in ,

რა არის STEM განათლება და როგორ მივცეთ ის ბავშვებს

ჩვენ გარშემო უამრავი ბავშვია, რომელიც აქტიურად იყენებს ტექნოლოგიურ პროდუქტს – უყურებს ვიდეოებს YouTube-ზე, თამაშობს სხვადასხვა ვიდეოთამაშს. დიდი შანსია, რომ ქცევის მოდელები, რომლებიც ბავშვობისას ჩვენთვის და ჩვენი გარემოსთვის მისაღებია, მისაღები გახდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. შედეგად, ჩვენ გარშემო არიან პასიური ბავშვები და ზრდასრულები. ჩვენ ვზრდით მათ სამომხმარებლო კულტურის ყველაზე სუსტ – დამოკიდებულ ნაწილად… ჩვენ ვზრდით შვილებს მომხმარებლებად.

ამ საკითხს სხვა კუთხიდან რომ შევხედოთ, ბავშვებს აქვთ ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ. ეს ძალიან საყურადღებო რამაა, რაც შეგვიძლია მათში ტექნიკური აზროვნების ჩამოყალიბებისთვის გამოვიყენოთ და ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ კონკრეტული ბავშვის – თქვენი შვილის განვითარებისა და თანამედროვე სამყაროში ადაპტირებისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ფონის გაუმჯობესებისთვისაც.

ტექნოლოგიები ჩვენ გარშემო ძალიან სწრაფად ვითარდება, ჩვენი ქვეყანა კი, ამ კუთხით, ჯერ კიდევ, მხოლოდ მომხმარებლის პასიურ როლშია. წარსულის მსოფლიოსგან განსხვავებით, როცა ბუნებრივი რესურსები იყო გადამწყვეტი ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისთვის, ახლა ინტელექტუალური რესურსი, განსაკუთრებით, ტექნოლოგიების კუთხით, არის მთავარი პროდუქტი, რომლის შექმნაც დღეს ვინმეს სადმე შეუძლია. რა არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველო, ტექნოლოგიების მომხმარებელი ქვეყნიდან მწარმოებლად იქცეს? 

განვითარებული ქვეყნები ხშირად საუბრობენ STEM განათლების აუცილებლობაზე და გვინდა ჩვენც გესაუბროთ. STEM – მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა ცალ-ცალკე ჩვენთანაც ისწავლება, თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით STEM განათლება სცდება აკადემიურ ჩარჩოებს, ინაცვლებს ბავშვების ყოველდღიურობაში, სახლსა თუ სკოლაში. STEM განათლების მიცემა ბავშვისთვის სახლშიც შეგიძლიათ. მათემატიკოს ნანა დიხამინჯიას თქმით, საქართველოში STEM-ის ორი კომპონენტი, შედარებით, კარგად გვაქვს განვითარებული. ესენია მეცნიერება (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები) და მათემატიკა. ძირითადი პრობლემა კი არის ტექნოლოგიები და ინჟინერია…

ნანა დიხამინჯია

M: რატომ გვჭირდება ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის სწავლება?
მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის – ტექნოლოგიების შემქმნელი ქვეყნები არიან ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულები და ინტელექტუალურ ძალასაც ზრდიან ამ მიმართულებით. დღეს სამყარო ვითარდება ასე – სერვისის და საშუალო დონის გადაწყვეტილებების მიღების დარგებში, ფაქტობრივად, უკვე ძალიან დიდი როლი ეკისრება ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტიქსს. შესაძლოა, რობოტიქსს, ამჟამად, ასე კარგად, ჩვენ ირგვლივ ვერ ვხედავთ, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ფორმით უკვე ვსარგებლობთ ყველა, ვისაც გვაქვს სმარტფონი, ან სოციალური ქსელი. იმიტომ, რომ უკვე ეს ალგორითმები წყვეტენ როგორი თანმიმდევრობით დალაგდეს თუნდაც, ჩვენი სიახლეების ზოლი. იმისათვის, რომ არ ვიყოთ უბრალოდ მომხმარებლები და ჩვენ თვითონ მივიღოთ ამ სფეროების განვითარებაში მონაწილეობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე სკოლამდელი ასაკიდან ბავშვებს განვუვითაროთ ტექნიკური აზროვნება. ამ მიმართულებით, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ქვეყანა ცდილობს ნაბიჯების გადადგმას.

M: მაგალითად?
ხშირად, მაგალითად ესტონეთი მოგვყავს. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და დაახლოებით, ერთნაირ პირობებში ვიყავით, როგორ გახდა ეს ქვეყანა ევროპის ერთ-ერთი ტექნოლოგიური ლიდერი? პირველ რიგში, ესტონეთმა შეცვალა განათლების სისტემა. იმ დროს, როცა ჩვენ აქ ტყვიების ზუზუნსა და უშუქობაში ვცხოვრობდით, ესტონეთში ჭკვიანი ხალხი შეიკრიბა და მათ შეიმუშავეს განათლების სტრატეგია. ამით მიაღწიეს იმას, რომ 97 წელს, როცა ჩვენს უნივერსიტეტებში თითზე ჩამოსათვლელი კომპიუტერები იყო, იქ უკვე სკოლაში, 20 მოსწავლეზე მოდიოდა ერთი კომპიუტერი.

