in

როგორ ვმართოთ გუნდი, ხელმძღვანელის არყოფნის განმავლობაში?

მოდით, პირდაპირ მაგალითით დავიწყოთ. დავუშვათ, ქეითის ხელმძღვანელი მალე დეკრეტულ შვებულებაში გავა. დიდი ხანი არაა, რაც ერთად მუშაობენ, მაგრამ ქეითი გრძნობს, რომ მზადაა უფრო მაღალი პოზიციისთვის. ხელმძღვანელის არყოფნისას, სწორედ ის იღებს ბევრ პასუხისმგებლობას. როგორ მოიქცეს იმ რამდენიმე კვირის განმავლობაში, როცა ხელმძღვანელს ჩაანაცვლებს და თან, ზომიერების ფარგლებში?

ამავდროულად, როგორ წამოაჩინოს თავისი კომპეტენცია და უნარები და კომპანიის ხელმძღვანელობას საკუთარი თავი უკეთ დაანახოს?

კითხვა გონივრულია და სტრატეგიულიც. იმ პირობებში, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანის აზრით, ნამუშევარი ავტორს თავად წარმოაჩენს, ზოგჯერ საჭიროა, რომ სათანადოდ დავანახოთ საკუთარი თავი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს… და როდის უნდა ვქნათ ეს თუ არა მაშინ, როდესაც შესაბამისი შესაძლებლობა გვეძლევა?

ამასთან, სასარგებლო იქნება განვიხილოთ იმ ხელმძღვანელის მდგომარეობაც, რომელიც დეკრეტულ შვებულებაში გავიდა. ქალებისთვის არაერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია სამსახურებში, მათ შორის ერთ-ერთი ურთულესია დეკრეტული შვებულება და ის, თუ როგორ აისახება დედობა ქალზე. შეიძლება ქალი ძალიან წარმატებულიც იყოს და დედობამ მოულოდნელად დააყენოს ეჭვქვეშ მისი კომპეტენცია, ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი სიხარული კი მისთვის სამსახურებრივ ბარიერად გადაიქცეს. ამ საკითხს არაერთი კვლევა სწავლობს. დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა აღიქმება ქალის სამუშაოსადმი ლოიალურობის სიგნალად. ამრიგად, ის გამოიყენება მათი ერთგულების შემფასებლად. თავის მხრივ, კვლავაც არსებობს სტერეოტიპი იმაზე, რომ ქალი ნაკლებად არის მზად მოვალეობების შესასრულებლად, როცა მის ცხოვრებაში დედის როლი შემოდის. გარდა ამისა, რაც უფრო მეტხანს ჩამოშორდებიან ახალბედა დედები ანაზღაურებად სამუშაოს, მით უფრო მცირდება მათი დაწინაურების, მენეჯერული პოზიციის დაკავების ან ანაზღაურების მატების შანსი. ბევრს თანამდებობიდან გათავისუფლება ან დაქვეითებაც კი ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრის მტკიცებით, ასეთი სტაგნაცია ქალების სურვილების შესუსტებითაა გამოწვეული, კვლევა საპირისპიროს გვაჩვენებს – შვილის გაჩენის შემდეგაც, დედები საკმაოდ ამბიციურები არიან.

მაინც, როგორ მოვიქცეთ, როცა დეკრეტში მყოფ ხელმძღვანელს ვანაცვლებთ?

იყავით გამჭვირვალე

თუკი უფრო მაღალ პოზიციას უმიზნებთ, ამის შესახებ განაცხადეთ, მათ შორის ხელმძღვანელობასთან, HR მენეჯერთან. ხაზი გაუსვით, რომ თქვენ არა მენეჯერის პოზიციის დაკავება გსურთ, არამედ დაწინაურებით ხართ დაინტერესებული.

თქვენი კარიერული მისწრაფებების შესახებ ღია და გულწრფელი დისკუსიების გამართვას ორი უპირატესობა აქვს. ერთი მხრივ, ეს უზრუნველყოფს, რომ საჭირო ადამიანები გაიგებენ თქვენი მიზნების შესახებ და შეძლებენ გაგითვალისწინონ, როცა სათანადო პოზიცია გამოჩნდება. იდეალურ შემთხვევაში, ისინი მოგცემენ უკუკავშირს იმის შესახებ, გთვლიან თუ არა დაწინაურებისთვის შესაბამის კანდიდატად. თუ ისინი არ შემოგთავაზებენ ამ უკუკავშირს, შეგიძლიათ მიმართოთ ამისათვის. სანამ თქვენი მენეჯერი ადგილზე არ არის, ესაა თქვენთვის შესაძლებლობა ივარჯიშოთ ან დახვეწოთ ზოგიერთი საჭირო უნარი.

იმოქმედეთ

როცა თქვენს მიზნებზე ყველამ ნათლად იცის, დროა, საქმეს შეუდგეთ – აიღოთ ყველა პასუხისმგებლობა, რაც მენეჯერის არყოფნის დროს ჩაგბარდათ. აკეთეთ საქმე კეთილსინდისიერად და ეცადეთ, სარგებელი მოუტანოთ გუნდსა და ორგანიზაციას. შეგიძლიათ ახალი მიდგომებიც ცადოთ, თან ისე, რომ თქვენი ქმედებები დეკრეტში მყოფი მენეჯერის მიმართ პატივისცემას გამოხატავდეს და არ ცდილობდეს მისი კვალის წაშლას.

იყავით თქვენი მენეჯერის მოკავშირე

მოძებნეთ გზები, რომლითაც შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ თანმიმდევრული ხართ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და ისაუბროთ მენეჯერსა და მის უნარებზე. რას აკეთებს კარგად? რა უნიკალური პერსპექტივები ან გამოცდილება მოაქვს სამსახურში? დარწმუნდით, რომ გუნდში მყოფმა ადამიანებმა იციან, რომ აფასებთ მის ძალისხმევას.

ღიად ისაუბრეთ მენეჯერთან, დეკრეტიდან დაბრუნების შემდეგ

როდესაც თქვენი ხელმძღვანელი დაბრუნდება, სრულად გააცანით ყველაფერი, რაც გააკეთეთ, მისი არყოფნის დროს. ეჭვგარეშეა, მას ბევრი საქმე ექნება დაბრუნების შემდეგ, ამიტომ სასარგებლო იქნება მისთვის მოკლე, წერილობითი შეჯამება. ეს შეიძლება მოიცავდეს განახლებას საკვანძო პროექტებზე, პროცესებში ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც უნდა იცოდეს და ნებისმიერ საკითხს, რომელიც დაუყოვნებლივ საჭიროებს მის ყურადღებას.

ბუნებრივია, თქვენი დაწინაურების სურვილი კვლავაც აქტუალური იქნება. აქაც, იყავით გამჭვირვალე თქვენს მისწრაფებებსა და ძალისხმევაში.

წყარო: HBR



Fire Production-ის წარმატებული 2023 წელი

ბედნიერება სულ მოდაშია! – „კოსმოს“ კამპანია