in ,

საქართველოში ელექტრო დეზინფექციის აპარატის წარმოება იგეგმება – STERILEPro UV03

პანდემიის პირობებში, სადეზინფექციო საშუალებებმა განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინეს და ჩვენ, დღეში რამდენჯერმეც კი გვიწევს ყოველდღიური მოხმარების საგნების დეზინფიცირება. ამისთვის, ძირითადად, სხვადასხვა სითხეს ვიყენებთ. მათი ნაწილი ქლორს შეიცავს, ნაწილი კი სპირტს. ხშირად, მსგავსი სითხეების გამოყენება იწვევს სხვადასხვა ზედაპირის დაზიანებას, ხოლო აღნიშნული საშუალებების ალტერნატივად უცხოურ ბაზარზე უკვე აქტიურად იყენებენ ელექტრო სანიტაიზერებს – მოწყობილობებს, რომლებიც ულტრაიისფერი სხივების გამოყენებით, მშრალად ახერხებენ სხვადასხვა საგნისა თუ ქსოვილის დეზინფექციას. მსგავსი მოწყობილობის წარმოება იგეგმება საქართველოშიც და როგორც მოწყობილობის პროტოტიპის შემქმნელი სტარტაპერები – დავით მიზანდარი და თემო რუხაია ამბობენ, „ასეთი აპარატები მედიცინაში და სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენება, ჩვენ, უბრალოდ, საქართველოში ჩვენით გადავწყვიტეთ გვეწარმოებინა. მთავარია სწორი გათვლა და მარტივი წარმოების ხერხის პოვნა“. 

სადეზინფექციო მოწყობილობას, რომელიც საქართველოში უნდა აწარმოონ, SterilePro ჰქვია და ეს არის UV03 მოდელი. ის განკუთვნილია სახლის და ოფისის პირობებში გამოსაყენებლად. „ეს არის სამედიცინო დანიშნულების აპარატის მოდიფიკაცია სახლის პირობებში გამოსაყენებლად, რომელიც აღჭურვილია უსაფრთხოების სრული დაცვით. ზედაპირების დეზინფექცია ხდება დასხივებით, 360 გრადუსით, ხოლო დახურულ შრეებში ოზონით. რაც მთავარია, ეს ყველაფერი დადასტურებულია ლაბორატორიულად.“, – ამბობს დავით მიზანდარი.

აპარატში მარტივად თავსდება მცირე ზომის საგნები, როგორებიცაა ტელეფონი, გასაღებები, სათვალე და ა.შ. შესაძლებელია სახლის ნივთების, ბავშვის სათამაშოების, საკვები პროდუქტების დეზინფექცია.

როგორც SterilePro-ს შემქმნელები ამბობენ, მოწყობილობის სადეზინფექციო არე არის დახურული სივრცე სადაც ხდება ულტრაიისფერი ძლიერი ნათება და ამავდროულად ოზონით ორმაგი ზემოქმედება. შესაძლებელია ორი რეჟიმის არჩევა, გლუვი საგნების სწრაფი დეზინფექცია და მეორე – ქსოვილის ღრმა წმენდა (მაგალითად, პირბადის).

დავით მიზანდარი აღნიშნავს, რომ პროდუქტი მთლიანად საქართველოში იწარმოება და საზღვარგარეთ მხოლოდ გერმიციდულ ნათურებს იძენენ, რომელსაც ლაბორატორიული დასკვნები აქვს, სხვადასხვა ტიპის ვირუსებისა და ბაქტერიების განეიტრალებაზე. ამ ეტაპზე, გუნდი საწარმოო ხაზის გამართვაზე მუშაობს, საწარმო კი უკვე შერჩეულია. SterilePro-ს წარმოება ქართულ მაღალტექნოლოგიურ საამქროში KAYA იგეგმება. 

აღსანიშნავია, რომ Biletebi.ge-ს დამფუძნებელი და უკვე SterilePro-ს თანაავტორი – დავით მიზანდარი რამდენიმე თვის წინ, ელექტრონიღაბის წარმოებაზეც მუშაობდა. MIZ-MASK-ზე, რომელიც ჰაერის გასაფილტრად/დეზინფექციისთვის ასევე ულტრაიისფერ სხივებს იყენებს, ადრე მოგიყევით. აღმოჩნდა, რომ MIZ-MASK-ის წარმოებისთვის აგვისტოში ყველაფერი მზად იყო, თუმცა ბაზრის მოთხოვნები მკვეთრად შეიცვალა და აკრძალვებიც კი დაემატა. მაგალითად, ბევრ ქვეყანაში აიკრძალა სარქველიანი ნიღბების ტარება, საიდანაც ხდება ამოსუნთული ჰაერის პირდაპირ გარეთ გამოტყორცნა, რაც საფრხეს შეუქმნიდა გარშემომყოფთ იმ შემთხვევაში, თუ ნიღბის მატარებელი დაინფიცირებულია.  „მოგვიწია ყველანაირი პროცესის გაჩერება და ცვლილებების შეტანა, როგორც კონსტრუქციულ ნაწილში ასევე ელექტრონულ მართვის ბლოკში. ამ ეტაპზე, ელექტრონული რესპირატორი მზად არის წარმოებაში ჩასაშვებად და უკვე იცავს როგორც მის მომხმარებელს, ასევე გარშემომყოფთ ძლიერი ბაქტერიულ-ვირუსული დაბინძურებისგან“, – გვიყვება დავით მიზანდარი. 

ჯერჯერობით, უცნობია, როდის უნდა ველოდოთ SterilePro-ს გამოჩენას ქართულ ბაზარზე. 

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასმა“ Bureau Veritas-ის უსაფრთხოების სერტიფიკატი მიიღო

მობილური თამაშების ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის, „ბილაინი“ დეველოპერებისთვის ჰაკათონს ატარებს