ნახევარი საუკუნე მართლაც დიდი დროა. მსოფლიოსთან ერთად, შეიცვალა ჩვენი ინდუსტრია, თანაც იმგვარად და ისეთი სისწრაფით, რომლის წარმოდგენაც კი რთული იქნებოდა 50 წლის წინ. სტივენ კინგმა ნაშრომში, სახელწოდებით „გზამკვლევი დაგეგმვაში“, ნახევარი საუკუნის წინ ჩამოაყალიბა ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელთა გარეშეც დღეს სარეკლამო ინდუსტრია წარმოუდგენელია. გზამკვლევი განკუთვნილია სტრატეგებისა და კომუნიკაციების სპეციალისტებისთვის. კინგის ეს ნაშრომი სიღრმისეულად აღწერს სააგენტოს კრეატიულ პროცესსა და დაგეგმვის პრინციპებს.
ავტორმა ეს გზამკვლევი JWT London-ში მუშაობისას შექმნა, რათა ამ სფეროს წარმომადგენლებს მარკეტინგისა და ბრენდინგის პროცესების გააზრებაში დახმარებოდა. თავდაპირველად, დოკუმენტი საბეჭდ მანქანაზე იბეჭდებოდა და Xerox-ით ვრცელდებოდა. ბოლო წლებში კი ხელახლა აღმოაჩინეს და განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. გზამკვლევი განსაზღვრავს სტრატეგის, მედიაგეგმარების სპეციალისტისა და სააგენტოს სხვა პროფესიონალთა როლებს. მაინც, რატომ არის 1970-იანი წლების ნაშრომი დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც მაშინ?
„ეს გზამკვლევი პირველად მაგისტრატურაზე სწავლისას ჩამივარდა ხელში. თავიდან სკეპტიკურად შევხვდი, მაგრამ საბოლოოდ გონებაში ჩამრჩა ის მარტივი (და იმავდროულად რთული) სტრუქტურები, რომლებიც დღემდე ფასდაუდებელ როლს თამაშობენ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. არ ვიცი, ეს ჩემი აკვიატებაა თუ სურვილი, რომ ამ ყველაფერს აკადემიური ელფერი შეიძინოს, მაგრამ ღრმად მწამს, დადგება დრო, როცა ინფორმაციის უბრალო ფლობიდან მის გააზრებაზე გადავალთ და ამით კიდევ უფრო დაიხვეწება ჩვენი აზროვნება, სამუშაო გარემო და კლიენტებთან ურთიერთობა.
ამ გზამკვლევის წაკითხვისა და წელიწადში რამდენჯერმე გადახედვის შემდეგ, მუდმივად მაფიქრებდა – როგორ მომეხერხებინა, რომ ეს ცოდნა ქართულად ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ქართველებს არაფერი დაგვიშავებია იმის გარდა, რომ გვაქვს უნიკალური ენა, რომელზეც მსოფლიოში ძალზე ცოტა ადამიანი საუბრობს. გულით მწამს, რომ გაზიარებული ცოდნა არასოდეს იკარგება და ადრე თუ გვიან აუცილებლად პოულობს თავის ადრესატს. როგორც ეს ცოდნა ჩემამდე მოაღწია, მსურდა ახლა სხვებსაც ჰქონოდათ შესაძლებლობა, ხელის ერთი გაწვდენით ეზიარებინათ ეს მეთოდები და მიდგომები თავიანთ ყოველდღიურობაში,“ – გვიამბობს Holy Motors-ის სტრატეგიის დირექტორი გიორგი კარანაძე, რომელმაც „გზამკვლევი დაგეგმვაში“ ქართულად თარგმნა და ამ ბმულის დახმარებით, თქვენც შეგიძლიათ უფასოდ წაიკითხოთ მშობლიურ ენაზე.
M: რამდენად აქტუალურია დღევანდელი სარეკლამო რეალობისთვის „გზამკვლევი დაგეგმვაში“, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი საუკუნის წინ არის შექმნილი?
ბუნებრივია კითხვა – 1970-იან წლებში შექმნილი გზამკვლევი ხომ არ ჰგავს იმავე პერიოდის ტურისტულ ცნობარებს და რამდენად აქტუალურია დღეს? გიპასუხებთ, რომ უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. საქართველოს მაგალითზე ნათლად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაციის სფეროში ჯერ საფუძვლები შეისწავლო და მხოლოდ ამის შემდეგ მიჰყო ხელი მათ მოდერნიზაციას და საკუთარ საჭიროებებზე მორგებას.