ისინი ფეხდაფეხ მიყვნენ მსოფლიო ტექნოლოგიურ განვითარებას და ამას საფუძველი შეუქმნეს არა მაღლა, როგორც ჩვენ ვაკეთებთ (სტარტაპების დაფინანსება), არამედ პირიქით, ძირიდან – დაწყებითი კლასებიდან. ესტონეთი თავის დროზე მიხვდა, რომ ტექნოლოგია არის რესურსი, რომელიც მას შეუძლია განავითაროს და ამის საფუძველზე გააძლიეროს ეკონომიკა. ესტონეთი ჩვენზე სამჯერ პატარაა, მაგრამ გაცილებით უფრო მყარადაა ამ დარგში. ის ყიდის თავის ცოდნას, თავის გამოცდილებას. ის რომ „სკაიპი“ იქ შეიქმნა, იქცა ბიძგად ბევრი ადგილობრივი სტარტაპისთვის. თუმცა, ესტონეთს შედეგი მაშინვე არ მიუღია, ამას წლები დასჭირდა და ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც, რადგან განათლებაში შედეგი რომ მივიღოთ დღეს უნდა დავიწყოთ შენება, შედეგს კი, დაახლოებით, 10 წელიწადში დავინახავთ.

M: რა არის საჭირო იმისათვის, რომ  STEM განათლებაში ბევრი ბავშვი ჩავრთოთ? რა პრაქტიკებია მიღებული მსოფლიოში?
3-5% ყოველთვის იყო დაინტერესებული მეცნიერებით, ტექნოლოგიებითა თუ სხვა მომიჯნავე დარგებით. მაგრამ ჩვენ გვჭირდება, რომ ვინც არ არის დაინტერესებული, ისინი მოვიზიდოთ. სხვადასხვა ქვეყანაში ამას აკეთებენ განათლების სისტემის ცვლილებით, ასევე, არაფორმალური განათლებით. ყველა სკოლაში უნდა იყოს რობოტიქსის და კოდირების კლუბი, ბიბლიოთეკებში, მედიათეკებში. ბევრი გვჭირდება, რომ ბავშვების დიდი რაოდენობა მოვიცვათ. მაგალითად, მისურის შტატში, 40 000 ბავშვი მონაწილეობს მარტო ლეგოს შეჯიბრებებში. 6 მილიონია მისურის მოსახლეობა და ამდენი ბავშვი მონაწილეობს. სულ სხვა რიცხვებზე ვსაუბრობთ, იმასთან შედარებით, რაც საქართველოში ხდება. აი, ამ რიცხვებზე უნდა გავიდეთ, თუ გვინდა, რომ შედეგი დავინახოთ.

M: იმ პირობებში, როცა STEM ჩვენი განათლების სისტემისა, თუ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, სრულად არ არის ხელმისაწვდომი, როგორ შეგვიძლია მივცეთ ამ ტიპის განათლება ბავშვებს? 
ყველაზე მნიშნელოვანი, რაც შეიძლება ბავშვს მივცეთ არის ინტერესი. ინტერესის განვითარება იწყება, რა თქმა უნდა, სკოლამდელი ასაკიდან. ანუ, სკოლას არ უნდა ველოდოთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვასწავლოთ აკადემიურად და წიგნებით. „სტემი“ არის ჩვენ ირგვლივ – ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა, თუ ტექნოლოგიები, ამაში ვცხოვრობთ. საჭიროა განვუვითაროთ ბავშვს რაოდენობრივი აზროვნება, ანუ, უნდა ესმოდეს რიცხვები რას ნიშნავს. არ ვგულისხმობ არითმეტიკის დაზეპირებას, არამედ თამაშს. მაგალითად, ლეგოთი და სხვადასხვა კონსტრუქტორებით თამაში არის ძალიან სასარგებლო, რადგან სივრცით აზროვნებას უვითარებს ბავშვს. ან კარტის, დომინოს, ჭადრაკის თამაშისას შეგვიძლია ჩავრთოთ რიცხვები, ასევე, სამზარეულოში, სხვადასხვა კერძის მომზადებისას შეგვიძლია დახმარება ვთხოვოთ და ავუხსნათ, რომელი ინგრედიენტი რა რაოდენობით გვჭირდება, როგორ უნდა გავზომოთ, დავუშვათ, ფქვილი. ბევრი რესურსია ინტერნეტში იმისათვის, რომ პატარა სახალისო ექსპერიმენტები ვაკეთოთ სახლში, ბავშვებთან ერთად, ასევე, შეგვიძლია გამოვიწეროთ სხვადასხვა სახის რობოტის ნაკრები.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში, რაღაც დონეზე, შეგვიძლია ბავშვებს მეცნიერებისა თუ მათემატიკის მიმართულებით მივცეთ განათლება და ამ კუთხით, რამდენიმე კარგი სკოლის გამოყოფაც შეგვიძლია, საერთო ჯამში, მაინც არ გვაქვს STEM განათლების კულტურა. მიმართულები ვართ თეორიულ სწავლაზე – დაზუთხვაზე, იმის მაგივრად, რომ ექსპერიმენტები ვაკეთოთ და სამყაროზე დაკვირვება, სხვადასხვა ინსტრუმენტების სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად გამოყენება ბავშვების ყოველდღიურობად ვაქციოთ“.

