decca/Universal ლეიბლებისა, 2003 წლიდან ბოლანი აქტიურად აქვეყნებს ალბომებს საერთაშორისოდ აღიარებულ EMC-ს ლეიბლზე, 2017 წლიდან კი საკუთარი ‘ALOBAR“ დაარსა, სადაც პირველივე ალბომი „Que Bom” ბრაზილიური მუსიკის ბოლანისეული ინტერპრეტაციებით, სამხრეთ ამერიკული მუსიკის ვარსვლავებთან, კაეტანო ველოსოსთან, ჟოაო ბოსკოსთან და ჯაკ მორელენბაუმთან ერთად წარმოგვიდგინა.
თუმცა თბილისს მუსიკოსი სრულიად უნიკალური პროექტით ეწვევა. ბოლანი 14 წლის იყო როდესაც პირველად იხილა ენდრიუ ლლოიდ ვებერისა და ტიმ რაისის როკ ოპერა „Jesus Christ Superstar“, რომელმაც თავიდანვე აღაფრთოვანა ახალგაზრდა მუსიკოსი, თუმცა არასდროს უცდია მისი საჯარო შესრულება, ვინაიდან ძალიან უფრთხილდებოდა ორიგინალ ვერსიას. თუმცა წლებთან ერთად, ნაწარმოების შესრულების ძლიერმა სურვილმა შეიპყრო და ამის ერთადერთი შესაძლებლობა, ისევ ორიგინალისგან სრულიად განსხვავებული ვერსიის შექმნა იყო. მუსიკოსმა ვებერისგან თანხმობა პირადად მიიღო და 2020 წელს მისმა ჯადოსნური ვერსიამ, მხოლოდ ფორტეპიანოს თანხლებით მზის შუქიც იხილა. ამ ჩანაწერში კარგად ჩანს ბოლანის თბილი, უპრეტენზიო დაკვრის სტილი, სადაც იტალიელმა უამრავ სტილსა და საკუთარ წარსულ გამოცდილებები გაართიანა. ეს ბროდვეის თუ ლონდონის დადგმისგან სრულიად განსხვავებული კონცეფციაა, რომლის ცოცხლად მოსმენაც ქართველ მსმენელს 10 აპრილს, შერატონ მეტეხი პალასის დარბაზში შეეძლება.