სწორედ ეს გვაკლია დღეს – ცოდნის ის ფუნდამენტური ნაწილი, რომელსაც ან შეგნებულად, ან უნებლიეთ „გადავახტით“, არ მივანიჭეთ სათანადო მნიშვნელობა და უახლეს ინფორმაციაზე ავიღეთ ორიენტირი. ამით ბევრი რამ დაიკარგა, მოირღვა სამუშაო სისტემა და იმგვარად გადაიხარა, რომ უბრალოდ სხვადასხვა პირის სამუშაო პროცესებისა და გეგმების ანარეკლად იქცა. შედეგად მივიღეთ გარემო, სადაც არ არსებობს მკაფიო წესები და პირობები, ვერ ვთანხმდებით სამუშაოს მიმდინარეობაზე და პროცესში მრავლად გვხვდება ბუნდოვანი დეტალი, რაც მუდმივად პრობლემებს ქმნის.
სინამდვილეში კი, სტივენ კინგის ნახევარი საუკუნის წინანდელი მოდელი დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც არასდროს. არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ ციფრული კომუნიკაცია არსებობდა თუ არა – ფუნდამენტური პრინციპები უცვლელია. თანამედროვე გარემოში ადამიანთა ქცევის ცვლილებები პირდაპირ თვალწინ გვაქვს. ფაქტობრივად, ცოცხალ რეჟიმში ვაკვირდებით და შესაძლებლობა გვაქვს მუდმივად ხელი გვედოს საზოგადოების მაჯისცემაზე. ტექნოლოგიურმა წინსვლამ პროცესები დააჩქარა, მაგრამ ძირითადი პრინციპები უცვლელი დარჩა.
M: გამომდინარე იქიდან, რომ თარგმნა არ არის შენი პროფესიის საკვანძო ნაწილი, ამ პროცესზეც გვიამბე…
მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა შთამაგონებლად ჟღერდა, განხორციელების ეტაპზე სირთულეებს წავაწყდი. მაკლდა კონკრეტული, სპეციალურად გამოყოფილი დრო ამ ნაშრომის სათარგმნად და დასახვეწად. ბოლო წლების მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული უნარების განვითარება, დროის გონივრული მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. ამის მიუხედავად, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში პერიოდულად ვუბრუნდებოდი ტექსტს – ვთარგმნიდი და ვასწორებდი უკვე ნათარგმნს. თუმცა, გამოსაქვეყნებლად მზა ფორმას დიდხანს ვერ ვაძლევდი.
ამ პერიოდში გავიაზრე, რომ ცოდნას აზრი ეკარგება, თუ არ გაუზიარებ სხვებს და არ დაუბრუნდები იმ ამოსავალ წერტილს, საიდანაც დაიწყე – ცოდნა გაზიარებისთვისაა, რათა ყველას მიეცეს შესაძლებლობა გაეცნოს, განვითარდეს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საკუთარი წვლილი შეიტანოს. თარგმნის პროცესი ყოველდღიურობად ვაქციე და შევეცადე გულმოდგინე მთარგმნელად ქცეულიყავი, რომელიც სრული პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ საქმეს. საბედნიეროდ, გვერდით მყავდა შესანიშნავი ადამიანები, რომელთა გარეშეც ამ ტექსტს ვერასოდეს მივიყვანდი დასრულებამდე.
M: თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს ეს გზამკვლევი ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაზე?
დარწმუნებული ვარ, ეს გზამკვლევი ბევრისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი გახდება, როგორიც ჩემთვისაა. სჯობს, სწავლისა და ცოდნის გაზიარების პროცესს ჰქონდეს მყარი საფუძველი, ათვლის წერტილი, საიდანაც დავიწყებთ დიალოგს და პროფესიულ ურთიერთობას. ასე აღარ მოგვიწევს ველოსიპედის ხელახლა გამოგონება, რაც ხომ უამრავ დროსა და რესურსს გვართმევს. დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის იმ ეტაპზე ვიმყოფებით, როდესაც აღარ გვაქვს დასაკარგი დრო – ისედაც საკმარისი დავკარგეთ.
სარეკლამო სფეროში, სტრატეგიულ დაგეგმვაში არსებობს უამრავი სახელმძღვანელო და სამუშაო ჩარჩო. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საფუძველია – ის ამოსავალი წერტილი, საიდანაც ყველაფერი იწყება. უფრო ზუსტად, ის საყრდენი, რომელმაც სხვადასხვა პროცესს სახელი დაარქვა და ფორმა მისცა.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი









