რეტრო ტექნოლოგიების მოყვარულებისა და სტივ ჯობსის ფანებისთვის ეფლის ვინტაჟურ მოწყობილობებს, ექსკლუზიურ საკოლექციო ნივთებსა და მივიწყებულ ტექნოლოგიებს ერთ ვებგვერდზე მოუყარეს თავი — თანაც, ყველაფერი იყიდება. Steve Jobs and the Apple Revolution-ის კოლექციას RR Auction ყიდის და ლაივში 21 აგვისტომდე იქნება.
„ათ წელზე მეტი ხნის წინ შექმნილი საკულტო აუქციონი ეფლის ისტორიას მოგვითხრობს ავტოფარეხში შექმნილი Apple-1-დან დაწყებული, ინოვაციებამდე, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა. ჩვენ ისინი პირდაპირ ადრეული ინჟინრებისგან, თანამშრომლებისა და ელიტური კოლექციონერებისგან მოვიპოვეთ, რომელთაც ხშირად პირველად გამოაქვთ ნივთები ბაზარზე. ეს ეფლის ისტორიაა, მოთხრობილი იმ ნივთების მეშვეობით, რომლებმაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა“, — ამბობს ბობი ლივინგსტონი, აუქციონის სახლის ვიცე-პრეზიდენტი.

კოლექციაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი სრულად ფუნქციურ Apple-1-ის კომპიუტერს უკავია. ეფლის პირველი მოწყობილობაა, რომელზეც ხელს მისი შემქმნელები სტივ ვოზნიაკი და ეფლის ძველი თანამშრომელი დანიელ კოტკე აწერს. თუ eBay-ის მონაცემებს დავუჯერებთ, მხოლოდ 200 ამგვარი მოწყობილობაა შექმნილი, რომელთაგანაც 82 დღემდე არსებობს. საინტერესოა, რომ 2022 წელს თავად eBay-მ გაყიდა ერთ-ერთი Apple-1 340 100 დოლარად აუქციონზე.

ლივინგსტონი კოლექციაში არსებულ ერთ კონკრეტულ ქვითარზეც გვიყვება, რომელიც 1976 წლის 28 მარტს არის ხელმოწერილი — Check No. 6 ეფლის დაარსებამდე 4 დღით ადრე დაიწერა და მასზე ხელს სამივე თანადამფუძნებელი აწერს. ჩათვალეთ, რომ იგი ეფლის დაბადების მოწმობას წარმოადგენს.

აღნიშნულთან ერთად, Steve Jobs and the Apple Revolution-ის კოლექციაში საკმაოდ იშვიათი Lisa-ს კომპიუტერიც შეგხვდებათ, რომელიც 1983 წლის იანვარში გამოუშვეს. iPod-ის პროტოტიპი, 4-გიგაბაიტიანი iPhone და ვინტაჟური ეფლის მერჩენდაიზინგის ფართო ასორტიმენტი. ამ ყველაფრით კი ეფლის ევოლუციას მივყვებით, სტარტაპიდან გიგანტამდე.
მართალია, აუქციონის დასრულებამდე კიდევ 1 კვირა დარჩა, მაგრამ Apple-1-ის ფსონმა 100 000 დოლარს უკვე გადააჭარბა, სხვა ნივთების ღირებულება კი უპრეცედენტო რიცხვებს აღწევს.











