ოდესმე დაფიქრებულხართ, რომელია მსოფლიოში უძველესი ლოგო, რომელიც დღემდე არსებობს? ეს ტიტული Stella Artois-ს ეკუთვნის, რომელიც თავის ბრენდს წითელი ემბლემითა და ოქროსფერი აქცენტებით გამოკვეთს…
საკმაოდ ცნობილი მოტივი 1366 წლით თარიღდება, როდესაც ლუდსახარში Den Hoorn პირველად დაარსდა ლევენში, ბელგიაში. თუმცა საინტერესოა, რომ სახელი „Artois“ გაცილებით გვიან, 1708 წელს გაჩნდა, როცა ადგილობრივმა სებასტიან არტუამ ლუდსახარში შეისყიდა. ხოლო Time-ის თანახმად, სიტყვა „Stella“, რაც ლათინურად ვარსკვლავს ნიშნავს, ბრენდს მოგვიანებით დაემატა — 1926 წელს, როდესაც ლუდსახარშმა გამოუშვა თავისი პირველი სეზონური ლუდი, „საშობაო ვარსკვლავი“.
კომპანიის ბრენდინგის ისტორიის სრულად აღსაქმელდ, ბუენოს-აირესში დაფუძნებულმა კრეტიულმა სააგენტო GUT-მა ძველი ნამუშევრების მოძიება გადაწყვიტა. მოტივი კი ერთი იყო — ზემოხსენებული ლოგოს ფერწერულ ტილოებში აღმოჩენა. ამისათვის სააგენტომ შეიმუშავა ალგორითმი, რომელსაც ცნობილი შედევრების ანალიზი, მათი დახარისხება შექმნის თარიღის, გეოგრაფიული მდებარეობის, საღებავის ტიპისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით შეუძლია.
შემდეგ ეს მონაცემები ვრცელ არქივზე გამოიყენეს და დაადგინეს ნამუშევრები, რომლებშიც ბრენდის ლოგოს ვხვდებით — თუნდაც ნაკლებ გამოკვეთილად. Bellas Artes Museum-თან თანამშრომლობით კი ახალი კამპანიაც შეიქმნა, სახელწოდებით The Artois Probability.
„ყველა შედევრი ახლა ჩვენი კამპანიის ნაწილია. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ ფერწერულ ტილოებს შეხედავენ, იმედი უნდა გვქონდეს, რომ Stella Artois-ზე იფიქრებენ“, — ამბობს GUT-ის ქოფირაითერი, ჰაროლდო მორეირა.