ბავშვებს აქვთ ძალიან კარგი თვისება – ცნობისმოყვარეობა. შეუძლიათ მარტივად, ვიდეოინსტრუქციების დახმარებით გაერკვნენ ახალ რამეებში. უბრალოდ, საჭიროა რაღაც მიმართულება მივცეთ, ინტერესი გავუღვივოთ. ისევე, როგორც თამაშის გადმოსაწერად და დასაწყებად აღარ სჭირდებათ მშობლის დახმარება, ისე არ დასჭირდებათ STEM-ის კუთხითაც“.

M: კონკრეტულად, როგორ უნდა დაიწყოს ბავშვმა, სახლის პირობებში, პროგრამირებასა თუ ინჟინერიასთან ურთიერთობა?
ძალიან ბევრი მოდელია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რომლის დახმარებითაც, სახლის პირობებში, შეიძლება ბავშვმა დაიწყოს პროგრამირებასთან ურთიერთობა. ასევე, არსებობს ქიმიური თუ ბიოლოგიური ნაკრებები, ან მაგალითად, არის ასეთი რობოტი, რომელსაც ჰქვია ოზობოტი, რომელიც ცნობს ფერებს. ანუ მისთვის პროგრამირება არ არის კოდის დაწერა, მისთვის პროგრამის დაწერა არის სწორი ფერების მიმდევრობის შერჩევა. აქ ბავშვი პროგრამირების ენას კი არ სწავლობს, აქ ბავშვი პროგრამულ აზროვნებას ივითარებს და სერიოზულ ამოცანებს წყვეტს. იმას, თუ როგორ გაიაროს ბარიერები რობოტმა, რამდენ ხანში მივიდეს ერთი წერტილიდან მეორემდე. თუ ამგვარ სათამაშოებზე არ მიგვიწვდება ხელი, სხვადასხვა საიტები შეგვიძლია დავიხმაროთ, მაგალითად, code.org და scratch.

ელექტრონიკის კუთხით არის Snap Circuits, რომელიც ძალიან კარგად ასწავლის ელექტრონიკის საწყისებს. ასევე, ლეგო, რომელიც ბავშვებს სივრცით აზროვნებას უვითარებს. ოღონდ არა ის, რომ კონკრეტული ინსტრუქციის მიხედვით ააწყონ ლეგო, არამედ სხვადასხვა ტიპის კონსტრუქცია თვითონ მოიფიქრონ. ინჟინერიის განვითარებისთვის შეგვიძლია, მაგალითად, ხის ჩხირებისგან ხიდის გაკეთება, რომელიც კონკრეტული წონის ტვირთს გაუძლებს. საერთო ჯამში, STEM განათლების მიცემა შეგვიძლია ყველაფრის მოდელირებით, რასაც გარშემო ვხედავთ, როგორც კონკრეტული ნაკრებებით, ასევე იმითაც, რასაც სახლში ვნახავთ.

დაახლოებით, 10-15 წლის წინ, არ არსებობდა ის ტექნოლოგიური პროდუქტები, რომლებსაც დღეს, ყოველდღიურად ვიყენებთ, რომელთა გარეშეც, შესაძლოა, არც ჩვენი ბიზნესი იყოს წარმატებული და არც ჩვენი ცხოვრება – მრავალფეროვანი. ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენ ზუსტად ვერ ვიტყვით, რამდენ ხანში ვიცხოვრებთ ახალ რეალობაში – სამყაროში, სადაც თვითმართვადი ტაქსებით გადაადგილება ნორმა იქნება, სოფლის მეურნეობის განვითარებაში რობოტები დაგვეხმარებიან, ხოლო მედიცინაში, კინოწარმოებასა თუ ადამიანური რესურსების შერჩევაში აქტიურად ჩაერთვება ხელოვნური ინტელექტი.

წარსულის გამოცდილებას რომ გადავხედოთ, ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად, ადამიანის ფიზიკური შრომის ნაწილი ჩაანაცვლა მექანიზაციამ, სხვა უნარები კი უფრო მოთხოვნადი გახდა. ეს არის პარალელი იმ მდგომარეობასთან, რომლის წინაშეც თანამედროვე სამყარო დგას. კაცობრიობა მზად უნდა იყოს ახალი გამოწვევებისთვის – იმ უნარების ასათვისებლად, რომელიც სხვადასხვა ალგორითმებისა და მანქანების შექმნასა და მართვას უკავშირდება. ამისთვის უნდა ვიყოთ მზად და შესაბამისად, ამისთვის უნდა იყონ მზად ჩვენი შვილები.

ავტორი: ხატია თორდუა

როდესაც ბავშვს ვსჯით… პაატა ამონაშვილის #აზრები

WATERGUNZ-ის პირველი ოქრო კიევის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე